საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის აზრით, ამ ეტაპზე საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდა არარეალურია. ამის შესახებ მან სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლევან ყიფიანი: “ადრეც მითქვამს და ახლაც ვიძახი, რომ საქართველოს ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის გაზრდა არარეალურია. იმ პრობლემების ფონზე რაც ფეხბურთშია, გუნდების რაოდენობის გაზრდაზე საუბარი სპეკულიაციაა. სახელმწიფოს პოზიცია ასეთია. სახელმწიფოს ფეხბურთის დახმარება სურს, მაგრამ გუნდების რაოდენობის გაზრდა არ განიხილება. მსურს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს ამ სპეკულიაციებს, რომლებიც მოსახლეობას სიმშვიდეს ურღვევენ და პროვოკაციადაც კი შეგვიძლია შევაფასოთ. გუნდების რაოდენობის გაზრდა ეს არის კონკრეტული პირების ინტერესი, რომლებიც ქართულ ფეხბურთში საქმიანობენ. სამთავრობო კომისიას ქვეკომისიამ უნდა წარუდგინოს ფეხბურთის განვითარების პროექტი. ამ შემთხვევაში საუბარი არაა იმაზე თუ როგორი ჩემპიონატი სჯობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას პროექტი არ აქვს და მხოლოდ თეზისებით შემოიფარგლება ის რაც წარმოადგინა. უნდა შევიმუშავოთ პროექტი, სადაც ჩამოყალიბებული იქნება თუ რა უნდა გაკეთდეს ბავშთა ფეხბურთის, ჩემპიონატის, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების განვითარებისათვის. ამ სპეკულაციებით ვიღაცას სურს, რომ სამინისტროსა და კლუბებს შორის ურთიერთობა დაძაბოს. ფეხბურთის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი დაიდება, რომელიც გამჭვირვალე იქნება. ჩვენი პოზიცია არაერთხელ გამოგვითქვამს, რომ 16 ან 18 გუნდიანი ჩემპიონატი არარეალურია. ეს ყოველდღიური შეხვედრები და მითქმა-მოთქმა გვერდზე უნდა გადავდოთ. პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ფეხბურთის ფედერაციამ და იმ სუბიექტებმა უნდა მოამზადონ, ვინც ჩართულია ამ საქმეში. მთვარობის სხდომაზე ეს საკითხი იმიტომ წამოვწიე და შემდეგ სპეციალური განცხადებაც გავაკეთე, რომ გუნდების რაოდენობის გაზრდა-არგაზრდაზე სპეკულაციები დასრულებულიყო”.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო “მეწველი ძროხა” არასოდეს გახდება და მხოლოდ იმ პროექტს დააფინანსებს, რომელიც რეალურად ორიენტირებული ფეხბურთის განვითარებაზე იქნება:
“სახელმწიფო “მეწველი ძროხა” არასოდეს გახდება. სახელმწიფო დააფინანებს იმ პროექტს, რომელიც სიცოცხლისუნარიანი და რეალურად ფეხბურთის განვითარებაზე ორიენტირებული იქნება. ჯერ არავინ არაფერს აფინანსებს. განვითარება იმ ნიშნულიდან უნდა დავიწყოთ რაც გვაქვს. რამდენიმე პრობლემაა გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებით. ყველა გუნდი თამაშების ჩაწყობაზე საუბრობს. ილია კოკაიამ თავისი შეხედულება გამოთქვა ფეხბურთის განვითარებაზე და “თავს დაესხნენ” - სამინისტრო კოკაიას პროექტის დაფინანსებას აპირებსო.
ჩვენ ყველას მოვუსმენთ და საჭიროა, დეტალებამდე ჩავიდეთ. გლობალურად უნდა შევაფასოთ რა გვიჭირს, რა გვჭირდება, რა რესურსები გვაქვს. ასე არ გამოვა, რომ სახელმწიფომ ფული გამოყოს და შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტში მივიდეს, რათა განაცხადოს: “სახელმწიფო ფულს მაძლევსო”. ყოველივე მიზანმიმართულადაა განსახორიცელებელი და ამაში სახელმწიფო მონაწილეობას მიიღებს. ვინც ამ მიმართულებით არ წამოვა, თავისი გზით წავიდეს.
საერთოდ პრობლემებია კლუბების მენეჯმენტში და საფეხბურთო მეურნეობაში. უეფასთან შეთანხმებული ვართ, რომ სამი სუბიექტი – უეფა, ფეხბურთის ფედერაცია და სამინისტრო განახორციელებს განვითარების პროექტს. ვაპირებთ უეფას წერილი მივწეროთ და შევატყობინოთ, სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ. პრობლემების გადასაწყვეტად უეფას წარმომადგენელსაც. მოვიწვევთ. ამ ფორმატში მუშაობა უეფამ შემოგვთავაზა. ”.
ყიფიანისთვის თბილისის “დინამოს” პრეზიდენტის რომან ფიფიას შეხედულებაც ცნობილია საქართველოში ფეხბურთის განვითარების შესახებ.
“ფიფიას ვხდები ხოლმე და მზადაა თავისი შეხედულება წარმოადგინოს. თუმცა, არა მგონია ის სრულყოფილი იყოს. რადგან პროექტები ერთ კვირაში არ იწერება” – თქვა მან.
მინისტრმა განმარტა, რომ სამთავრობო კომისიისთვის წარდგენილი პროქტი 5-წლიანი უნდა იყოს და საბოლოო ჯამში, გუნდები კერძო უნდა გახდეს. კლუბებთან საფეხბურთო აკადემიები შეიქმნას და მწვრთნელებს განვითარების საშუალება ჰქონდეს.
პრესკონფერენციაზე ყიფიანს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებაზეც დაეკითხნენ, რომელის თანახმად ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციას პრეზიდენტად კენჭს იყრის.
“კობიაშვილს ვესაუბრე და მას ჯერ არ გადაუწყვეტია. კალაძეს თავისი მოსაზრება აქვს. მეც ჩემი მოსაზრება მაქვს ხუდონთან დაკავშირებით. თან, დადებითი”.