რაგბი

19:48 | 17.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი “ლელოსა” და “მომავლის ნაკრებზე”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობამ, საშობაო არდადეგები დაასრულა და სეზონის მეორე, უმნიშვნელოვანესი ნაწილისთვის მზადებას შეუდგას.

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე გათამაშების ლიდერმა თბილისის “ლელომ”, მზადება 17 იანვარს განაახლა და წესისამებრ, გუნდის წევრები, საწყის ეტაპზე, უმთავრესად, ფიზიკური კონდინციების ამაღლებაზე იზრუნებენ. “მსოფლიო სპორტი” “ლელოს” მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილს, რომელიც ამავდროულად საქართველოს “ა” ნაკრების მემკვიდრე “მომავლის საქართველოს” მწვრთნელიცაა (სადაც მხოლოდ 25 წლამდე მორაგბეები ითამაშებენ), უწინარესად, კლუბის მიერ სეზონის პირველ ნაწილში ჩატარებულ თამაშებზე დაეკითხა.

-       საჩემპიონო წლისგან განსხვავებით, ეს სეზონი საკმაოდ შეცვლილი შემადგენლობით დავიწყეთ. გუნდი 9 ისეთმა მორაგბემ დატოვა, რომელთა ნაწილიც, სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეები იყვნენ, ნაწილი კი, უახლოესი რეზერვი. ზოგმა კარიერა სხვა კლუბში გააგრძელა, ნონო ანდღულაძემ თამაშს თავი დაანება და ჩვენთან ფიზმომზადების მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. მოკლედ, ფაქტობრივად, ახალი გუნდის ფორმირება მოგვიწია.

მიუხედავად ამისა, შევძელით და რეგულარული პირველობის განვლილი 2/3-ის შემდეგ, გუნდი პირველ ადგილზეა. თუ არ ჩავთლით პირველ ტურში განცდილ მოულოდნელ მარცხს, რომლის შემდეგაც სიტუაციის გამოსწორება მოგვიხდა, მესამე-მეოთხე ტურიდან, ეს პირველობა არც დაგვითმია. აღსანიშნავია ისიც, რომ განვლილი 12 ტურიდან, გუნდის ლიდერი ლაშა ხმალაძე, მხოლოდ ბოლო სამ შეხვედრაში დაგვეხმარა - მანამდე ტრავმა აწუხებდა. ყველა ამ პირობის ერთობლიობამ და შეთამაშების პრობლემამ გამოიწვია ის, რომ პირველ ტურში, “ყოჩებთან” მოულოდნელი მარცხი განვიცადეთ.

თუმცა, მთლად ასეც არაა საქმე. ამ გუნდთან ჩვენ მეორე შეხვედრაც დავთმეთ და გაჩნდა აზრი, რომ ის ჩვენთვის უხერხული მეტოქეა, მაგრამ მე ასე არ ვიტყოდი. მათთან ორივე შემთხვევაში ჩვენი სულელური შეცდომების გამო დავმარცხდით. პირველი მატჩის პირველ ტაიმში, მეტოქეს აბსოლიტურად ყველაფერში ვჯობდით, მეორე ნახევარში კი ტაქტიკური შეცდომები დავუშვით. ქარი მეტოქის სასარგებლოდ უბერავდა და ნაცვლად ხელდახელ თამაშისა, ფეხი დავარტყით და მეტოქეს ქულების აღების საშუალება მივეცით. “ყოჩებმა” ოთხი არეკნი გაიტანა, რაც ერთი თამაშისთვის ძალიან ბევრია და მეტოქესაც გაუმართლა. ამ ყველაფერმა კი, მატჩის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა.

-       “ყოჩებთან” მეორე მატჩში რა მოხდა: გუნდმა დასკვნით 8 წუთში 17-ქულიანი უპირატესობა რომ დაკარგა და 19 ქულა გაუშვა (3 ლელო და 2 გარდასახვა)?

-       ბოლო 8 წუთის გარდა, მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ და პირველი მარცხისთვის პასუხიც გაცემული იყო, მაგრამ... ბიჭები იმდენად დარწმუნებული იყვნენ, რომ თამაში მოგებული იყო, უბრალოდ გაჩერდნენ და ამის გამო დავისაჯეთ. თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, მხოლოდ მოგება კი არა, პრემიალური ქულის აღებაც გარანტირებული გვქონდა. პირველი ლელო რომ გავუშვით და ეს პრემიალური ქულა იკარგებოდა, მის დასაბრუნებლად ბიჭებმა ისტერიული თამაში დაიწყეს, რამაც შეცდომები გამოიწვია და პრემიალური ქულა კი არა, მოგებული თამაში წავაგეთ.

ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ და შესაძლოა, ეს მარცხი, ეს გაკვეთილი, უკეთესობისკენ წაგვადგეს. წინ უმნიშვნელოვანესი თამაშებია პლეი ოფის ჩათვლით და ეს მარცხი ჭკუის სწავლებელი იქნება. მათ უკვე იციან, ზედმეტი თავდაჯერებულობა როგორი დამღუპველია. ფაქტია, რომ დაუჯერებელი რამ მოხდა. მანამდე, ამას ისინი ვერ დაიჯერებდნენ და ალბათ, არც მე დავიჯერებდი, მაგრამ ახლა საკუთარ თავზე გამოვცადეთ, რომ მსგავსი რამ შესაძლებელია. ამრიგად, გრძელვადიან პერსპექტივაში, “ყოჩებთან” მარცხმა, შესაძლოა, ბევრად უფრო დადებითი შედეგი მოგვიტანოს, ვიდრე ეს მარცხი იყო.

მთლიანობაში, სეზონის განვლილი ნაწილით მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან ფაქტია, რომ პირველ პოზიციას ვინარჩუნებთ. თანაც, განსაკუთრებით ბოლო მატჩებში, სასტარტო შემადგენლობის დაახლოებით 40 პროცენტი ტრავმირებული იყო და ხშირად გვიწევდა არა მხოლოდ “ესპუართა” გუნდიდან, არამედ ჭაბუკთა “ა” ლიგის გუნდიდან მორაგბეების დამატება. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამოცანას კარგად გაართვეს თავი და რუსთავის “ხარებს”, თითქმის შეცვლილი შემადგენლობით, დამაჯერებლად მოვუგეთ. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს იმის იმედს მაძლევს, რომ მათზე ნდობა შეიძლება, უფრო დახვეწენ ოსტატობას და უკეთაც ითამაშებენ, რაც ამავდროულად, გუნდში კონკურენციის ზრდასაც შეუწყობს ხელს.

-       თავადაც თქვით, რომ წინ სეზონის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და როგორ მოემზადება “ლელო” საგაზაფხულო ეტაპისთვის?

-       სამწუხაროდ, ამჯერადაც დამოკიდებული ვართ ეროვნული, 7-კაცა და ახალგაზრდული ნაკრების შეკრებებზე. ეს, გარკვეული კუთხით, ხელს შეგვიშლის, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა, რადგან უწინარესი ამოცანა, მაინც ჩვენი ნაკრებების წარმატებული თამაშია. სამი მორაგბე ეროვნულ გუნდშია, ოთხი 19-წლამდელთა გუნდში და ორიც 7-კაცა ნაკრებში. ისინი იქ მოემზადებიან, მაგრამ ჩვენი გეგმები ნაწილობრივ მაინც შეიცვლება. მეტ-ნაკლებად, ყველა გუნდი ასეთ სიტუაციაშია და ამ მხრივ, საწუწუნო, პრინციპში არც არაფერია.

ამ ეტაპზე, გუნდი ფიზიკური კონდინციების გაუმჯობესებაზე მუშაობს. გლდანში საკმაოდ დიდი, კარგი კომპლექსია და იქ ვემზადებით. იქ მოსამზადებლად ყველანაირი პირობა გვაქვს და კვირაში 3 დღე ვარჯიშები მანდ გვექნება. ორი დღე მოედანზე ჩატარდება ვარჯიშები, სადაც უმეტესად, მაინც ფიზიკურ კონდინციებზე ვიმუშავებთ და საქმეში ბურთსაც ჩავრთავთ. ერთი დღე კომბინირებულ ვარჯიშებს დაეთმობა, ერთი დღე კი, ბიჭებს დასვენება ექნებათ. ფიზიკური კონდინციების გაუმჯობესების შემდეგ, ვარჯიშების ინტენსივობა და ხასიათი შეიცვლება.

-       სეზონის მეორე ნაწილის წინ, შეკრებას ხომ არ გეგმავთ?

-       ორი მიზეზის გამო, შეკრებას ვერ ვგეგმავთ. ჯერ ერთი, წამყვანი მორაგბეების გარეშე ამას აზრი არა აქვს. მეორე ფინანსური მხარეა. არ ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ უცხოური შეკრება გავიაროთ, საქართველოში კი, მისი მოწყობა პრობლემურია. პლეი ოფის ეტაპამდე არა და მერე, სავარაუდოდ, თბილისში მოვაწყობთ შეკრებას.

-       ფინანსური პრობლემა ახსენეთ და იმ სახელმწიფო პროგრამამ, რომლის მიხედვითაც უმაღლესი ლიგის გუნდებმა თანაბარი თანხა მიიღეს, “ლელოს” რა დახმარება გაუწია?

-       ეს იყო ჩვენთვის დროული დახმარება, ასე ვთქვათ, სასუნთქი. ჩვენთვის და ჩვენი მსგავსი გუნდებისთვის, რომლებიც პროფესიულ რელსებზე ვცდილობთ გადასვლას, ამ თანხას მართლაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ცუდად არავინ გამიგოს და, იმ გუნდებისთვის, რომელთა ბიუჯეტიც 100 ათასზე მეტი არასდროს ყოფილა, ეს დახმარება კიდევ უფრო მეტს ნიშნავს. სიმართლე გითხრათ, ჩემპიონობას ჩვენთვის ფინანსური კუთხით დიდი არაფერი მოუტანია. გაურკვეველი და სასაცილო შეფარდებაა პრემიალური თანხის პირველი და მეორე ადგილზე გასული გუნდებისთვის. სულ 8-9 ათასია სხვაობა და ფინანსური კუთხით, ამით დიდი უპირატესობა არ მიგვიღია. არც ისე ყოფილა როდისმე საქმე, რომ შენ ჩემპიონი ხარო და ვინმეს სპონსორობის დიდი სურვილი გამოეთქვას. სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ასეა. სახელმწიფო პროგრამით მიღებული თანხა საჭირო მინიმუმს აკმაყოფილებს, მაგრამ ამბიციური გეგმების მქონე გუნდისთვის, ეს საკმარისი მაინც არაა.

-       წელს გამორჩეულად დაძაბული ჩემპიონატი გვაქვს და ვინ იქნებიან “ლელოს” მთავარი კონკურენტები ჩემპიონობისთვის ბრძოლაში?

-       “არმია”, “ლოკომოტივი” და “აია”. ჩემი აზრით, ეს ის სამი გუნდია, რომლებიც ჩვენთან ერთად ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. ამბიცია და პრეტენზია, ალბათ, სხვებსაც ექნებათ, რადგან ერთ თამაშში, შესაძლოა, ყველას გაუმართლოს. სიმართლე გითხრათ, ჩვენი სისტემა მაინცდამაინც არ მომწონს. არასერიოზულად მიმაჩნია, რომ ათგუნდიან ჩემპიონატში, პლეი ოფში ექვსი გადიოდეს. ფაქტობრივად, მესამეადგილოსან გუნდს მეექვსესთან არანაირი უპირატესობა არა აქვს, რადგან ჩვენს ჩემპიონატში შინ და გარეთ თამაშს, ფაქტობრივად, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. შესაძლოა, უფრო გაგიხარდეს ქვედა ადგილზე რომ გახვალ, რადგან მოედნის ფულს მაინც არ გადაიხდი.

-       ჩემპიონატის განახლებამდე, “ლელოს” შემადგენლობაში ცვლილებები თუ იქნება?

-       რა გუნდიც გვყავდა, იმავე შემადგენლობით ვითამაშებთ. დუბლშემადგენლობის “ა” ლიგის რამდენიმე მოთამაშეზე მაქვს გათვლა და შესაძლოა, ისინი პირველ გუნდში დაწინაურდნენ, თუმცა, იმდენად დატვირთული სეზონია, რომ, სანამ “ალაფა” არ დასრულდება, მათი გამოყენების შანსი, პრაქტიკულად არ მექნება. არიან ისეთი ბიჭები, რომლებიც ტექნიკური და ფიზიკური მონაცემებით თავიანთ პოზიციაზე ჩვენი გუნდის მორაგბეებს კონკურენციას ახლავე გაუწევენ და ეს ძალიან კარგია.

-       საქართველოს “ა” ნაკრების ნაცვლად, თქვენ ივნისისთვის, როდესაც საქართველოში ინგლისის საგრაფოების ნაკრები ჩამოვა, საქართველოს “მომავალის გუნდს” მოამზადებთ, სადაც მხოლოდ 25-წლამდე მორაგბეები ითამაშებენ.

-       რეალურად, ჩვენ “ა” ნაკრების შეკრება ვერასდროს მოვახერხეთ და პრაქტიკულად მესამე გუნდით გვიწევდა თამაში. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ხშირად, საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით “ა” ნაკრებს უთამაშია. აქედან გამომდინარე, გაჩნდა აზრი, რომ ჩვენ შემთხვევაში, დაგვეწესებინა ასაკობრივი შეზღუდვა. სიმართლე ვთქვათ, პირველი ორი თამაშის შემდეგ, “ა” ნაკრებში მოთამაშეთა მინიმუმ 80 პროცენტი ისედაც 24-წლამდე მორაგბეები იყვნენ. ჩვენს გუნდში ძალიან ბევრმა ისეთმა მოთამაშემ გაიარა, რომლებიც ახლა ნაკრების გამორჩეული ლიდერები არიან.

პრინციპში, თუ სპორტსმენს სანაკრებო ამბიცია გააჩნია, ის 25 წლამდე უნდა გამოიკვეთოს და ჩვენს შემთხვევაშიც დიდი პრობლემა არ შეგვექმნება. სელექციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მთელი წლის განმავლობაში მონიტორინგს ვანხორციელებ ჩემპიონატზე და უკვე მაქვს გაფართოებული სია, სადაც მონიშნული მყავს კანდიდატები და ყოველი ტურის შემდეგ, მათ პლიუს-მინუსებს ვაჯამებ. ივნისისთვის ჩემპიონატიც დასრულებული იქნება და არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო გამიადვილდება. გარდა ამისა, ვიძიებ ინფორმაციებს საზღვარგარეთ მყოფ სხვადასხვა ბიჭებზე, რომელთა ნაწილი იქაურ “ესპუარებში” თამაშობს, ნაწილი პირველ გუნდებში. კონკურენცია საკმაოდ მაღალი იქნება. კანდიდატებს დავაკვირდები 20-წლამდელთა “ალაფაზეც”. 4-5 წელიწადია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები “ალაფაზე” თამაშობს და საკმაოდ დიდი რაოდენობა გროვდება მორაგბეებისა, რომლებსაც “მომავლის გუნდში” თამაშის შანსი ექნება.

-       რა დონის გუნდია ინგლისის საგრაფოს ნაკრები?

-       ამის თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, ასაკობრივმა ზღვარმა, ჩვენ მოგება შესაძლოა გაგვირთულოს, რადგან კაცთა გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ ამ შემთხვევაში, მიზანი ეროვნული გუნდისთვის კადრების მოძიებაა და არა მაინცდამაინც გამარჯვება. მეტოქეზე მხოლოდ ზეპირი მონაცემები მაქვს და ინგლისის საგრაფოთა გუნდი სტაბილურობით არ გამოირჩევა. ყოფილა შემთხვევები, მათ ძლიერი გუნდი შეუკრებიათ, სხვა დროს უფრო სუსტები იყვნენ. ჯერჯერობით, ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვეცდები ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენო და თუ მათ თამაშები ექნებათ, მათი ჩანაწერები ვიხილო. ნებისმიერ შემთხვევებში, ინგლისელები არიან და მაყურებელიც კარგ თამაშს იხილავს.

0.105689