საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ლერი ჭელიძემ ბელგიის ქალაქ ლომელში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. გია გუგავას გუნდის უმსუბუქესმა წევრმა ტურნირი სომეხი მეტოქით დაიწყო და სომეხითვე დაასრულა. სერიოჟა ალექსანიანს პირველ წრეში წმინდად მოუგო, ფინალში კი გარიკ არუთინიანთან ვეღარას გახდა – ვაზარით დამარცხდა.
საფინალო გზაზე ჭელიძემ ალექსანიანის გარდა სამი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა: გერმანელი მანუელ შეიბელი, ფრანგი სედრიკ რევოლი და ბელგიელი ადრიენ ქუერტინმონი.
55 კილოგრამში ტატამზე გიორგი მესაბლიშვილიც გავიდა, მაგრამ მხოლოდ ორჯერ. ჩერნოგორიელი ვუკ ნიკევიჩის ძლევის შემდეგ ესპანელ ფრანჩესკო გარიგოსთან წააგო.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველები ძალიან წარუმატებლად გამოვიდნენ – პირველ წრეს ვერ გასცდნენ. ვაჟა მარგველაშვილი რუსეთის სახელით მოჭიდავე სომეხ არამ გრიგორიანს ვერ გასცდა, ხოლო გიორგი კაცია – იტალიელ ფაბიო ბასილეს.
დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები გოგონათა სამ წონაში: 44, 48 და 52 კილოგრამებშიც გამოვლინდნენ. საქმეში ნონა მერაბიშვილიც (52 კგ) ჩაერთო, მაგრამ მომავალ ჩემპიონთან, უკრაინელ ოლექსანდრა სტარკოვასთან წმინდად წააგო.
ხვალ მედლები ვაჟთა 66, 73 და 81, ასევე გოგონათა 57, 63 და 70 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ლაშა შავდათუაშვილი, ოთარ არჩუაძე (66 კგ), ფრიდონ გიგანი, მიხეილ ჩოხელი (73 კგ), შალვა ნინიძე, ბექა რატიანი (81 კგ), სოფო ბერიძე (57 კგ) და თეა სუხიტაშვილი (70 კგ).
ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
ახალგაზრდები
16 სექტემბერი
ვაჟები
55 კგ
1 გარიკ ჰარუთინიანი (სომხეთი)
2 ლერი ჭელიძე (საქართველო)
3 სახავატ გაჯიევი (რუსეთი)
3 ორუჟ ვალიზადა (აზერბაიჯანი)
60 კგ
1 გორ ჰარუთინიანი (სომხეთი)
2 ვინსენტ ლიმარე (საფრანგეთი)
3 არამ გრიგორიანი (რუსეთი)
3 კევინ შუჩარდტი (გერმანია)
გოგონები
44 კგ
1 ევგენიუს დემინცევა (რუსეთი)
2 კრისტინა კასას მორენო (ესპანეთი)
3 ირინა მორა ერნანდესი (გერმანია)
3 ვიტა ვალნოვა (ბელარუსი)
48 კგ
1 ებრუ საჰინი (თურქეთი)
2 მელანი კლემენი (საფრანგეთი)
3 ლუიზ რეინოდი (საფრანგეთი)
3 ალესია კუზნეცოვა (რუსეთი)
52 კგ
1 ოლექსანდრა სტარკოვა (უკრაინა)
2 კატრინ ფრეი (შვეიცარია)
3 გრეტა პოსერი (იტალია)
3 ჟულია როსო (საფრანგეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







