„სულ უფრო ცოტა დრო რჩება კარმელო ენტონის იისფერ და ოქროსფერ ფორმაში ხილვამდე“ - ასე იწყებს www.nba.com -ის ერთ-ერთი მიმომხილველი საკუთარ სტატიას.
„ლეიკერსის“ ხელმძღვანელობა და კარმელო ენტონი ერთმანეთს გუშინ შეხვდნენ და შესაძლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. გავრცელებული ინფორმაციით, „ლეიკერსი“ მზადაა, ენტონის საუკეთესო კონტრაქტი შესთავაზოს - 95 მილიონი ამერიკული დოლარი ოთხ წელიწადში (უკეთეს პირობებს მას მხოლოდ „ნიქსი“ სთავაზობს - 129 მილიონი ამერიკული დოლარი ხუთ წელიწადში).
სტატიაში ნათქვამია, რომ ენტონი - ბრაიანტის დუეტი სწორედ ისაა, რაც „ლეიკერსს“ საჩემპიონო რბოლაში დააბრუნებს.
ლოს ანჯელესამდე, ენტონი ჩიკაგოს, ჰიუსტონსა და დალასს სტუმრობდა, მაგრამ არცერთი შემოთავაზება არ გამოიყურება ისე მიმზიდველად, როგორც „ლეიკერსის“. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი - კარმელოს ცოლი, რომელიც შოუ-ბიზნესითაა დაკავებული და ამ მხრივაც, ლოს ანჯელესური გუნდი ფავორიტია.
ამავდროულად, სხვადასხვა გუნდების შემოთავაზებებს განიხილავს ლებრონ ჯეიმსიც. მისი აგენტი ცდილობს, ისეთივე შეთავაზება მიიღოს რომელიმე გუნდისგან, როგორიც ენტონის „ლეიკერსმა“ გაუკეთა. აღსანიშნავია, რომ კალიფორნიული გუნდის სახელფასო ჭერი „ლეიკერსს“ საშუალებას აძლევს, მსგავსი კონტრაქტი კიდევ ერთ მოთამაშესთან გააფორმოს. სწორედ ამიტომ, კალიფორნიული გუნდის გენერალური მენეჯერი მიჩ კაპჩაკი კლივლენდში გაფრინდა, რათა ხვალ ლებრონსა და მის აგენტს შეხვდეს. მიმომხილველის აზრით, „ლეიკერსი“ აქაც ფავორიტია, რადგან, დადის ხმები, რომ კარმელოს და ლებრონს ერთ გუნდში თამაში სურთ.
ჯერჯერობით, არაფერია გადაწყვეტილი და დაველოდოთ ოფიციალურ ინფორმაციას, მაგრამ ფაქტი ერთია - „ლეიკერსი“, ალბათ, ერთადერთი გუნდია კარმელოსა და ჯეიმსის მსურველებს შორის, რომელსაც შეუძლია, ორივე მოთამაშეს მაქსიმალური კონტრაქტი გაუფორმოს.
ლევან გოგოტიშვილი