“შევარდენზე” მრავლად მისულმა მაყურებელმა საინტერესო ბრძოლა იხილა. გუნდებმა ტაქტიკურად გამართული, ენერგიული თამაში შემოგვთავაზეს და საწყის 10 წუთში ქართული რაგბის გულშემატკივარმა სამი ლამაზი ლელო იხილა.
ამის შემდეგ ტაქტიკური ბრძოლა გაიმართა. ლელოს გატანის შანსი ორივე გუნდს მიეცა, მაგრამ არასწორმა გადაწყვეტილებებმა შანსები გამოუყენებელი დატოვა. თამაშს ინტრიგა ბოლო წუთამდე არ მოკლებია, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა უპირატესობა რომ მოიპოვა მერე თავდადებული დაცვა ითამაშა და “ლელო” შარშან მოპოვებულ ტიტულს ორი კვირის შემდეგ პირდაპირ ფინალში დაიცავს, “არმიას” კი, რევანშის შანსი იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ 17 მაისს “ლოკომოტივსა” და “ყოჩებს” შორის გამარჯვებულს დაამარცხებს.
10 მაისს ლამაზი თამაშის სანახავად ყველაფერი იდეალური იყო. წვიმა ისეთი ძლიერი არ იყო, რომ მოთამაშეებისთვის ხელი შეეშალა, სამაგიეროდ, მათ სიგრილეში უწევდათ თამაში. სტადიონზე შეკრებილმა ორივე გუნდის გულშემატკივარმა, მთელი მატჩის განმავლობაში შესაბამისი განწყობა შექმნა და დებიუტში დატრიალებულმა მოვლენებმა დამატებითი ემოციები მოიტანა.
დასაწყისი მართლაც ფანტასტიკური გამოდგა. მხოლოდ მეორე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც არმიელებმა ირაკლი ყიასაშვილი შეავიწროვეს და მისი დარტყმული 22-ის ხაზთან გადავიდა. “არმიამ” დერეფანი მოიგო, მოლში მოწინააღმდეგების ჩათრევით ფლანგზე უპირატესობა შექმნა, იერიში ხელდახელ მარჯვენა ფლანგზე გაიშალა, სადაც ბურთი მაღალ სიჩქარეზე ალექსი ტუჩაშვილმა მიიღო. ყიასაშვილი მას თითქოს კარგად დაუხვდა, მაგრამ მძლავრმა გარემარბმა კონტაქტის შემდეგ ბურთი შეინარჩუნა, წამოდგომაც მოახერხა და ალამთან პირველი ლელო გაიტანა.
ბახვა კობახიძის გარდასახვა არაზუსტი იყო და “ლელო” მალევე გამოერკვა. რამდენიმე წუთში დერეფანი უკვე “ლელომ” მოიგო და ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით 30 მეტრში კარგი მოლი შეკრა. მნიშვნელოვანი მანძილის მოგების შემდეგ, გიორგი კაჭარავამ, რომელიც მანამდე ბურთის ხაზზე გაშლას აპირებდა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მოლში თავადაც ჩაერთო და 30-მეტრიანი მოლის შემდეგ ლელო არმიელთა ძელებსშუა გავიდა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვით საკუთარი გუნდი დააწინაურა.
მე-11-ე წუთზე კიდევ ერთი ლამაზი ლელო გავიდა. არმიელებმა 40 მეტრიდან ჯარიმა კარში არ დაარტყეს და ბურთი აუტში გადაიტანეს. აუტის ბოლო კაცზე მოგების შემდეგ, დერეფანის შუაში ნაპრალი გაჩნდა, სადაც გიორგი თხილაიშვილი მაღალ სიჩქარეზე შეიჭრა, ბურთი ჰაერიდანვე მიიღო და ჩათვლის მოედანში შეიჭრა. კობახიძის გარდასახვა ძელმა აისხლიტა. “ლელომ” წონასწორობა მე-18-ე წუთზე აღადგინა, როდესაც მათმა შერკინებამ მეტოქისა მაგრად დაჯაბნა და ყიასაშვილმა 30 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა.
საქართველოს ჩემპიონი მეტოქეს მთელი მატჩის განმავლობაში სჯობნიდა შერკინებაში, მოლში და რაქებში. პირველ ტაიმში გუნდები საკუთარ დერეფნებს იგებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში ამ კომპონენტში “არმიამ” იმარჯვა და რამდენჯერმე “ლელოს” მოწოდება მოიგო, თუმცა, ამით ვერ ისარგებლა. ტაიმის ნახევარზე ოდნავ მეტი იყო გასული, როდესაც “არმია” დაახლოებით 5 წუთით მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა. კობახიძემ ფინტებით ხაზი გაჭრა და მნიშვნელოვანი უპირატესობა შექმნა, მაგრამ მეტოქის 22-ში ბურთი იქით მოისროლა, სადაც არავინ იმყოფებოდა. “ლელომ” სიტუაციის სათანადოდ განმუხტვა ვერ მოახერხა, მერე თამაშგარისთვის დაჯარიმდა და კობახიძემ “არმია” მესამედ და ამ თამაშში უკანასკნელად დააწინაურა - 13:10.
ტაიმის ბოლო უკვე “ლელოსი” იყო და ყიასაშვილმა 40 მეტრიდან სცადა წონასწორობის აღდგენა,მაგრამ მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა. სამაგიეროდ, უკანასკნელ წუთზე მანვე კვლავ 40 მეტრიდან, ოღონდ ამჯერად კარის პირდაპირ დანიშნული ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ტაიმი ფრედ დასრულდა. დაიწყო თუ არა ტაიმი, “არმია” კვლავ რაქში დაჯარიმდა და ირლანდიელი რეფერისგან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო - ძალიან ხშირად ჯარიმდებითო. პოზიცია დასარტყმელი იყო, მაგრამ “ლელომ” ლელოზე ითამაშა და იერიში ცენტრისკენ რომ გაშალა მცველები კვლავ დაჯარიმდნენ. შედეგად, მსაჯმა თხილაიშვილს სინბინი გამოუწერა, ხოლო ყიასაშვილმა კარის წინ 15 მეტრიდან უპრობლემოდ გაიტანა.
მალე საქმეში ნერვები ჩაერთო და მოედანზე ჩხუბი ატყდა, მაგრამ სიტუაცია მალევე ჩაცხრა და მსაჯმა სიტყვიერი გაფრთხილება იკმარა. “ლელომ” მეტობა კიდე ერთხელ გამოიყენა და როდესაც არმიელები შერკინებაში ჩავარდნენ, ყიასაშვილმა ახლოდან ანგარიში 19:13 გახადა. წუთები ბრძოლაში გაილია და 67-ე წუთზე “ლელომ” მოლით ცენტრიდან მეტოქის 22-ის ხაზამდე იარა, იქ კი, კიდევ ერთხელ ატყდა გუნდური ჩხუბი, ამჯერად პირველზე უფრო დაუნდობელი დარეფერიმ თხილაიშვილს და ბაჩო კოლელიშვილს წითელი ბარათები უჩვენა.
გუნდებმა თამაში ნაკლულად გააგრძელეს და დასკვნით 10 წუთში უპირატესობას “არმია” დაეუფლა, მაგრამ “ლელო” თავდადებით იცავდა თავს. ვფიქრობ, აქ არმიელებმა შეცდომაც დაუშვეს, როდესაც 74-ე წუთზე კარგი პოზიციიდან ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს და მის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩიეს. ლელო არ შედგა და ამით საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე ჩამორჩენის სარაგბო საზომებით მინიმუმამდე დაყვანის შანსიც დაიკარგა. შეგახსენებთ, რომ ანგარიშის გათანაბრების შემთხვევაში (19:19-ის შემთხვევაში), ფინალში თამაშის უფლებას “არმია” მიიღებდა, რადგან მათ “ლელოს” ლელობით 2:1 აჯობეს.
დღეს, კვლავ “შევარდენზე” და კვლავ 16 საათზე მაყურებელს კიდევ ერთი საინტერესო თამაში ელის. შესაძლოა, ეს შეხვედრა კიდევ უფრო დაძაბულიც გამოდგეს, რადგან “ლოკომოტივსა” და “ყოჩებს” შორის დამარცხებული ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს დაკარგავს, გამარჯვებული კი, “არმიას” მცირე ფინალში ფინალისთვის დაუპრისპირდება.
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი
10 მაისი. პლეი ოფი. მეორე ეტაპი
თბილისი. “შევარდენი”. 2000 მაყურებელი
არმია (თბილისი) - ლელო (თბილისი) 13:19 (13:13)
არმია: 15. კობახიძე, 14. ტუჩაშვილი, 13. ჩხიკვაძე, 12. გაგოშვილი, 11. შკინინი, 10. ნინიძე, 9. ჯინაშვილი; 1. ქორიძე (ხარებავა 50), 2. მამუკაშვილი (მეკოკიშვილი 50), 3. გურგენაძე (ზაქაშვილი 52), 4. ჩიტიძე (ცხადაძე 54), 5. ი. სურგულაძე (უჩავა 68), 6. თხილაიშვილი, 7. დარასელია, 8. თავართქილაძე.
2 ლელო: ტუჩაშვილი, თხილაიშვილი
1 ჯარიმა: კობახიძე
1 სინბინი: თხილაიაშვილი (44)
1 წითელი: თხილაიშვილი (68)
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. გუგავა, 13. კორკელია, 12. ცერცვაძე, 11. ზაალიშვილი, 10. ხმალაძე, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე, 2. ბელქანია (ლომთაძე 77), 3. პატარაია (მელიქიძე 62), 4. ქოიავა, 5. ხორბალაძე, 6. მძინარიშვილი (ე. სურგულაძე 77), 7. კოლელიშვილი, 8. ჭყოიძე (ნიკოლაიშვილი 58).
1 ლელო: ჭყოიძე
1 გარდასახვა: ყიასაშვილი
4 ჯარიმა: ყიასაშვილი
1 გაძევება: კოლელიშვილი (68)
11 მაისი
თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)