ფეხბურთი

13:47 | 19.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: “ახლა მხოლოდ “ჰერტაზე” ვფიქრობ და მომავალში რა იქნება, არ ვიცი”

 

ბერლინის “ჰერტას” მცველმა ლევან კობიაშვილმა მოკლეხნიანი შვებულებით ისარგებლა და ბაქოში მეგობარ ალექსანდრე იაშვილს ესტუმრა. კობიაშვილი “ინტერისა” და “სუმგაითის” თამაშს დაესწრო, რომელიც კახა ცხადაძის გაწვრთნილებმა 8:3 მოიგეს, ხოლო იაშვილმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა. “ინტერის” ოფიციალურმა ვებგვერდმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ბერლინელთა 36 წლის ლეგიონერს ინტერვიუ ჩამოართვა.

- პირველ ყოვლისა გვსურს გავიგოთ ბაქოში რატომ ჩამოხვედით? როგორ მოხვდით “ინტერისა” და “სუმგაითის” მატჩზე?

- აქ ჩემს მეგობრებთან ჩამოვედი. უფრო რომ დავაკონკრეტო ალექსანდრე იაშვილთან. მასთან დიდი ხანია ვმეგობრობ. ჩვენ ერთად ჯერ თბილისის “დინამოში” ვთამაშობდით, ხოლო შემდეგ გერმანულ “ფრაიბურგში”. ასევე, დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში გამოვდიოდით. მე და ალექსანდრე ძმებივით ვართ. ახლა, სანაკრებო მატჩების გამო, ჩემპიონატში მცირე პაუზა გვაქვს და გუნდი სამი დღით დაასვენეს. ამ დროის გატარება ჩემს ახლო მეგობართან გადავწყვიტე. შევატყობინე, რომ ვესტუმრებოდი და ბაქოშიც ასე აღმოვჩნდი. ჩვენ ერთმანეთთან ხშირად ვსტუმრობდით, როდესაც გერმანიაში სხვადასხა კლუბებში ვთამაშობდით. 

- აზერბაიჯანის დედაქალაქმა ბაქომ თქვენზე როგორი შთაბეჭდილება მოახდინა?

- ბოლოს ბაქოში 10 წლის წინ ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ამ დროის განმავლობაში თქვენს დედაქალაქში მომხდარი ცვლილებები მომეწონა. ქალაქი ძალიან გალამაზდა და ძალიან ბევრი საინტერესო ადგილია. საფეხბურთო სფეროში განხორციელებული ცვლილებებიც მომეწონა. ბაქოში ბევრი სტადიონია, ბევრი კონკურენტუნარიანი გუნდია, რაც ადგილობრივი ჩემპიონატის განვითარებას ხელს უწყობს. კარგია, რომ აზერბაიჯანში ასეთი პირობები იქმნება.

- აზერბაიჯანულ ფეხბურთზე კიდევ რა იცით? იქნებ ალექსანდრე იაშვილმა რამე მოგიყვათ?

- მართალი გითხრათ, აზერბაიჯანის ნაკრებზე მწირი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ თქვენს ჩემპიონატზე რაღაც ვიცი. ინტერნეტის საშუალებით “ინტერის” გამოსვლას თვალს ვადევნებ. ვცდილობ ალექსანდრე იაშვილის თამაშს ვუყურო. “ინტერს” კახა ცხადაძე ხელმძღვანელობს, რომელთანაც აგრეთვე მეგობრული ურთიერთობა მაქვს. გუნდის ზოგიერთ სხვა ფეხბურთელსაც ვიცნობ. “ინტერს” ვგულშემატკივრობ და მიმდინარე სეზონში გუნდს წარმატებას ვუსურვებ.

- ბერლინის “ჰერტაში” თქვენი საქმე როგორ მიდის?

- საქმე არცთუ ცუდად მიდის. ამ სეზონის დასრულების შემდეგ, “ჰერტასთან” კონტრაქტი მეწურება, მაგრამ ამჟამად მთლიანად კონცენტრირებული ამ გუნდზე ვარ.

- იქნებ კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ ალექსანდრე იაშვილს შეუერთდეთ?

- არ ვიცი, არ ვიცი (იცინის). ამის შესახებ ჯერ არ მიფიქრია. როგორც უკვე ვთქვი, ახლა მხოლოდ “ჰერტაზე” ვფიქრობ და მომავალში რა იქნება არ ვიცი.

0.120644