28 წლის მონღოლი მუნხბატ დავააჯარგალი პროფესიული სუმოს უმთავრეს რეკორდს უახლოვდება. 48-ე იოკოძუნა ტაიჰომ 1960-1971 წლებში “იმპერატორის თასის” აღება 32-ჯერ მოახერხა, ჰაკუჰოს აქტივში კი, რომელიც რიგით 69-ე დიდი ჩემპიონია, უკვე 26 იუშო იგივე მოგებული ტურნირია.
შეგახსენებთ, რომ “თეთრი ფენიქსი” ივლისის ბაშოს გამარჯვებული ვადაზე ადრე გახდა, რისი საფუძველიც ზედიზედ მოგებული 13 ორთაბრძოლა გახდა, თუმცა კი, ჰაკუჰოს ფეხი დაუცდა სუპერრეკორდისკენ მიმავალ გზაზე.
35-ე იოკოძუნა ფუტაბიამამ, რომლის ჰეგემონიაც გასული საუკუნის ოცდაათიან-ორმოციან წლებში გახლდათ დამყარებული, მიჯრით 69 (!) შერკინების მოგება მოახერხა, აი, ჰაკუჰოს შედეგიანმა სერიამ კი სტარტი ჯერ კიდევ მარტის სუპერტურნირზე აიღო და 44-ე შეხვედრაზე შეწყდა.
ნაგოიას სუპერტურნირის ბოლოსწინა დღეს მონღოლი იოკოძუნას დამწუხრება ოძეკი კისენოსატომ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ 27 წლის იაპონელმა მუნხბატ დავააჯარგალის გამწარება უკვე მეორედ შესძლო და აქ, მხოლოდ მარცხი არ იგულისხმება. საქმე ის გახლავთ, რომ 2010 წლის ნოემბერში ჰაკუჰომ “იშვიათ ტალანტთან” მაშინ წაიფორხილა, როდესაც ზედიზედ 63 ბრძოლა ჰქონდა მოგებული. არადა, მაშინ კისენოსატო მხოლოდ აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა გახლდათ.
საინტერესოა, რომ იაპონელთან მარცხის კვალად, ჰაკუჰომ წლის მე-4 კლასიკური ტურნირის ბოლო შერკინებაც დათმო. 69-ე იოკოძუნას ბაშოზე მე-2 მარცხი 70-ე “დიდმა ჩემპიონმა” ჰარუმაფუჯიმ აგემა.
იმას, რომ “თეთრ ფენიქსს” ბაშოს მიწურულს გაუჭირდა, გარკვეული საფუძველი ჰქონდა. შეჯიბრის მე-12 დღეს, ოძეკი კაკურიუსთან ჭიდილში ჰაკუჰომ კუნთი დაიჭიმა, მომდევნო დღეს კი, ოძეკი კოტოშოგიკუსთან დაპირისპირებისას მტკივნეულ ადგილს კიდევ ერთხელ მოხვდა. მიუხედავად ამისა, მონღოლ გოლიათს წარუმატებლობის ტრავმაზე გადაბრალება არც უფიქრია.
პრობლემები ჰქონდა ჰარუმაფუჯისაც. დაავანიამ ბიამბადორჯს, რომელიც “მხოლოდ” 134 კილოგრამს იწონის, არცთუ მკვრივი კოჭები მყარად დადგომის საშუალებას არ აძლევდნენ, შესაბამისად, მონღოლმა ერთბაშად ხუთჯერ წაიფორხილა. 29 წლის ჰარუმაფუჯის ძლევა ხსენებულმა კისენოსატომ, სეკივაკეებმა მიოგირიუმ და გოეიდომ და რიგითმა მაეგაშირებმა – ტაკაიასუმ და ჩიოტაირიუმ მოახერხეს.
ნაგოიას ბაშომდე ცუნატორის (იოკოძუნას ტიტულის პრეტენდენტი) არაოფიციალური სტატუსით გახლდათ “დატვირთული” კისენოსატო, თუმცა, საუკეთესო ოძეკიდ მიჩნეულმა სუმოისტმა ეს შანსი გაანიავა, რადგანაც ტურნირის მე-3, მე-5 და მე-7 დღეებში, შესაბამისად, აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩიოძანთან, აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ჩიოტაირიუსთან და სეკივაკე გოეიდოსთან დამარცხდა.
ისიც სათქმელია, რომ ამ 3 მარცხის შემდეგ, კისენოსატო მოყოჩაღდა და მიჯრით 7 გამარჯვება იზეიმა (თუმცა, ბოლოსკენ ოძეკი კოტოშოგიკუსთან დაიჯაბნა). ამასთან, იაპონელმა იოკოძუნები – ჰარუმაფუჯი და ჰაკუჰო დაამარცხა და პროფესიული სუმოს ხელმძღვანელებზე კვლავაც დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. იაპონიის სუმოს ასოციაციის პრეზიდენტმა ოიაკატა კიტანოუმის აზრით, გამორიცხული არაა, “იშვიათ ტალანტს” საშემოდგომო ტურნირის წინ, კიდევ ერთი შანსი მისცენ, მაგრამ კისენოსატოს იოკოძუნობისთვის ბრძოლა ისევ ნულიდან მოუწევს.
აიჩის პრეფექტურის ფიზკულტურის და სპორტის სასახლეში გამართულ ივლისის სუპერტურნირზე კისენოსატოს მინიმალურად ჩამორჩა ანუ 10 გამარჯვება იზეიმა ოძეკი კაკურიუმ. რაც შეეხებათ სადოგატაკეს სკოლის წარმომადგენელ ოძეკებს – კოტოოშუს და კოტოშოგიკუს, მათ აქტივში 9-9 მოგებაა.
8-8-ჯერ იმარჯვეს და სეკივაკეს ტიტულები შეინარჩუნეს მიოგირიუმ და გოეიდომ. ამასთან, ამ მებრძოლებმა, რომლებიც საკაიგავას სკოლას წარმოადგენენ, დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) მხოლოდ ბაშოს დასკვნით დღეს დააფიქსირეს.
რანგით მე-4 იერარქიულ წოდებას (კომუსუბი) ემშვიდობებიან შოჰოძანი და ტოკიტენკუ. “ფიჭვის ფენიქსმა” 8 მარცხი განიცადა, ხოლო “დროის კაბადონმა” ერთბაშად – 11. სანიაკუში (სიმბოლური კატეგორია, რომელიც იოკოძუნას, ოძეკის, სეკივაკეს და კომუსუბის ტიტულებს აერთიანებს) შოჰოძანს და ტოკიტენკუს ტოჩიოძანი და ტაკაიასუ ჩაანაცვლებენ.
23 წლის ტაკაიასუ, რომელიც კისენოსატოს დარად ნარუტოს სკოლის წარმომადგენელია, მებრძოლი სულის გამოვლინებისთვის გათვალისწინებული სპეციალური ჯილდოთი (შიუკუნ-შო) დასაჩუქრდა, მას შემდეგ, რაც ჰარუმაფუჯის, კაკურიუს და კოტოოშუს აჯობა. სამაგიეროდ, არავის გადასცემია მებრძოლი სულის გამოვლინებისთვის და ტექნიკური ასპარეზობისთვის დაწესებული პრიზები – გინო-შო და კანტო-შო.
ივლისის ტურნირზე მხოლოდ 3 გამარჯვება იზეიმა უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე წევრმა ქართველმა გაგამარუმ. 26 წლის თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც ორ ცენტნერზე მეტს იწონის, დასავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულს გაცილებით უარეს წოდებაზე გაცვლის.
10 მოგება მიითვალა 192-კილოგრამიანმა ბულგარელმა გიგანტმა აოიამამ, ხოლო რუსმა არანმა თავი 8 გამარჯვებას მოუყარა, თუმცა, გაგამარუსგან განსხვავებით, ამ ევროპელ სეკიტორებს იოკოძუნებთან და ოძეკებთან ჭიდილის პატივი არ ჰქონიათ.
ნაგოიაში დოჰიოზე ვერ ვიხილეთ ესტონელი სუმოისტი ბარუტო. კაიდო ჰოოველსონი აიჩის პრეფექტურაში კი ჩავიდა, თუმცა, ხანგრძლიფი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მაისში ნატკენი მუხლი აღარ დაეტვირთა. ახალი ბანძუკეს შედგენისას, ბარუტოს გამოტოვებულ ბრძოლებში წაგებები ჩაეთვლება, ამდენად, ასპარეზობა უკვე რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში მოუწევს.
მაკუუჩის დატოვებას ვერ გადაურჩება ქართველი ტოჩინოშინიც. ლევან გორგაძემ მარჯვენა მუხლის მყესები ივლისის სუპერტურნირის მე-5 დღეს დაიზიანა და შეჯიბრს იძულებით გამოეთიშა. კიდევ უფრო სამწუხარო კი ის გახლავთ, რომ სავარაუდოდ, ტოჩინოშინი მომჯობინებას ვერც სექტემბრის ბაშოსთვის მოასწრებს, ამდენად, მას საქმეში მომავალ
ძურიოში დაქვეითდებიან ასევე ტრავმირებული ჩიონოკუნი და დაიდო, რომელმაც ერთბაშად 14 მარცხი განიცადა. ალბათ, ელიტაში დარჩებიან ტამაასუკა, ტამავაში და სოკოკურაი, ამდენად ძურიოდან დაწინაურება მხოლოდ ტოჩინოვაკას, ტენკაიჰოს და ენდოს ელით. თუმცა, ვინაიდან მაკუუჩის და ძურიოს შორის რაოდენობრივი ბალანსი დაცული უნდა იქნეს, ბანძუკეს შემდგენ კომისიას ქვედა დივიზიონიდან კიდევ 1 სუმოისტის აღზევება მოუწევს. მოსალოდნელია, რომ ამ შემთხვევაში, არჩევანი ექს-კომუსუბი ჰომაშოზე შეჩერდება.
აქვე ოიტეკაძე-ბეიას წარმომადგენელ 22 წლის ენდოზეც ვთქვათ, რომელმაც ძურიოში ყველას ერთი ამოსუნთქვით აჯობა. იგი გასული წლის შემოდგომაზე მოყვარულთა შორის იაპონიის ჩემპიონი გახდა, პროფესიულ სუმოში დებიუტი კი მხოლოდ წლეულს მარტში ჰქონდა. მოკლედ, იაპონელებს კიდევ ერთი საინტერესო სუმოისტი გამოუჩნდათ. და ერთიც. ენდოს ქართული სახელი შოთა ჰქვია, რომელიც მას ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის – შოთა ჩოჩიშვილის საპატივცემულოდ უწოდეს.
მე-3 ლიგა მაკუშიტაში პირველობა არავის დაუთმო 19 წლის გოსიმ, 124-კილოგრამიანმა მებრძოლმა, რომელსაც სუმო სისხლსა და გენებში აქვს გამჯდარი. არასიოს სკოლის აღზრდილის ბაბუა ვაკაბაიამა კომუსუბის ტიტულის მატარებელი გახლდათ, მამა მაკუშიტაში ასპარეზობდა, ხოლო უფროსი ძმა – მე-4 დივიზიონ სანდანმეში.
დასასრულ შეგახსენებთ, რომ სუმოს ასოციაცია განახლებულ რეიტინგს იგივე ბანძუკეს 2 სექტემბერს გამოაქვეყნებს, ხოლო საშემოდგომო აკი ბაშო 15-29 სექტემბერს სუმოს მექად წოდებულ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” შედგება.