კალათბურთი

15:55 | 13.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონმა ფაჩულიას ”მილუოკიც” უშანსოდ დატოვა

“მილუოკი ბაქსმა”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია იცავს, ფლორიდაში “მაიმი ჰითთან” ითამაშა და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, უშანსოდ – 95:118 წააგო.

მილუოკელთა წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად ტრავმიანობაც უნდა მივიჩნიოთ. გუნდს ვერაფრით ეხმარებიან ერსან ილიასოვა, ლუკ რიდნური და ლარი სანდერსიც, რომელიც ფაჩულიას უშუალო კონკურენტი გახლდათ, თუმცა, ბარში ჩხუბისას დაზიანებულ ხელზე ოპერაციის გაკეთება მოუხდა და დაახლოებით თვენახევარი დაისვენებს.

სანდერსის არყოფნაში, ქართველი ცენტრი ისევ სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, თამაში არ წაუვიდა. ზაზამ მოედანზე 17:57 წუთი გაატარა და სტუმრებს 3 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. ფაჩულიამ 4-დან 1 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. ამასთან პასივში 1 პერსონალური ფოლიც ჰქონდა.

მილუოკელებმა ვერაფერი მოუხერხეს ლებრონ ჯეიმსს, რომელმაც 29:58 წუთში 33 ქულა ჩააგდო, “ბაქსს” კი 18-18 ქულით ჯონ ჰენსონმა და გარი ნილმა ულიდერეს.

2 მოგებით და 4 მარცხით “მილუოკი” აღმოსავლეთ კონფერენციის ცენტრალურ დივიზიონში ბოლოსწინა მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი ხვალ დილით, ისევ ფლორიდაში, “ორლანდოსთან” გამართავს.

0.115497