რაგბი

10:28 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

,,ლელომ“ უპრობლემოდ გაიმარჯვა

ფოთში, მალთაყვის სარაგბო სტადიონზე გამართული შეხვედრა ძალიან კარგ გარემოში ჩატარდა. მინდვრის გაზონი თითქმის იდეალურ მდგომარეობაში გახლდათ. ზღვიდან მონაბერი სიო სასიამოვნოდ უბერავდა და ამის გამო ძალიან აღარ ცხელოდა. ასე რომ, კარგი თამაშისთვის ყველა პირობა იყო შექმნილი. მოლოდინის საწინააღმდეგოდ შეხვედრამ დაძაბულობის გარეშე ჩიარა. პრაქტიკულად მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა, რაც ქვეყვნის მომქმედმა ჩემპიონებმა მალე ანგარიშშიც ასახეს. რაც შეეხება ბათუმeლებს, მართალია მათ თავი არ დაუზოგავთ და ბევრიც იბრძოლეს, მაგრამ გუნდს შეთამაშება აშკარად აკლია. ზღვისპირელებმა ვერცერთი კომბინაცია დამამთავრებელ ფაზამდე ვერ მიიყვანეს და რაც მთავარია პრაქტიკულად ყველა სტატიკური ორთაბრძოლა დათმეს.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო. თბილისელებმა თავიდანვე შეძლეს აჭარელთა შევიწროება. მე-14 წუთზე დედაქალაქელებმა მოედნის კიდესთან თავიანთი აუტი მოიგეს და ბუბუტეიშვილმა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში შეიტანა. ყიასაშვილმა საკმაოდ რთული მდგომარეობიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 0:7.

21-ე წუთზე ,,ლელოელებმა“ კიდევ ერთი სანიმუშო კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც მასპინძლებმა საკუთარი კარის წინ მხოლოდ წესის დარღვევით შეაჩერეს. სტუმრებმა ბედის გამოცდას და ლელოზე თამაშს 100%-იანი 3 ქულის მოპოვება არჩიეს. ყიასაშვილს ხელსაყრელი მდგომარეობიდან ბურთის კარის ძელებს შორის გატარება არ გასჭირვებია - 0:10.

ნახევარი საათის მიწურულს ბახვა კობახიძეს ანგარიშის შემცირება მართებდა, მაგრამ ძალიან კარგი მდგომარეობიდან საჯარიმოს დარტყმის დროს ბათუმელთა ფულბეკს მიზანმა უმტყუნა.

35-ე წუთზე იერიშში ჩართულმა მასპინძლებმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს და ბურთი მეტოქეს გადააბარეს. ამით კარგად ისარგებლეს თბილისლებმა, შეტევაში მეტობა გამოიყენეს და გიორგი კაჭარავამ ბათმელთა ლელოში უპრობლემოდ შეაღწია. ყიასაშვილმა გარდასახვა კვალვ ზუსტად შეასრულა - 0:17.

მეორე ტაიმი სრულიად განსხვავებული სცენარით წარიმართა. შეხვედრამ ქაოსური ხასიათ მიიღო. ორივე გუნდი უსისტემოდ უტევდა და ტექნიკური წუნიც მრავლად შეინიშნებოდა.

 53-ე წუთზე ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ანგარიში კიდევ უფრო გაზარდეს. კაჭარავამ რაქიდან ბურთი გამოიტანა და პრაქტიკულად მოუმზადებლად ზუსტი არეკნი შეასრულად - 0:20.

ამის შემდეგ ეტყობა დედაქალაქელებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს და შეტევაზე თამაშს პრაქტიკულად თავი მიანებეს, არადა პრემიალური ქულის მოსაპოვებლად მხოლოდ ერთი ლელოს დადება ჭირდებოდათ. შეხვედრის დარჩენილი დრო უღიმღამო ბრძოლაში მიილია და ანგარიში უცვლელი დარჩა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტი’’ ორივე გუნდის მწვრთნელს გაესაუბრა:

დავით გუგუშვილი (,,ბათუმი’’) - ,,პირველი ტაიმი ძალიან არეულად ვითამაშეთ. პრაქტიკულად ყველა სტატიკური მდგომარეობა წავაგეთ და ამის გამო დავისაჯეთ. მეორე ნახევარში თამაში გამოვასწორეთ და ქვეყნის ჩემპიონს ტოლ-სწორად ვებრძოლეთ, თუმცა ანგარიშში ჩამორჩენის შემცირება ვერ მოვახერხეთ.“

ლევან მაისაშვილი (,,ლელო“) -  ,, სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. დასანანია, რომ პრემიალური ქულის მოპოვების შანსი ხელიდან გავუშვით. როცა პირველ ტაიმს 17:0 - ით იგებ, ძნელია კონცენტრაციის შენარჩუნება. შეიძლება ბიჭები გადაიღალნენ და თავიანთი შესაძლებლობები სრულად ვეღარ წარმოაჩინეს, რაც ხანგრძლივი მგზავრობით უნდა იყოს გამოწვეული.

თეგებიბათუმილელო
0.115587