ფეხბურთი

0:38 | 12.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: საუკეთესო ანანიძე, ქართველთა გუნდების გავარდნები

 რუსეთის პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურში, ჯანო ანანიძის “როსტოვმა” შინ 2:0 სძლია მოსკოვის “ლოკომოტივს” და ფაქტობრივად, ჩემპიონობის ყველანაირი შანსი გადაუწურა რკინიგზელებს. ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა ქართველმა ნახევარმცველმა: შეიძლება ითქვას, სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოც კი. მას თითქმის ყველაფერი გამოსდიოდა და მოედანზე ყველაზე აქტიური ფიგურა გახლდათ. ჯანოს გუნდი პრემიერლიგაში მერვე ადგილზეა, ხოლო ქართველი ფეხბურთელი სეზონის დასრულების შემდეგ, მოსკოვის ’სპარტაკს” დაუბრუნდება: ის ხომ განათხოვრებით გახლავთ “როსტოვში”.

გავარდა მახაჩყალის “ანჟი”, რომელმაც გასვლაზე 0:1 წააგო “კრასნოდართან”. გია გრიგალავა სასტარტოში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს.

დანიის სუპერლიგას დაემშვიდობა “ორჰუსიც”, რომელმაც ბოლოსწინა ტურში შინ 0:3 წააგო “სონდერისკესთან”. როგორ მოახერხა გავარდნა, მართლაც საინტერესოა... “ორჰუსი” ორიოდე თვის წინ ხუთეულში იყო. ქართველებს არ უთამაშიათ, მეტიც, არც მათე ვაწაძე, არც დავით სხირტლაძე და არც დავით დევდარიანი განაცხადშიც არ ყოფილან. დევდარიანსა და ვაწაძეს ტრავმა აწუხებთ.

თურქეთის სუპერლიგის ბოლოსწინა ტური გაიმართა და შოთა არველაძის “ქასიმფაშამ” შინ 1:1 ითამაშა “რიზესფორთან” და მეექვსე ადგილზე დარჩა. შოთას გუნდი 2 ქულით ჩამორჩება “ტრაბზონსფორს”, ასე რომ, შესაძლოა მეხუთეზე დაასრულოს სეზონი.

აუტსაიდერმა “ქაისერისფორმა” “ქონიასფორთან” 0:3 წააგო. ქაისერელთა გუნდის გავარდნა ორი ტურის წინ გადაწყდა. ზურაბ ხიზანიშვილს, როგორც იცით, ტრავმა აწუხებს და ამიტომაც ვერ თამაშობს.

პორტუგალიის ჩემპიონატი დასრულდა და “ჟილ ვისენტემ” ბოლო ტურში 1:0 სძლია ”ნასიონალს”. ავთო ებრალიძის გუნდმა სეზონი მე-13 ადგილზე დაასრულა. ავთომ “ნასიონალთან” 86 წუთი ითამაშა და პენალტის უფლება მოიპოვა.

უკრაინულ პრემიერლიგაში “დნიპრომ” გასვლაზე 4:1 სძლია “ვორსკლას” და მეორე ადგილზეა, თუმცა ჩემპიონობის მიზერული შანსიღა აქვს: 3 ტური დარჩა და 6 ქულით ჩამორჩება დონეცკის “შახტარს”. ჯაბა კანკავამ “ვორსკლასთან” შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე კვლავაც არ იყვნენ განაცხადში.

მეშვიდეადგილოსანმა “ზორიამ” შინ 1:3 წააგო “შახტართან”, ჯაბა ლიპარტიას კი არ უთამაშია: სათადარიგოებში იყო.

“კარპატიმ” შინ 2:4 წააგო “მეტალისტთან”, ბუბა დაუშვილმა კი მხოლოდ საწყისი 16 წუთი დაჰყო მინდორზე: შეცვალეს, რადგან მცირე ტრავმა მიიღო. “კარპატი” მეათე პოზიციაზეა.

მეთერთმეტეზე მყოფი “ილიჩივეცი” 0:2 დამარცხდა კიევის “დინამოსთან”, თუმცა დავით თარგამაძე განაცხადში არ ყოფილა. საერთოდაც, მარიუპოლში ძალიან დაძაბული ვითარებაა და აკი თარგამაძემაც თქვა, რომ სავარაუდოდ, ორიოდე დღეში საქართველოში წამოვა, გამომგზავრებაში კი კლუბი დაეხმარება. ეს შეხვედრა მარიუპოლის ნაცვლად, კიევში გაიმართა.

თორნიკე ოქრიაშვილმა 77 წუთი ითამაშა “ჰოვერლა”-“ჩერნომორეცის” შეხვედრაში, რომელიც 1:1 დასრულდა. ოქრიაშვილი აქტიური გახლდათ და მარცხენა ფლანგზე არაერთხელ შეაწუხა მცველები. ოდესელები მეხუთე საფეხურზე არიან.

“სევასტოპოლმა” გასვლაზე 2:1 აჯობა “ვოლინს” და მეცხრე ადგილზეა. მათე ღვინიანიძე და დავით დარციმელია განაცხადში არ ყოფილან. დარციმელიას ჯერ დუბლებში უწევს თამაში.

კვიპროსზე შოთა გრიგალაშვილის “ანორთოსისი” აპოელ-თან შერცხვა და გასვლაზე 1:8 წააგო. გრიგალაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მისი გუნდი მეექვსე ადგილზეა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.132953