რაგბი

20:54 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლელო” შესვენებაზე ლიდერად გავიდა

თბილისის “ლელომ” მე-7 ტურის გადადებულ მატჩში თანაქალაქელ “არმაზს” დამაჯერებლად სძლია, სამი უპასუხო ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც ჩაიწერა და ერთთვიან შესვენებაზე ლიდერის რანგში გავიდა.

საქართველოს XXIV ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს ლიდერები ეპაექრებოდნენ, 500-მდე გულშემატკივარი დაესწრო. მათ ლაღი თამაში იხილეს. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ორივე გუნდი ხელდახელ, გაშლილი თამაშით ცდილობდა ფონს გასვლას და მორაგბეებმა რამდენიმე ლამაზი ილეთიც შემოგვთავაზეს. ორივე გუნდს აკლდა გუნდის ლიდერები, ამ მხრივ ისინი თანაბარ სიტუაციაში იყვნენ, მაგრამ “ლელო” მაინც უფრო ძლიერი აღმოჩნდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.

საქართველოს ჩემპიონი მეტოქეს შერკინებაში სჯობდა და საკუთარ შანსებსაც უფრო ეფექტურად იყენებდა. პირველად მათ მე-8 წუთზე გამოიყენეს შანსი და დაჩი კოპაძემ ლელო გაიტანა, ხოლო ირაკლი ყიასაშვილის არყოფნაში დარტყმა გოდერძი ჯოგლიძემ ითავა და ანგარიში 7:0 გახდა. ამას “არმაზის” ერთგვარი აფეთქება მოჰყვა და დავით კიკნაძემ ჯერ ჯარიმით შეამცირა ჩამორჩენა, ხოლო მერე ვილიამ კაიფაჯიანმა გაჭრა მარცხენა ფლანგზე ხაზი, ბურთი ფეხით გადაიკიდა და მიჰყვა, მაგრამ დამიწება მცველმა დაასწრო.

საპასუხოდ, ლაშა ხმალაძემ გაჭრა ხაზი, თუმცა მცველებმა მისი იერიშის შეჩერება 22-ში მაინც მოახერხეს. ამასობაში 23-ე წუთი მოვიდა, “არმაზი” შერკინებაში დაჯარიმდა და ჯოგლიძემ კარის გასწვრივ 15 მეტრიდან უშეცდომოდ დაარტყა. არმაზელებს მალევე შეეძლოთ პასუხის გაცემა, მაგრამ ჯერ კიკნაძეს, ხოლო შემდეგ ნიკოლავას უკეთესი პოზიციიდან, დარტყმები გაუფუჭდათ. ტაიმის დასრულებამდე 5-6 წუთი რჩებოდა, როდესაც “არმაზი” 5-მეტრა შერკინებაში ვერ დადგა, უკან დაიხია და გიორგი ჭყოიძემ ბურთი ჩათვლის მოედანში დაამიწა, ხოლო ჯოგლიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

ტაიმის ბოლოს “ლელოს” მესამე ლელოს გატანაც შეეძლო. ლელოელებმა ხანგრძლივი იერიშის დროს რამდენჯერმე გაჭრეს ხაზი და მარცხენა ფლანგზე მეტობაც შექმნეს, მაგრამ მცველებმა ზედ ალამთან მოიერიშის გვერდით ხაზს იქით გადაყვანა მოახერხეს - 17:3.

მეორე ტაიმი კვლავ “ლელოს” იერიშებით დაიწყო და ჯოგლიძემ ჯერ ჯარიმით გაზარდა უპირატესობა, ხოლო 55-ე წუთზე ლაშა ხმალაძემ საკუთარი გუნდის ლამაზი შეტევა დაახლოებით 23 მეტრიდან გატანილი არეკნით დააგვირგვინა.

ამის შემდეგ ორივე გუნდმა ლელოზე დაიწყო თამაში - “არმაზს” ჩამორჩენის შესამცირებლად ჯარიმების დარტყმა ხელს აღარ აძლევდა, ხოლო “ლელო” პრემიალურ ქულაზე ფიქრობდა. თავიდან სხვაობის შემცირება “არმაზს” შეეძლო, ნიკოლავამ ხაზი გაჭრა, მცველებს ბოჭვები გაუცუდდათ, მაგრამ მიზანი მიუღწეველი დარჩა. სამაგიეროდ, 67-ე წუთზე საკუთარი შანსით “ლელომ” ისარგებლა, გიორგი ლომთაძემ ხაზი გაჭრა და ჩათვლის მოედანში ბურთი კაჭარავას შეაყოლა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ მეტი აღარაფერი შეცვლილა და “ლელომაც” 28:3 იმარჯვა. ლევან მაისაშვილის შეგირდებს ზედიზედ შვიდი მოგება დაუგროვდათ, პირველ ადგილზე არიან და უახლოეს მდევრებს 4 ქულით უსწრებენ.   

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. გადადებული მატჩი

1 ნოემბერი

თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი

ლელო (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 28:3 (17:3)

ლელო: 15. ჯოგლიძე, 14. გუგავა, 13, კორკელია, 12. კოპაძე (ხეცურიანი 50), 11. ნიჟარაძე, 10. ხმალაძე, 9. გ. კაჭარავა (მინდიაშვილი 72); 1. პატარაია (სარჯველაძე 71), 2. ბელქანია (ლომთაძე 56), 3. მელიქიშვილი (ლ. მჭედლიძე 76), 4. ნიკოლაიშვილი (ხორბალაძე 72), 5. ქოიავა, 6. მძინარიშვილი, 7. კოლელიშვილი (არველაძე 72), 8. ჭყოიძე.

3 ლელო: კოპაძე, ჭყოიძე, კაჭარავა

2 გარდასახვა: ჯოგლიძე

2 ჯარიმა: ჯოგლიძე

1 არეკნი: ხმალაძე

არმაზი: 15. ნიკოლავა (ლობჟანიძე 73), 14. სირაძე, 13. მაჩხანელი, 12. კაიფაჯიანი, 11. ჩხაიძე, 10. კიკნაძე, 9. მისრიაშვილი (მჟავანაძე 55); 1. ბუკია, 2. თაგაური, 3. ესართია, 4. ზ. კაჭარავა (ა. მჭედლიძე 56), 5. არჩუაშვილი, 6. კანდელაკი (თიგიშვილი 74), 7. მინაშვილი, 8. სოსელია.

1 ჯარიმა: კიკნაძე

 

1     ლელო                                  8         7           0         1             208-93            32                
2 ლოკომოტივი  8 6 0 2 187-131 28
3 აია  8 6 0 2 169-101
28
4 არმაზი  8 5 0 3 161-165  22
5 ყოჩები 8 4 1 3 196-170 21
6 ჯიქები 8 3 2 3 180-129 20
7 არმია 7 3 1 3 150-128 17
8 აკადემია 7 1 0 6 76-185 6
9 ბათუმი 7 1 0 6 97-202  5
10 ხარები  7 0 0 7 85-205  2

 

გადადებული თამაშები. 17 ნოემბერი

არმია - ბათუმი, ხარები - აკადემია

 

 

0.121795