კალათბურთი

11:40 | 31.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონმა და “მაიამიმ” სერიაში ლიდერობა დაიბრუნეს

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის რიგით მეხუთე შეხვედრაში “მაიამიმ” American Airlines Arena-ზე ლებრონ ჯეიმსის ფენომენალური თამაშის წყალობით 90:79 დაამარცხა “ინდიანა” და ახლა “ჰიტს” ერთადერთი მოგებაღა აშორებს სუპერფინალამდე (სერიაში ანგარიში 3:2-ია).

მატჩი “პეისერზმა” ბრწყინვალედ დაიწყო –სამწამიან ზონაში დომინანტურად გამოიყურებოდა როი ჰიბერტი, რომელიც აშკარად ჩაგრავდა პირად დუელში კრის ბოშს, ხოლო პერიმეტრიდან მასპინძლებს პოლ ჯორჯი ბომბავდა.სწორედ ამ დუეტმა მიითვალა სტუმართა 23-ივე ქულა პირველ მეოთხედში და მეორე პერიოდის სტარტზე საკუთარ გუნდს 4 ქულიანი ჰანდიკაპი მოუტანა (23:19).

“მაიამიმ” ნელ-ნელა გამოფხიზლება დაიწყო. ჯეიმსმა გადაწყვიტა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გასულიყო ფონს, რადგან “ჰიტის” მცდელობას გუნდური კალათბურთი ეთამაშა – დადებითი შედეგი არ მოჰქონდა. რისკმა გაამართლა და დიდ შევენებამდე 1 წუთით ადრე ანგარიშიც გათანაბრდა 40:40. თუმცა ბოლო წამებზე გამოიღვიძა “ჩრდილში მყოფმა” დევიდ ვესტმა, რომელმაც ზედიზედ ორჯერ იხეირა შეტევაში და 44:40 მოაგებინა პირველი ტაიმი “პეისერზს”.

მატჩის მესამე მეოთხედში მასპინძლებმა სტუმრები წრაფადვე “ნოკაუტში” გააგზავნეს. ლებრონმა სრული პოტენციალი გამოავლინა და ერთბაშად 16 ქულა ჩააგდო, მარცხენა კუთხიდან თითქმის შეუცდომლად ისროდა გუნდის კაპიტანი უდონოს ჰასლემი (5-6 ორქულიანი), “ჰიტი” დაცვაშიც თითქმის იდეალურად ირჯებოდა, პოლ ჯორჯზე დაწესებულმა ორმაგმა მეურვეობამ გაამართალა – წლის ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე მალევე “დაიკარგა”, გაუფერულდა როი ჰიბერტიც, ხოლო ჯორჯ ჰილისა და ლენს სტივენსონის ჯამური მონაგარი კვლავ 1 ქულა გახლდათ – ამ ფაქტორთა გათვალისწინებით გასაკვირი აღარც იყო, რომ მოქმედმა ჩემპიონებმა პერიოდი 30:13 მოიგეს და უდიდესი განაცხადი გააკეთეს მატჩის მოგებაზე.

უკანასკნელი თორმეტწუთეულის სტარტზე “პეისერსმა” გაიბრძოლა, თუმცა ეს მცდელობა ერთჯერადი აღმოჩნდა – “მაიამიმ” მალევე დაიბრუნა ორციფრიანი ჰანდიკაპი და შეხვედრა გამარჯვებამდე იოლად მიიყვანა – 90:79.

MVP ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომლის მონაგარიც ტრადიციულად სამმაგ დუბლთან ახლოს ტრიალებდა - 30 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი. “ჰიტის” რიგებში შედეგიანობის მხრივ მეორე ჰასლემი გახლდათ -16 ქულა, ხოლო მესამე – Mმარიო ჩელმერსი (12). “ინდიანას” შემადგენლობაში თუ ვინმეს გამოყოფა შეიძლება, ეს რაღა თქმა უნდა როი ჰიბერტი იყო, რომელიც თავდაუზოგავად იბრძოდა, მაგრამ მხოლოდ მისი თავდადება არ აღმოჩნდა საკმარისი საბოლოო წარმატებისათვის - 22 ქულა, 6 მოხსნა.

მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა და მსაჯებმა კალათბურთელები ხუთჯერ დასაჯეს ტექნიკური ფოლებით – “მაიამის” შემადგენლობიდან ანდერსენი, ჰასლემი და ჩელმერსი, ხოლო “პეისერზიდან” ტაილერ ჰენსბრო და დევიდ ვესტი.

“ბერდიმენად “ წოდებული კრის ანდერსენი აგრძლებს შთამბეჭდავს ერიას – მას აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში თამაშიდან ჯერბურთი არ აუცილებია (17-17 ორქულიანი).

“მაიამიმ” დღევანდელ მატჩში თითქმის ყველა საკალათბურთო ასპექტში დაჯაბნა მეტოქე: მოხსნები 32:33, შეტევაში მოხსნები 6:6, შეცდომები 10:17, სწრაფი შეტევის შედეგად დაგროვილი ქულები 9:4, ყველაზე დიდი ლიდერობა მატჩში 15:7, სამწამიანი ზონიდან აღებული ქულები 34:32, სათადარიგოთა სკამიდან შესული მოთამაშეების ქულათა შეფარდება 15:8.

სერიის რიგით მე-6-ე მატჩი ზეგ დილას გაიმართება, რომელსაც ამჯერად “ინდიანას” საშინაო არენა უმასპინძლებს.

მაიამი – ინდიანა 90:79 (19:23, 21:21, 30:13, 20:22)

მაიამი: ჩელმერსი (12), ვეიდი (10), ბოში (7), ჰასლემი (16), ჯეიმსი (30+8მ+6პ); ბეტიე, ანდერსენი (4), კოული (4), ალენი (7)

ინდიანა: ჰილი (1), სტივენსონი (4), ჰიბერტი (22), ვესტი (17), ჯორჯი (27ქ+11მ+5პ); იანგი (2), ტ. ჰენსბრო (3), ოგუსტინი, მაინმი (3)

მაიამი იგებს სერიას 3:2

 

0.195863