საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ირინე ლეონიძემ (+78 კგ) გერმანიის ქალაქ შინდელფინგენში, “ევროპის თასზე” ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა მძიმეწონოსანმა ძირითად ბადეში იტალიელი ტანია ფერერას ორი იუკოთი ძლევის შემდეგ, ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი გერმანელ კრისტიან ბუეშოუსთან სუფთად წაგებით დაკარგა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც ფრანგ დუნია ბერაეილს ორი ვაზარით აჯობა.
ლეონიძის გარდა გერმანულ ტატამზე შორენა შარაძე (63 კგ) და ნინო ოძელაშვილიც (70 კგ) გავიდნენ. შარაძემ ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივეში დამარცხდა – ძირითად ბადეში სლოვენიელ ტინა ტრსტენიაკთან, რეპეშაჟში კი ჰოლანდიელ მარიტ ხირ დესთან. ოძელაშვილს კი სამეულამდე ერთი მოგება დააკლდა - შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და გერმანელ ან-კატრინ ლისევსკის იპონით სძლია, იპონითვე წააგო სლოვენიელ ანკა პოგაჩნიკთან, “ბრინჯაოს ფინალში” კი გერმანელ ჰაიდე ფიოლერთან დამარცხდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.