რაგბი

16:54 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლელო” მეტოქეს ელის

შაბათს, “შევარდენზე”, საქართველოს XXIV ეროვნული პირველობის მეორე ფინალისტი გაირკვევა. მცირე ფინალი 16:30 საათზე დაიწყება და დედაქალაქურ დერბიში ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “ლოკომოტივი” იმ “არმიას” ეთამაშება, რომელიც დაარსების დღიდან მუდამ პირველობისთვის იბრძვის.

ეს კლუბი 2011 წელს დაარსდა და პირველსავე გათამაშებაში ფინალში “აიას” 29:22 ძლევით ქვეყნის უძლიერესი გუნდის სახელი მოიპოვა. 2012 წელს მათ გარდამავალი, საგაზაფხულო თასის ფინალში “ლოკომოტივი” 13:12 დაამარცხეს, ამის შემდეგ კი, ჩემპიონატი შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე გადავიდა. შარშან “არმიამ” ფინალი ითამაშა, მაგრამ “ლელოს” ვერ აჯობა და 10:16 მარცხით მეორე ადგილს დასჯერდა. დიდია შანსი იმისა, რომ შარშანდელი ფინალი წელსაც განმეორდეს.

იყო დრო, როდესაც “ლოკომოტივს” წინააღმდეგობას ვერავინ უწევდა და ამ სახელით გუნდი ქვეყნის ჩემპიონი შვიდჯერ გახდა. ბოლოს რკინიგზელებმა ჩემპიონატის ფინალი 2010 წელს ითამაშეს და “ლელოს” 16:11 დამარცხებით “ბზის თასსაც” დაეუფლნენ. წლევანდელი გათამაშების სტარტზე, “ლელოსა” და “აიასთან” ერთად ტიტულის მოგების მთავარ ფავორიტებად სწორედ ეს გუნდები მიიჩნეოდნენ, “ლელო” უკვე ფინალშია, “აია” ბრძოლას პლეი ოფში გამოეთიშა, “არმია” და “ლოკომოტივი” კი, მეორე ფინალისტის ვინაობას ხვალ გაარკვევენ.

“არმიამ” რეგულარული პირველობა მოიგო, მაგრამ ახლა ეს აღარაფერს ნიშნავს. ერთი კვირის წინ მათ “ლელოსთან” მარცხი განიცადეს და შეცდომის დაშვენის უფლება აღარ აქვთ. ის თამაში კარგი საყურებელი გამოდგა, მაგრამ მოქმედმა ჩემპიონმა არმიელთა შერკინება ძლიერ დაჩაგრა და შედეგიც კანონზომიერი იყო. სხვათა შორის, “არმიას” შერკინება გამორჩეულია და მათი ასეთი სუსტი თამაში ბევრისთვის მოულოდნელი იყო. შეიცვალა თუ არა სიტუაცია ხვალ გამოჩნდება, რადგან შერკინებით “ლოკომოტივიც” გამოირჩევა.

“ლოკომოტივმა” რეგულარული პირველობა მესამე ადგილზე დაასრულა და ფინალისკენ მავალ გრძელ გზას დაადგა. პლეი ოფი პირველ ეტაპზე მათ ჯიქებთან პირველი ტაიმის შემდეგ გაუჭირდათ, მაგრამ 78-ე წუთზე ბექა წიკლაურმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა (19:19) და ლელოს წესით (2:1) შემდეგ ეტაპზე რკინიგზელთა კლუბი გავიდა. სამაგიეროდ, ერთი კვირის წინ მათ პიწმინდად დაჯაბნეს “ყოჩები” (29:10), რომელთან ბოლო ტურში მარცხმაც ისინი საჩემპიონო ბრძოლაში ამ გრძელ გზას შეუყენა (გამარჯვების შემთხვევაში “ლოკომოტივი” რეგულარ პირველობაში მეორე ადგილს იკავებდა და პლეი ოფის პირველ ეტაპზე დასვენებასთან ერთად, მეორე შანსის პრივილეგიასაც იღებდა). ამ თამაშში საუცხოოდა გაისარჯა ფულბეკი ბექა წიკლაური, რომელიც გუნდის უდავო ლიდერია და ის არმიელებსაც დიდ პრობლემებს შეუქმნის.

წინდაწინ მომავალი მატჩის ფავორიტის განსაზღვრა ძალიან ძნელია და ამაზე რეგულარულ პირველობაში ამ გუნდების დაპირისპირებაც მეტყველებს. პირველ წრეში “ლოკომოტივმა” მეტოქე 27:15 დაამარცხა, მეორეში კი, “არმიამ” რულფასოვანი რევანში აიღო და თითქმის იმავე შედეგით იმარჯვა - 24:15. ხვალ “არმიას” დისკვალიფიკაციის გამო ერთ-ერთი ლიდერი გიორგი თხილაიშვილი ვერ დაეხმარება, რომელიც “ლელოსთან” შეხვედრაში წითელი ბარათით დაისაჯა.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი

17 მაისი. მცირე ფინალი

თბილისი. “შევარდენი”. 16:30 საათი

არმია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

24 მაისი. ფინალი.

თბილისი. “შევარდენი”. 17:00 საათი

ლელო (თბილისი) - მცირე ფინალის მოგებული

 

0.116023