ჭადრაკი

21:17 | 4.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანი მოჭადრაკეებს შეხვდა

4 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრებებს შეხვდა. აღნიშნული ნაკრებები, რომელთა შემადგენლობებში არიან: (ქალბატონები) ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ხურციძე, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე; (ვაჟები) ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი, ლევან ფანცულაია, გაიოზ ნიგალიძე, 8 ნოემბრიდან ვარშავაში დაგეგმილ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

ლევან ყიფიანი: “მიღწეული წარმატებებიდან გამომდინარე, ჭადრაკი საქართველოში ყოველთვის თითით საჩვენებელ სახეობად ითვლებოდა. ამიტომ, ჭადრაკის სასახლეში მოსვლა ყოველთვის ამაღელვებელია. ამგვარი ტრადიცია გვავალდებულებს უფრო მეტს მივაღწიოთ. ქვეყანაში მომხდარი ცვლილებების შემდეგ ჭადრაკის ფედერაციის გეგმის განხორციელება უნდა შევძლოთ. ამ ცოტა ხნის წინათ, 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებიც ასევე ევროპის ჩემპიონი გახდა, გუშინ ხელბურთელებმა ფინეთს მოუგეს, მომავალ წარმატებას კი მოჭადრაკეებისგან ველით...”

მინისტრის გარდა სიტყვით გამოვიდნენ მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, მინისტრის მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და სხვები, რომლებმაც ნაკრების წევრებს წარმატება უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ 2003 წლის ევროპის მე-13 გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების (ზურაბ აზმაიფარაშვილი, ბაადურ ჯობავა, მერაბ გაგუნაშვილი, მიხეილ მჭედლიშვილი, გიორგი ყაჭეიშვილი) მიერ მე-3 ადგილის დაკავებისთვის (არც მანამდე და არც შემდგომში ვაჟთა ნაკრებს ანალოგიური წარმატება არ ჰქონია) იმდროინდელი ნაკრების წევრებს პრიზები და საჩუქრები ლევან ყიფიანმა დღეს გადასცა.

0.444226