საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ცენტრალურ მატჩში, თბილისის “ლელომ” ქუთაისის “აია” 26:18 დაამარცხა და თავად “არმიას” გაუტოლდა, ქუთაისურ კლუბს კი, საბრძოლველად მეოთხე ადგილიღა დაუტოვა.
ერთ დროს “აია” რეგულარულ ჩემპიონატში პირველობისთვის იბრძოდა, მაგრამ ზედიზედ ოთხი თამაში დათმო და მდგომარეობა გაიუარესა. აღსანიშნავია, რომ ამ ოთხიდან სამი მარცხი “შევარდენის” სტადიონზე მოდის ეს მოედანი იმერლებისთვის ერთგვარად დაინავსა. მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ბოლო დროს “აიას” შემადგენლობაში პრობლემები აქვს და მათი მარცხიანი სერია გარკვეულწილად ამითაცაა განპირობებული. თავის მხრივ, შემადგენლობაში პრობლემები აქვს “ლელოსაც”, მაგრამ ლევან მაისაშვილის შეგირდებმა შედეგები გამოასწორეს და პირველ-მეორე ადგილის შენარჩუნების კარგ შანსს ინარჩუნებდნენ.
არადა, მატჩის საწყისი 20 წუთი “აიას” ცუდს არაფერს უქადდა. ანგარიში დებიუტშივე იოსებ კიკვაძემ ჯარიმით გახსნა, როდესაც შერკინებაში გიორგი სანიკიძე ჩავარდა. ირაკლი ყიასაშვილს პასუხის შანსი ერთ წუთში მიეცა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. სამაგიეროდ, მე-14-ე წუთზე თბილისელებმა ჯარიმა აუტში რომ გაიტანეს და მოკლე დარტყმებით ცენტრისკენ გადაინაცვლეს, მერე იერიში მიმართულება კვლავ მარჯვნივ შეატრიალეს და ლაშა ხმალაძემ უმეთვალყურეოდ დარჩენილი ლექსო გუგავა სალელოვედ დაგეზა. ყისასაშვილმა არცთუ ცუდი პოზიციიდან გარდასახვა არაზუსტად შეასრულა.
“აიამ” მატჩის განახლებისთანავე უპასუხა. რაქიდან ჯერ გელა შალამბერიძემ შეუტია და რამდენიმე მეტრით წინ წაიწია, უკვე 22-ში ქუთაისელები მოკლე დარტყმებით კიდევ უფრო წინ წავიდნენ, მერე კი რატიაშვილმა მძლავრი დარტყმით უპირატესობის ხაზი გაგლიჯა და ლელო გაიტანა. კიკვაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ამის შემდეგ “ლელო” გამოცოცხლდა და ყიასაშვილმა 22-ე წუთზე მესამე ცდიდან 40 მეტრიდან გაიტანა, ხოლო 28-ე წუთზე მასპინძლები დაახლოებით 32 მეტრიდან დააწინაურა. შესვენებამდე დარჩენილ დროში ქუთაისელებს ორი ჯარიმა გაუცუდდათ, სამაგიეროდ, “ლელომ” კიდევ ერთი ზუსტი დარტყმა შეასრულა და 14:10 დაწინაურდა.
მეორე ტაიმის დებიუტში “ლელოს” დამრტყმელს მიზანმა ისევ უმტყუნა, 52-ე წუთზე კი, “აიას” შერკინებიდან უნებლიედ გამოვარდნილ ბურთს სანდრო მინდიაშვილი დაეუფლა და შეუტია, ის გიორგი როცვაძემ ყელში შებოჭა და სინბინით დაისაჯა, ეპიზოდს კი, ტრიბუნებზე გულშემატკივართა შორის შელაპარაკება მოყვა. ყიასაშვილმა ეს ჯარიმაც ააცილა და ზოგადად “ლელომ” მეტობაში გატარებული 10 წუთი 0:3 წააგო, რადგან 58-ე წუთზე კიკვაძემ ჯარიმა გაიტანა. ამ ეპიზოდში ისე ჩანდა, რომ ბურთმა ძელს გარეთ გაიარა, მაგრამ მსაჯებმა დროშები აღმართეს. სამაგიეროდ, მალევე “ლელოს” დამრტყმელს კიდევ ერთი დარტყმა გაუცუდდა და შემადგენლობები რომ გათანაბრდა, სხვაობა სულ რაღაც 1 ქულა იყო.
მაგრამ დასკვნითი 20 წუთი თბილისელებმა უკეთ ჩაატარეს. მათ ჯარიმები კარში აღარ დაარტყეს და ჯარიმის ზედიზედ ორჯერ აუტში გადატანის შემდეგ, ბაჩო კოლელიშვილმა დერეფანი მოიგო, კარგი მოლი დადგა და ლელო ელგუჯა სურგულაძემ მიითვალა. “ლელომ” დამრტყმელიც შეცვალა და ხმალაძემ გარდასახვა გამოიყენა. ამას შეცდომის მოლოდინში ფეხით თამაში მოყვა, რითაც კვლავ “ლელომ” იხეირა და საკუთარი ნახევრიდან ხელით წამოწყებული კონტრშეტევა, მეტოქის კარიდან 30 მეტრში ჯარიმით დასრულდა.
მოქმედმა ჩემპიონმა პრემიალური ქულის აღების იმედად ამჯერადაც ლელოზე ითამაშა, ოღონდ რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი ფლანგზე გაიტანა და მარცხენა ალამთან ლელოში ყიასაშვილი შეფრინდა. ხმალაძეს გარდასახვა გაუცუდდა - 26:13. პრემიალური ქულის მომტანი ლელოს გატანისთვის თბილისელებს 5 წუთი ჰქონდათ და საკუთარი ნახევრიდან ხელდახელ შეტევა სცადეს, მაგრამ “აიამ” ბურთი ჩაჭრა და მეტოქე რომ დაჯარიმდა, უკვე მათ ითამაშეს ლელოზე. დერეფანს ისევ მოკლე დარტყმები მოყვა, შედეგად, თემურ ირემაძემ ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა. გარდასახვა გასატანი პოზიციიდან სრულდებოდა და მისი გამოყენებით 1 პრემიალურ ქულას “აია” იღებდა, მაგრამ კიკვაძეს დარტყმა გაუცუდდა და მატჩიც “ლელოს” უპრემიოდ დასრულდა - 26:18.
ახლა გუნდები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ერთი კვირა დაისვენებენ და დასკვნით ტურში მოწინავე გუნდები პირველ-მეხუთე ადგილებს, ხოლო ქვედა სამეული გასავარდნ და გადასათამაშებელ ადგილებს გაითამაშებენ.
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი
XVII ტური
13 აპრილი
თბილისი. “შევადრენი”. 800 მაყურებელი
ლელო (თბილისი) - აია (ქუთაისი) 26:18 (14:10)
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. გუგავა, 13. ხეცურიანი, 12. ცერცვაძე, 11. ნიჟარაძე (კოპაძე 11), 10. ხმალაძე, 9. მინდიაშვილი; 1. სანიკიძე (მელიქიძე 58), 2. ლომთაძე, 3. პატარაია (ჯულაყიძე 76), 4. ხორბალაძე, 5. ქოიავა, 6. სურგულაძე, 7. კოლელიშვილი, 8. ჭყოიძე.
3 ლელო: გუგავა, სურგულაძე, ყიასაშვილი
1 გარდასახვა: ხმალაძე
3 ჯარიმა: ყიასაშვილი
აია: 15. მოდებაძე, 14. კიკვაძე, 13. ძნელაძე, 12. კვერნაძე (ირემაძე 71), 11. აბრამიძე (ბ .ტორაძე 59), 10. სინაურიძე, 9. როხვაძე (ზ. თუთბერიძე 63); 1. რატიაშვილი, 2. მატკავა (ასათიანი 76), 3. ჩხიკვაძე (სალდაძე 64), 4. შალამბერიძე, 5. ჩიტეიშვილი, 6. რევიშვილი, 7. მარშანია (ჯიმშიტაშვილი 48), 8. ყურაშვილი.
2 ლელო: რატიაშვილი, ირემაძე
1 გარდასახვა: კიკვაძე
2 ჯარიმა: კიკვაძე
1 სინბინი: როხვაძე
1 | არმია | 17 | 12 | 1 | 4 | 435-258 | 59 |
2 | ლელო | 17 | 12 | 0 | 5 | 466-222 | 59 |
3 | ლოკომოტივი | 17 | 13 | 0 | 4 | 387-296 | 57 |
4 | ყოჩები | 17 | 11 | 1 | 5 | 371-291 | 52 |
5 | აია | 17 | 10 | 0 | 7 | 349-240 | 48 |
6 | ჯიქები | 17 | 8 | 2 | 7 | 302-257 | 43 |
7 | არმაზი | 17 | 8 | 0 | 9 | 281-400 | 35 |
8 | ხარები | 17 | 4 | 0 | 13 | 214-404 | 19 |
9 | აკადემია | 17 | 2 | 0 | 15 | 236-390 | 17 |
10 | ბათუმი | 17 | 3 | 0 | 14 | 257-540 | 16 |
მომდევნო ტური. 26-27 აპრილი
ლოკომოტივი - ყოჩები, არმია - ლელო, აია - აკადემია, არმაზი - ხარები, ჯიქები - ბათუმი