სპორტულ გაზეთ "ლელოს" იუბილე ლამაზად და ტკბილი, აქა-იქ სევდიანი ამბების გახსენებით ჩატარდა. მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში "ლელოს" ხელმძღვანელებისა და ჟურნალისტების გარდა, რა თქმა უნდა, მოწვეული სტუმრებიც იყვნენ – მასმედიის წარმომადგენლები, ვეტერანი სპორტსმენები.
საღამო მიჰყავდა კომენტატორ დავით მინაშვილს, ხოლო ეკრანზე აჩვენებდნენ ქართული სპორტის ისტორიაში საუკეთესო მომენტებს, რომელსაც ემოციის გარეშე ნამდვილად ვერ უყურებ: ლევან თედიაშვილის ილეთები, მიხეილ მესხის ფინტები, დავით ყიფიანის პასები, ვიტალი დარასელიას ოქრო-გოლი, ქორქიასა და საკანდელიძის ზუსტი ტყორცნები, ზურაბ ზვიადაურის ილეთი და ზეაღმართული თითი, ვიქტორ სანეევის ნახტომები და ასე შემდეგ...
"ლელოს" არაერთი რედაქტორი გამოუცვლია, თაობა თაობას მიჰყვებოდა, ბოლო 30 წლის განმავლობაში კი, გაზეთის რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე გახლავთ. დამსახურებულ ჟურნალისტს, ბატონ თენგიზს მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრემია მისცეს, ასევე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის და კიდევ, არაერთი პირადი ჯილდო, მათ შორის, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ კარგი საჩუქარი გაუკეთეს – დიდეკრანიანი ტელევიზორი გადასცეს.
ახლა დაჯილდოვებაზე: "ლელოს" ჟურნალისტებს, გია ტუხაშვილსა და ვაჟა დანელიას საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიენიჭათ, მერაბ მამულაშვილს კი სერგი მესხის სახელობის პრემია გადასცეს. სპეციალური პრიზი გადასცეს ფოტოგრაფ ალექსანდრე კოტორაშვილს, რომელიც ათწლეულებია, "ლელოში" მუშაობს.
"ლელოს" საჩუქარი გადასცა თბილისის "დინამომაც". კლუბის პრესატაშე გიგა გვენცაძემ "დინამოს" თეთრი, 80-ნომრიანი მაისურა აჩუქა რედაქციას.
"ლელომ" 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენი დააჯილდოვა – მორაგბე მამუკა გორგოძე.
ასევე, გამოკითხის შედეგად, 80 წლის განმავლობაში საუკეთესო ქართველი სპორტსმენი ქალი და მამაკაცი დასახელდნენ.
ქალთა შორის, ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს ერგო ეს აღიარება, ხოლო საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცი, აწ გარდაცვლილი, ლეგენდარული ფეხბურთელი დავით ყიფიანი გახდა. ქალებში მეორეზე გავიდა ნინო სალუქვაძე, მესამეზე კი – მაია ჩიბურდანიძე. მამაკაცთა შორის, მეორეზე ლევან თედიაშვილი, მესამეზე – ვიქტორ სანეევი.
დავით ყიფიანის ნაცვლად, ჯილდო მიიღო მისმა ვაჟმა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა. ბატონმა ლევანმა ისაუბრა იმ დიდ ღვაწლზე, რაც "ლელომ" შეიტანა ქართული სპორტის საქმეში.
მართლაც, იყო პერიოდი, როცა "ლელო" დილაადრიან უნდა გეყიდა, თორემ აღარ დაგხვდებოდა. საგამოფენო დარბაზში ძველი ნომრები ვნახეთ, მათ შორის, 1981 წლის 14 მაისისა – წინა დღეს ხომ თბილისის "დინამოსა" და "კარლ ცაისის" ფინალი იყო. კიდევ არაერთი დიდი გამარჯვებების დღე გაგვახსენდა.
"მსოფლიო სპორტი" ულოცავს "ლელოს" 80 წლის იუბილეს, ჩვენს კოლეგებს საუკეთესოს ვუსურვებთ როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე, პირად ცხოვრებაში!