68 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე საქართველოს სამბისტთა ნაკრების წევრი ლევან ნახუცრიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
სეზონის უმთავრესი შეჯიბრება სანქტ პეტერბურგში 22 ნოემბერს დაიწყო და 24-ის ჩათვლით გაგრძელდება. გუშინ ხალიჩაზე ექვსი ქართველი სამბისტი გავიდა და მათგან მედალი მხოლოდ ერთმა აიღო. მსოფლიოს ჩემპიონატის მიმომხილველი ოფიციალური ვებ გვერდის მიერ გავრცელებული მწირი ინფორმაციის მიხედვით მარტო იმას ვგებულობთ, რომ ლევან ნახუცრიშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბულგარელი მარტინ ივანოვი დაამარცხა.
საქმეში გივი ნადარეიშვილი (52 კგ), გიორგი ბაინდუროვი (90 კგ), ნიკო ბიბილაშვილი (100 კგ – საბრძოლო სამბო), შორენა შარაძე (60 კგ) და ნინო ოძელაშვილიც (72 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ საპრიზო სამეულს მიღმა დარჩნენ.
დღეს ოთხი ქართველი იჭიდავებს: ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ), კახა მამულაშვილი (74 კგ) და ლაშა გურული (100 კგ) სპორტულ სამბოში, ხოლო დავით ჭაბუკაშვილი (82 კგ) – საბრძოლო სამბოში.