17 მარტს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მინისტრის პირველი მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილი ცნობილ უნგრელ მოჭადრაკეს იუდიტ პოლგარს შეხვდნენ.
შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძეც დაესწრო. მხარეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის საჯარო სკოლებში ჭადრაკის სწავლების და განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
იუდიტ პოლგარი 16 მარტს, მთაწმინდის პარკში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ზურაბ აზმაიფარაშვილის ევროპის საჭადრაკო ფედერაციის საარჩევნო კამპანიის ოფიციალური პლატფორმის წარდგენას დაესწრო – ლეგენდარული უნგრელი მოჭადრაკე თბილისში სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
ზურაბ აზმაიფარაშვილმა წარადგინა იმ ადამიანთა ნაწილი, ვისთან ერთადაც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში იბრძოლებს. არჩევნების წესდების თანახმად კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, კანდიდატად მხოლოდ გუნდთან ერთად რეგისტრირდება. იუდიტ პოლგარი აზმაიფარაშვილის გუნდის წევრი იქნება.
ევროპის ჭადრაკის ფედერაციის არჩევნები 12 აგვისტოს ტრომსოში (ნორვეგია) გაიმართება. პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლებს ევროპის ჭადრაკის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი სილვიო დანაილოვი. კანდიდატთა დარეგისტრირების ვადა 5 მაისს იწურება.
ზურაბ აზმაიფარაშვილის საარჩევნო კამპანიის ოფიციალური პლატფორმის წარდგენას ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი, საბერძნეთის და მონაკოს ჭადრაკის ფედრაციის პრეზიდენტები დაესწრნენ. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს ექს-პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ჭადრაკში მსოფლიო 5-გზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდია.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური