ფეხბურთი

13:06 | 18.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლეო მესი: “ნეიმარს პარტნიორობას და დახმარებას გავუწევ”

არგენტინელის 9 პუნქტიანი გეგმა

 “ბარსელონას” წამყვანი ფეხბურთელი ლეო მესი ესპანელ ჟურნალისტებს გაესაუბრა და მათ მომავალი სეზონის მეტად ამბიციური გეგმა გააცნო. მესის უმთავრეს ორიენტირთაგან ჩემპიონთა ლიგისა და ბრაზილიის მუნდიალის მოგების წადილი უნდა გამოვარჩიოთ.

 - მომავალ სეზონში “ბარსელონას” მთავარ კონკურენტებად რომელ კლუბებს თვლით?

- სადღეისოდ ჩვენი უმთავრესი კონკურენტები მიუნხენის “ბაიერნი” და მადრიდის “რეალი” არიან. ბავარიელებს უდიდესი გუნდი ჰყავთ. ეს მათ კიდევ ერთხელ გასულ სეზონში დაამტკიცეს. ამიერიდან მათი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლაა და ვფიქრობ, “ბაიერნი” კიდევ უფრო გაძლიერდება. მიუნხენში ტიაგო ალკანტარას გადასვლა მხოლოდ იმითაა განპირობებული, რომ მას უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა. მადრიდის “რეალს” რაც შეეხება, ეს კლუბი ყოველთვის უმაღლესი მიზნების გადასაჭრელად იბრძვის და გამონაკლისი არც მომდევნო სეზონია. კასტილიელთა შემადგენლობაში ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ირიცხებიან და მის წინააღმდეგ თამაში მეტად რთულია.

- დავიდ ვილიას “ატლეტიკოში” გადაბარგებას რა კომენტარს გაუკეთებთ?

- მადრიდელები ისეთი კარგი ფორვარდის გარეშე დარჩნენ, როგორიც კოლუმბიელი რადამელ ფალკაოა, ამიტომაც ვილია ახალი გუნდის საკვანძო მოთამაშე გახდება. დავიდი მეტად ნიჭიერი თავდამსხმელია და “ატლეტიკოს” დიდ სარგებლობას მოუტანს.

- ბოლო ხანს ბევრს საუბრობენ პეპ გვარდიოლას და ტიტო ვილანოვას რთულ ურთიერთობაზე...

- მათ პირად საქმესა და ცხოვრებაში ნამდვილად ვერ ჩავერევი, მით უმეტეს, მხოლოდ მათ იციან, სინამდვილეში რა ხდება. ამ თემის კომენტირება ნამდვილად არ მსურს.

- ნეიმარის “ბარსელონაში” გადმოსვლის შემდეგ იოჰან კრუიფმა განაცხადა, ბრაზილიელი და მესი ისე იქნებიან, როგორც “ორი მამალი საქათმეში”, რის გამოც მათ შორის უთანხმოება გარდაუვალიაო. ეთანხმებით ამგვარ თვალსაზრისს?

- მე და ნეიმარს მინდორზე არანაირი პრობლემა არ გვექნება. “ბარსელონაში” კარგი ადამიანები არიან, ამიტომაც ბრაზილიელს ჩვენთან ადაპტირება არ გაუჭირდება. ნეიმარს გუნდისთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია და ამ საქმეში მას პარტნიორობას და დახმარებას გავუწევ.

- საგადასახადო სამსახურთან გაუგებრობა დასრულდა?

- მე და მამა ამ საკითხს იურისტებთან პერიოდულად განვიხილავთ, ძირითად საქმიანობას კი ისინი უძღვებიან. ჩვენ მაღალი რანგის იურისტები გვყავს დაქირავებული და მათ ვენდობით. პირადად მე საფინანსო საქმეებში არაფერი გამეგება.

- რას ნიშნავს თქვენთვის არგენტინის ნაკრებისა და “ბარსელონას” ღირსების დაცვა?

- ნებისმიერი შესაძლებლობა ჩემი ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურის მოზომვისა ძალიან სასიამოვნო მომენტია, მით უმეტეს, როდესაც კაპიტნის სამკლავურით მიწევს მინდორზე გასვლა. “ალბისელესტესთან” ერთად ტიტულის მოპოვება ჩემი უდიდესი სურვილია. “ბარსელონას” რაც შეეხება, “კამპ ნოუს” ჩემ სახლად ვთვლი. აქ ხომ 13 წლის ასაკიდან ვთამაშობ, ამ ქალაქსა და კლუბში გავიზარდე. იგივე შემიძლია ვთქვა კატალონიაზეც. პლანეტის ამ ულამაზეს ნაწილს მშობლიურად მივიჩნევ.

- მომავალ სეზონში რა მიზნები დაისახეთ გადასაჭრელად?

- ოო, მეტად ამბიციური ამოცანა დავისახე და მას პუნქტობრივად გაგაცნობთ.

1. ესპანეთის სუპერთასის საუკეთესო ბომბარდირობა (სადღეისოდ მესის ანგარიშზე 10 გოლია-რედ)

2. ზედიზედ მეხუთე “ოქროს ბურთის” დაუფლება

3. “ოქროს ბუცის” მოპოვება

4. პრიმერა დივიზიონის ერთ სეზონში სარეკორდო, 60 გოლის გატანა

5. შარშანწინდელი სეზონის მიღწევის გაუმჯობესება და “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრებში 91 გოლის გატანა

6. ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდების დაუფლება

7. პაულინო ალკანტარას რეკორდის გაუმჯობესება. მას “ბარსას” რიგებში გამოსვლისას 369 ბურთი აქვს გატანილი, მე – 325

8. 2014 წლის 24 მაისს ლისაბონში ჩემპიონთა ლიგის თასის მეოთხედ მოპოვება

9. არგენტინის ნაკრებთან ერთად ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება

თეგებილეო მესი
0.119958