რაგბი

20:30 | 30.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლელო” “არმიამ” შეაჩერა

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასკვნით მე-9 ტურში, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა თბილისის “არმიამ” ჩემპიონ “ლელოსთან” ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო, მეტოქე 16:12 დაამარცხა და მისი შვიდმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ერთთვიანი პაუზა, როგორც ჩანს, არმიელებს უფრო წაადგათ. მიუხედავად იმისა, რომ მათ საქართველოს 7-კაცა ნაკრებში დუბაის ტურნირზე სამი მორაგბე ჰყავდათ მივლინებული (“ლელოს” ერთი) და ამის გამო შემადგენლობაში გარკვეული გადაადგილებების განხორციელება მოუხდათ, მეტოქე მაინც პირწმინდად დაჯაბნეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. გადაადგილებებში უწინარესად გიორგი შკინინის ფულბეკად თამაში იგულისხმება, რომელმაც ბახვა კობახიძის ადგილი დაიკავა, მაგრამ ძლიერმა ქარმა მატჩის მსვლელობაზე მნიშვნელოვანი გავლენა რომ იქონია, მას მაინცდამაინც ბევრი სამუშაო არ ჰქონია.

მატჩის დებიუტში ზურგქარი “არმიას” სასარგებლოდ უბერავდა და ისინი პირველივე წუთებიდან იერიშზე გადავიდნენ. “ლელოს” დამრტყმელები ფეხით სიტუაციის განმუხტვას ვერ ახერხებდნენ და დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში თამაში მათ ნახევარზე მიმდინარეობდა. ასეთ ფონზე არმიელებიც ლელოს გატანას ცდილობდნენ და სამჯერ კარგი პოზიციიდან ჯარიმა კარში არ დაარტყეს, მაგრამ ქარი მათ დერეფანში ბურთის აგდებაში უშლიდა ხელს და მეტოქემ ამ შეცდომებით კარგად ისარგებლა.

საწყის წუთებში კარგად გამოიყურებოდა გიორგი აფციაური, რომელმაც რამდენჯერმე გაჭრა ხაზი და გიგა გაგოშვილი, რომელიც მგეზავს მხარს უბამდა და იერიშებს ამწვავებდა. სწორედ ამ წყვილის გარღვევის შემდეგ დაჯარიმდა გიორგი კაჭარავა და სინბინით დაისაჯა, მაგრამ “არმიამ” ჯარიმა რომ არ დაარტყა, ვერც მეტობა გამოიყენა და დიდი უპირატესობის ფონზე ქულის აღება ვერ მოახერხა.

“ლელომ” ტაიმის შუაში ცენტრალური ხაზის გადაკვეთა მოახერხა, მერე რაქში ჩხუბი ატყდა, გაწევ-გამოწევა და საქმის გარჩევა რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რეფერიმ კი “ლელოდან” რევაზ ბელქანია და “არმიადან” გაგოშვილი გაასინბინა. თამაში შედარებით რომ გათანაბრდა, პირველი ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, არმიელებმა ქულების აღება ჯარიმით გადაწყვიტეს და აფციაურმა წინანდელებზე ბევრად უარესი პოზიციიდან დაკრა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა და ტაიმი რაგბისთვის უჩვეულო ანგარიშით, 0:0 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევარში ქარი უკვე “ლელოს” მხარეს იყო, თამაში კვლავ “არმიას” იერიშებით განახლდა. ირაკლი ყიასაშვილმა სიტუაციის ფეხით განმუხტვა სცადა და მისი დარტყმული ბურთი ქარმა პირით ხაზს იქით გადაიტანა, რის გამოც შერკინება “ლელოს” 22-ში დაინიშნა. პირველ მიძალებაზე არმიელებმა ხაზს უწიეს, მაგრამ რეფერიმ ზედახორაში დამიწება ვერ დააფიქსირა. “არმიამ” უკვე 5-მეტრა შერკინებიდან შეუტია, ძალაში მეტოქე აშკარად დაჯაბნა და გაგოშვილმა ლელო ჩაიწერა, ხოლო რატი ნუცუბიძემ გარდასახვა გამოიყენა.

განახლდა მატჩი და დაახლოებით 4 წუთში ყიასაშვილმა და ნუცუბიძემ თითქმის ერთიდაიმავე პოზიციებიდან ჯარიმები გაცვალეს. “ლელოს” ფულბეკს სხვაობის შემცირების შანსი მალევე მიეცა, მაგრამ 45 მეტრიდან მიზანმა უმტყუნა და შემდეგ ეპიზოდში გუნდმა უკვე ლელოს გატანაზე ითამაშა. ამან შედეგი რომ ვერ გამოიღო ყიასაშვილმა დასარტყმელი პოზიციიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა და მალევე გასატანი პოზიციიდან სხვაობა მინიმუმამდე დავიდა - 9:10.

70-ე წუთზე “არმიას” ლელოს გატანის ხელსაყრელი სიტუაცია მიეცა, როდესაც იმავე გაგოშვილმა ხაზი გაჭრა. ის დიდი ძალისხმევის ხარჯზე შეაჩერეს, მაგრამ მთელი გუნდი თამაშგარეში ჩარჩა და ნუცუბიძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა. “ლელომ” გადამწყვეტი იერიშის წამოწყება რომ სცადა, ბურთი მეტოქის 22-თან დაკარგა, ფეხით გადაკიდებული ბურთი ცენტრალურ ხაზზე ყიასაშვილმა დაიჭირა და კარიდან მარჯვნივ, დაახლოებით 50 მეტრიდან არეკნი შეასრულა. და მაინც, ამ თამაშში გამარჯვება უფრო “არმიას” ეკუთვნოდა, რომელმაც შერკინებაში ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, ნუცუბიძემ დარტყმა ზუსტად შეასრულა და საკუთარ გუნდს 16:12 მოაგებინა.

მე-9 ტურის პირველ სათამაშო დღეს უქულოდ არცერთი გუნდი არ დარჩენილა. როგორც ჩანს, ერთთვიანი შესვენებით ცხრილის ქვედა ზონაში მყოფი გუნდები კარგად მოემზადნენ, ან ისინი მეტოქემ არ დააფასა. რუსთავში “არმაზი” მე-11 წუთზე გიგაურის ლელოთი დაწინაურდა და ნიკოლავამ გარდასახვა გამოიყენა, მაგრამ ათ წუთში მასპინძლებმა ხუციშვილის ლელოთი და წიკლაურის გარდასახვით უპასუხეს. თამაშის განახლებიდან 7 წუთში ლელო ჩხაიძემ გაიტანა და “არმაზი” დაწინაურდა, მაგრამ მერე სოსელია სინბინით რომ დაისაჯა, ხუთ წუთში წიკლაურმა ჯარიმით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. სათამაშო კიდევ 20 წუთი იყო, მაგრამ ქულის აღება ვერავინ მოახერხა და “არმაზმა” 12:10 იმარჯვა.

“აკადემიამ” ქუთაისის “აიას” დიდი ბრძოლა გაუმართა და ტაიმი 9:6 მოუგო. სინაურიძის ორ ჯარიმას მათიაშვილმა სამი ზუსტი დარტყმით უპასუხა, აქედან ბოლო დარტყმა ზედ ტაიმის წინ შეასრულა და აკადემიელებს გამარჯვების იმედი ჩაესახათ, მაგრამ დაიწყო მეორე ტაიმი და ქუთაისელები ათამაშდნენ. მალე ყურაშვილმა ლელო გაიტანა და სინაურიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მათიაშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა 62-ე წუთზე მატკავამ “აიას” მეორე ლელო მიითვალა და ანგარიში 20:12 გახდა.

67-ე წუთზე რეფერიმ როხვაძეს პირდაპირ წითელი ბარათი რომ უჩვენა, თბილისელებს მატჩის ბედის შემოტრიალების იმედი გაუჩნდათ, მაგრამ სინაურიძემ არეკნით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 78-ე წუთზე მაკაროვმა ერთი საპასუხო ლელოს გატანა შეძლო, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო, დარჩენილ დროში “აკადემიამ” ვეღარაფერი მოახერხა და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა - 17:23.

1 დეკემბერს მე-9 ტურის კიდევ ორი თამაში გაიმართება. ბათუმში ადგილობრივი გუნდი “ჯიქებს” მასპინძლობს, ხოლო ბოლნისის “ყოჩები” თბილისის “ლოკომოტივს” რუსთავში დაუხვდება.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. IX ტური

30 ნოემბერი

რუსთავი. ახალი. 100 მაყურებელი

ხარები (რუსთავი) - არმაზი (თბილისი) 10:12 (7:7)

ხარები: 15. წიკლაური (უმცროსი), 14. მელიქიშვილი, 13. გულიტაშვილი, 12. ბ. ბებიაშვილი, 11. გ. ბებიაშვილი (თეგეთაშვილი 50), 10. ბასილაია, 9. ხუციშვილი; 1. მაჭარაშვილი, 2. აღაშვილი, 3. წიკლაური, 4. ხელია, 5. ქარუხნიშვილი, 6. გოგიაშვილი, 7. ღამბარაშვილი (ტყეშელაშვილი 75), 8. ქვლივიძე.

1 ლელო: ხუციშვილი

1 გარდასახვა: წიკლაური

1 ჯარიმა: წიკლაური

არმაზი: 15. ნიკოლავა, 14. სირაძე, 13. მაისურაძე (კიკნაძე 41), 12. კაიფაჯიანი, 11. პინაიშვილი, 10. ჩხაიძე, 9. აბუსერიძე (მისრიაშვილი 70); 1. ბეჟიაშვილი, 2. თაგაური, 3. მარგველანი, 4. ჭელიძე, 5. არჩუაშვილი, 6. ამირანაშვილი (კანდელაკი 72), 7. გიგაური (მინაშვილი 80), 8. სოსელია.

2 ლელო: გიგაური, ჩხაიძე

1 გარდასახვა: ნიკოლავა

1 სინბინი: სოსელია (54)

 

თბილისი. “ავჭალა”. 300 მაყურებელი

ლელო (თბილისი) - არმია (თბილისი) 12:16 (0:0)

ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ზაალიშვილი, 13. კორკელია, 12. გუგავა (ხეცურიანი 36), 11. ნიჟარაძე, 10. ხმალაძე (მჭედლიშვილი 45; მინდიაშვილი 73), 9. კაჭარავა; 1. პატარაია, 2. ბელქანია, 3. მელიქიძე (ლომთაძე 59), 4. ხორბალაძე (ნიკოლაიშვილი 59), 5. ქოიავა, 6. მძინარიშვილი (სურგულაძე 45), 7. კოლელიშვილი, 8. ჭყოიძე.

3 ჯარიმა: ყიასაშვილი

1 არეკნი: ყიასაშვილი

2 სინბინი: კაჭარავა (7), ბელქანია (25)

არმია: 15. შკინინი, 14. ტუჩაშვილი, 13. გაბროშვილი, 12. გაგოშვილი, 11. ნუცუბიძე, 10. აფციაური (ბაირამაშვილი 41), 9. ღვინჯილია; 1. კაკოვინი (გურგენიძე 59), 2. მეკოკიშვილი, 3. ზაქაშვილი (ხარებავა 74), 4. ჩიტიძე (აზალაძე 61), 5. ცხადაძე, 6. თხილაიშვილი, 7. დარასელია (ბიწაძე 66), 8. მაისურაძე.

1 ლელო: გაგოშვილი

1 გარდასახვა: ნუცუბიძე

3 ჯარიმა: ნუცუბიძე

1 სინბინი: გაგოშვილი (25)

 

თბილისი. “შევარდენი”. 100 მაყურებელი

აკადემია (თბილისი) - აია (ქუთაისი) 17:23 (9:6)

აკადემია: 15. მაკაროვი, 14. კალანდარიშვილი, 13. სიჭინავა, 12. ილურიძე (ჭუაძე 69), 11. მათიაშვილი, 10. ქოპილაშვილი, 9. ჩაბრაძე (ჯ. ღამბაშიძე 52); 1. მაზმიშვილი (ფეიქრიშვილი 64), 2. წვერავა, 3. ფეიქრიშვილი (გ. ღამბაშიძე 49), 4. ნებულიშვილი, 5. ბერიკაშვილი, 6. ნიბლაძე, 7. ლუარსაბიშვილი, 8. გოგოლაძე.

1 ლელო: მაკაროვი

4 ჯარიმა: მათიაშვილი

აია: 15. კვერნაძე, 14. შაშიაშვილი, 13. კუხიანიძე (ბაბუნაშვილი 50), 12. ირემაძე, 11. აბრამიძე, 10. სინაურიძე, 9. როხვაძე; 1. ასათიანი (მატკავა 41), 2. სალდაძე (არჩვაძე 41), 3. ჩხიკვაძე, 4. ჩიტეიშვილი, 5. ძაგნიძე, 6. რევიშვილი, 7. შალამბერიძე, 8. ყურაშვილი.

2 ლელო: ყურაშვილი, მატკავა

2 გარდასახვა: სინაურიძე

2 ჯარიმა: სინაურიძე

1 არეკნი: სინაურიძე

1 გაძევება: როხვაძე (67)

 

1       ლელო     9       7       0       2        220-109       33      
2 აია 9 7 0 2 192-118 32
3 ლოკომოტივი 8 6 0 2 187-131 28
4 არმაზი 9 6 0 3 173-175 26
5 არმია 9 5 1 3 225-161 26
6 ყოჩები 8 4 1 3 196-170 21
7 ჯიქები 8 3 2 3 180-129 20
8 ხარები 9 1 0 8 113-223 7
9 აკადემია 9 1 0 8 99-226 7
10 ბათუმი                                                                8              1             0            7              118-261             5              

 

1 დეკემბერი

ბათუმი. ანგისა. 15:00 საათი

ბათუმი (ბათუმი) - ჯიქები (თბილისი)

რუსთავი. ახალი. 16:00 საათი

ყოჩები (ბოლნისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

 


0.186955