როგორც იცით, პარასკევს ლადო დვალიშვილი 86-ე წუთზე ჩაერთო "ლეგია"-"გურნიკის" შეხვედრაში და ლამაზი გოლიც გაიტანა, რითაც ანგარიში 3:0 გახადა. დვალიშვილმა საჯარიმოში ზურგით მდგომმა მიიღო ბურთი, ორი მცველი ჩამოიშორა და შემოტრიალებით დაარტყა კარში.
დვალიშვილი: "გოლი? მთავარია, რომ მოვიგეთ. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. რაც შეეხება გოლს, უბრალოდ, მოვტრიალდი და დავარტყი".
"ლეგიას" მწვრთნელ ურბანს შეეკითხნენ, თუ რატომ ათამაშებს დვალიშვილს მხოლოდ შეცვლებზე:
"ლადოს ველაპარაკე. ვუთხარი, რომ იმ ფეხბურთელებს ვეყრდნობოდი, რომლებმაც შემოდგომაზე და ზამთარში არ გამაწბილეს. დვალიშვილმა რეზერვისტის როლი აითვისა და სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად უნდა იბრძოლოს. ჩვენი თამაში დინამიურია და ამის დაკარგვა არ მსურს. მოხარული ვარ, რომ დვალიშვილი მშვენივრად ჩაერთო თამაშში და არაფრისგან გოლი გაიტანა. ლადომ ამით რეპუტაცია კიდევ უფრო აიმაღლა".