ძიუდო

20:48 | 1.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანი: “ძიუდოისტების პრობლემის მოსაგვარებლად სამინისტრო აქტიურად მუშაობს”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ესტუმრნენ, მინისტრ ლევან ყიფიანს შეხვდნენ და ერთობლივ პრესკონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. რამდენიმე დღის წინ ევროპის ჩემპიონატი დასრულდა და მთავარი სასაუბრო თემა წესით სწორედ ევროპირველობის შეჯამება უნდა ყოფილიყო, მაგრამ სტუმარ-მასპინძლებმა ძირითადი ყურადღება იმ თემას დაუთმეს, რომელიც გუშინ, ძიუდოს ფედერაციის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაჟღერდა. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში დაწყებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების გამო ძიუდოისტებისთვის ყველა იქაური დარბაზის კარი დაიხურა და ალტერნატიული დარბაზიც არ არსებობს, რომელშიც სპორტსმენები სრულყოფილად მომზადებას შეძლებენ.

ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა სახელმწიფოს პრობლემის მოგვარება მოსთხოვა, მაგრამ გუშინდელ პრესკონფერენციას სამინისტროს ხელმძღვანელთაგან არავინ დასწრებია. დღეს კი თავად ქევხიშვილი ვერ მივიდა სპორტის სამინისტროში, რადგან საზღვარგარეთ გაემგზავრა.

ლევან ყიფიანთან ერთად სტუმრებს სპორტის მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ და სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ უმასპინძლეს.

“საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი რეალური ძალა. ევროპირველობის დღეებში აზერბაიჯანში ვიყავი კონფერენციაზე და ცხადია, მუდმივი კავშირი მქონდა მონპელიესთან. სიამაყით ვარ აღვსილი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძიუდო ჩვენი სავიზიტო ბარათია. მადლობა ამ სიხარულის მონიჭებისთვის ნაკრების თითოეულ წევრს და ყველას, ვისაც ამ შედეგში წვლილი მიუძღვის” – განაცხადა ლევან ყიფიანმა და იქვე დარბაზის პრობლემასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი:

“სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ დარბაზის საკითხი კვლავ მტკივნეულ თემად რჩება. დიღმის აკადემიაში სარემონტო სამუშაოები დაიწყო და იქ ვარჯიში მომავალ წლამდე შეუძლებელი იქნება. დროებით სამბოს დარბაზში გიწევთ ყოფნა, მაგრამ ვიცი, რომ ეს საკმარისი არაა ნაკრების სრულყოფილად მოსამზადებლად და საუკეთესო გამოსავლის მოსაძებნად აქტიურად ვმუშაობთ. ახლა მთავარია, რეალური ვარიანტი გამოიძებნოს და დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ყველაზე მისაღები პირობები მოვძებნოთ” – დასძინა მინისტრმა.

ყიფიანს ძიუდოისტების შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის შემდგომი ვიზიტი შეახსენეს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, როდესაც ნაკრების წევრებმა ძიუდოისტებს ახალ სპორტულ კომპლექსს შეჰპირდნენ, მაგრამ სიტყვა საქმედ არ ქცეულა.

სპორტის მინისტრმა აღნიშნა, რომ მართლაც უნდა აშენებულიყო კომპლექსი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე და ბიზნესმენთან წინასწარი მოლაპარაკებაც მიღწეული იყო, მაგრამ დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა და პროექტიც ჩაიშალა. შესაბამისად, ამ ეტაპზე კონკრეტული ვარიანტი აღარ არსებობს. თუმცა სამინისტრო ალტერნატიულ გზას ეძებს და არაფრით დაუშვებს, რომ ძიუდოისტებს მოსამზადებელ პროცესში ხელი შეეშალოთ.

ლევან ყიფიანი დარბაზის პრობლემასთან დაკავშირებით ნაკრების წევრების აზრითაც დაინტერესდა, მაგრამ ვიდრე მათ სათქმელს მოისმენდა, ჟურნალისტებს დარბაზი დაატოვებინეს.

დახურულ კარს მიღმა საუბრის შემდეგ ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ ძიუდოს ინფრასტრუქტურის საკითხი მოკლე დროში მოგვარდება. პირველ ეტაპზე, ძიუდოს ნაკრებებისათვის თბილისში ალტერნატიული სავარჯიშო დარაბაზი გამოინახება, შემდეგ კი დღის წესრიგში ახალი, სრულფასოვანი ბაზის აშენება დადგება. ნაკრების წევრებმა კი აღნიშნეს, რომ პრობლემა აუცილებლად უახლოეს მომავალში უნდა მოგვარდეს.

 

0.181518