სხვა

14:05 | 7.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლერი ხაბელოვის იუბილე სეოკ-ში

ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი 50 წლის გახდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სეოკ-ის საკონფერენციო დარბაზში ასამდე სტუმარი შეიკრიბა. საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფალავანს დაბადების დღე სეოკ-ის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სპორტის სხვადასხვა სახეობათა ფედერაციების ხელმძღვანელებმა, ვეტერანმა სპორტსმენებმა და ჟურნალისტებმა მიულოცეს.

სეოკ-ის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა ლერი ხაბელოვის სპორტული კარიერის დასაწყისი - საბჭოთა სპარტაკიადაზე მოპოვებული გამარჯვება გაიხსენა. ამასთან, დამსწრეთ შეახსენა, რომ სწორედ ხაბელოვია ის სპორტსმენი, რომლის საპატივცემულოდაც პირველად აიწია ოლიმპიურ თამაშებზე დამოუკიდებელი საქართველოს დროშა და გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი (1992). ბერიშვილმა ლეგენდარული მოჭიდავის ბრწყინვალე სპორტულ მიღწევებთან ერთად ყურადღება მის პიროვნულ თვისებებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ხაბელოვს ცხოვრებაში არაერთი კრიტიკული მომენტი შეხვდა, მაგრამ საქართველოსა და ქართული სპორტის სამსახურში უკან არასოდეს დაუხევია.

იუბილარს სიტყვით ნონა გაფრინდაშვილმა, რომან რურუამ, გურამ საღარაძემ, ლუკა კურტანიძემ, შოთა ხაბარელმა, რობერტ შავლაყაძემ, არჩილ გოგელიამ, გია ნიჟარაძემ, სოსო ჯაჭვლიანმა, ჯამლეთ ხუხაშვილმა და ნუგზარ რუხაძემაც მიმართეს. ყველამ აღნიშნა, რომ ლერი ხაბელოვი გარდა იმისა, რომ დიდი ჩემპიონია, პატრიოტული სულისკვეთებითაც ერთ-ერთი გამორჩეულია, რაც ბევრჯერ დაუმტკიცებია.

სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა კი დამსწრეთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელ პატრიკ ჰიკისგან მიღებული მისალოცი წერილები წაუკითხა.

სეოკ-ის პრეზიდენტმა საჩუქრებიც მიიღო. ერთ-ერთი ძვირფასი ძღვენით ოლიმპიურ კომიტეტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბეგაძე მივიდა. მან იუბილარი სამინისტროს უმაღლესი სპორტული ჯილდოთი – სპორტის რაინდის წოდებით დაასაჩუქრა.

პრესკონფერენციას სამხრეთ ოსეთიდან ჩამოსული ვეტერანი მოჭიდავეებიც დაესწრნენ, ევროპის 3-გზის, მსოფლიოს 4-გზის და ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონ სოსლან ანდიევის ხელმძღვანელობით. ამ უკანასკნელმა ყურადღება ქართველი და ოსი ხალხის მეგობრობაზე გაამახვილა და თბილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ხაბელოვის წვლილზე განსაკუთრებული სიამაყით ისაუბრა.

ლერი ხაბელოვი 1964 წლის 5 ივლისს დაიბადა. საერთაშორისო ტიტულებით კი ერთ-ერთი მოწინავეა ქართული სპორტის ისტორიაში - მსოფლიოს ხუთგზის (1985, 1987, 1990, 1991, 1993), ევროპის ოთხგზის (1985, 1987, 1988, 1992) და ოლიმპიური თამაშების (1992) ჩემპიონი.

 

კახა ბერიძის ფოტოები

 

 

 

0.170111