მსოფლიოს ექსჩემპიონმა, მძიმეწონოსანმა მოკრივემ, ბრიტანელმა ლენოქს ლუისმა ტელეარხ Sky Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ახსნა, თუ რატომ შეიკავა თავი მსოფლიოს ამჟამინდელ ჩემპიონთან, უკრაინელ ვიტალი კლიჩკოსთან სარევანშო ბრძოლის ჩატარებისგან. ამ მოკრივეების პირველი დაპირისპირება 2003 წლის ივლისში შედგა და მე-7 რაუნდის დასაწყისში, მსაჯებმა შეხვედრა კლიჩკოს თვალზე გაჩენილი სისხლჩაქცევის გამო შეწყვიტეს. უკრაინელს ტექნიკური ნოკაუტით წაგება ჩაეთვალა, არადა, იგი ქულებით სამივე მსაჯის ოქმში წინ იყო.
იმ ბრძოლის შემდეგ, ლენოქს ლუისი კანადელ კირილ ჯონსონს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ბრძოლამდე ორიოდ კვირით ადრე ტრავმა მიიღო და მისი ადგილის დაკავება ისევ ვიტალი კლიჩკოს შესთავაზეს. დასთანხმდა კიდეც, მაგრამ... ლუისმა მოულოდნელად კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. ბევრმა მოკრივის ეს ნაბიჯი კლიჩკოს პირისპირ მეორედ დადგომისთვის თავის არიდებად ჩათვალა.
“ხშირად უკითხავთ, რატომ შევიკავე თავი კლიჩკოსთან მეორედ ჩხუბისგან. მიზეზი მარტივია – “მშიერი” არ ვიყავი. მონდომება მაკლდა, რადგან ვიტალისგან მსგავსი გამოწვევა ვერ მივიღე, როგორიც თუნდაც მისი წინამორბედებისგან. ზოგი რით მემუქრებოდა, ზოგი რით. მაიკ ტაისონმა სულაც, შვილების შეჭმა დამიპირა. როდესაც კლიჩკოსთან მეორედ დაპირისპირების დრო დადგა, დავფიქრდი, ღირდა თუ არა ეს. ოღონდ არა იმიტომ, რომ შეიძლება ტიტული დამეკარგა. პირიქით, ვიფიქრე, თუკი პირველად უცუდეს ფორმაში მყოფმა მოვუგე, სათანადოდ მომზადებული რას ვუზამდი მეთქი. არანაირი ინტერესი არ არსებობდა. ეს იყო და ეს” – განაცხადა ლუისმა.
ოთარ მაღლაკელიძე







