საქართველოს ძიუდოისტთა ასაკობრივი ნაკრების წევრების დისციპლინარულ დარღვევებს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი და დისციპლინარული კომისია განიხილავს.
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში შეკრებაზე მყოფი საქართველოს ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებების მხრიდან ადგილობრივი უნივერსიტეტის საცხოვრებელში დაფიქსირებულ სხვადასხვა დარღვევებზე ინფორმაცია მასობრივი მედია-საშუალებებით 29 ნოემბერს გავრცელდა.
ამ ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ახალგაზრდა და ჭაბუკთა ნაკრების წევრებმა ტოკიოში ცუკუბას უნივერსიტეტის შიდაგანაწესი დაარღვიეს, რაც შემდგომ გუნდის ტოკიოდან საქართველოში ვადაზე ადრე დაბრუნების მიზეზი გახდა.
შიდაგანაწესის დარღვევა – ხმამაღალ საუბარში, მუსიკის სმენაში და ველოსიპედებით დაშვებულ ზომაზე სწრაფად გადაადგილებაში გამოიხატა, რასაც ის ფაქტიც დაემატა, რომ ერთ-ერთმა სპორტსმენმა სასტუმროში უნებლიედ ცეცხლმაქრი საშუალება აამუშავა.
მომხდარის შემდეგ, ორივე ნაკრები უკვე დაბრუნდა თბილისში. ჭაბუკთა და ახალგაზრდული გუნდები იაპონიაში 11 ნოემბერს გაემგზავრნენ ორკვირიან შეკრებაზე. მათ თავიდან ცუკუბას უნივერსიტეტში უნდა ევარჯიშათ, შემდეგ კი კოდოკანში უნდა გადასულიყვნენ და იაპონელთა ახალგაზრდულ გუნდთან ერთად გაევლოთ შეკრების დასკვნითი ნაწილი.
მომხდარის შესახებ კომენტარი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა გააკეთა.
ლევან ყიფიანი: “ადგილი ჰქონდა დისციპლინარულ დარღვევას ახალგაზრდა ძიუდოისტების მხრიდან. ჩვენ თავიდანვე მივიღეთ ზომები და იაპონიაში საქართველოს საელჩოსთან ერთად ჩავერთეთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
შესაბამისად, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია იმსჯელებს ამ ყოველივეს შესახებ, ფედერაციის აღმასკომი და სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და დაადგენს ზუსტ დეტალებს თუ კონკრეტულად რა მოხდა ტოკიოში. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ფედერაციის მხრიდან გადაწყვეტილებების მიღება”.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური