ფეხბურთი

10:25 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონის ამბები: ხუბუტიას გუნდმა იმარჯვა, დვალიშვილისამ - წააგო

რუსეთის თასის 1/16 ფინალში იმდენი სენსაცია მოგროვდა, თვლა არ აქვს. ზედიზედ გავარდნენ პრემიერლიგის გუნდები: "ზენიტი", "დინამო", "რუბინი", "ურალი" და "ამკარიც", რომელიც აკაკი ხუბუტიას "მორდოვიამ" გამოთიშა პენალტების სერიაში. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, დამატებითში გოლი არ გასულა, პენალტებში კი "მორდოვიამ" 4:3 მოიგო. ხუბუტიამ 120 წუთი ითამაშა. მას თერთმეტმეტრიანი არ დაურტყამს.

ხორვატიის თასის მეოთხედფინალში გავიდა გიორგი ილურიძის "ჰაიდუკი", რომელმაც სტუმრად დამატებით დროში აჯობა "ვინოგრადარს" – 3:1 (ძირითადი 1:1). ილურიძეს ამ შეხვედრაში არ უთამაშია: მწვრთნელმა რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა.

პოლონეთის ჩემპიონატში "ლეგიამ" გასვლაზე 1:3 წააგო "ზავიშასთან". ლადო დვალიშვილმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. "ლეგია" "გურნიკთან" ერთად ლიდერობს ჩემპიონატს.

პორტუგალიის ლიგის თასზე, 1/16 ფინალის ეტაპი სასწაულებრივად გადალახა ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ". მათ "მორეირენსესთან" სტუმრად 0:0 ჰქონდათ ნათამაშევი და შინ 87-ე წუთამდე 2:3-ს აგებდნენ, თუმცა ბოლო წუთებში 2 გოლი გაიტანეს და მოიგეს. ებრალიძე სასტარტოში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს, როცა მისი გუნდი 1:2-ს აგებდა.


 

0.114664