კალათბურთი

11:01 | 19.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონი და ”მაიამი” ”მეფემ” იხსნა

 ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2012-13 წლების სეზონის ჩემპიონის ვინაობა 20 ივნისს (ჩვენი დროით 21-ში გამთენიისას) სუპერფინალის მეშვიდე მატჩში გამოვლინდება. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც დღეს დილით ”მაიამი ჰითმა” ოვერტაიმში ”სან ანტონიო სპერზი” 103:100 დაამარცხა და საკალათბურთო სამყაროს კიდევ ერთი დიდოსტატური ორთაბრძოლის ხილვის საშუალება მიეცემა.

არადა, ტეხასელებს მშვენიერი შესაძლებლობა ჰქონდათ სუპერსერიის გამარჯვებულის ვინაობა ფლორიდის შტატში ჩატარებულ მეექვსე შეხვედრაში გაერკვიათ. სან ანტონიოელები მეოთხე პერიოდის დასრულებამდე 30-იოდე წამით ადრე 5 ქულით იგებდნენ და ნბა-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მზადება დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიისთვის დაიწყეს - მათ პარკეტის ირგვლივ დამცავი თოკის გაბმა განიზრახეს, რათა გულშემატკივრები მოედანზე არ შეჭრილიყვნენ. თუმცა, მოვლენების ამგვარი განვითარების კატეგორიული წინააღმდეგნი ”მეფე ლებრონი” და მისი პარტნიორები იყვნენ.

”მაიამიმ” მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხა. ჯერ ჯეიმსმა ზუსტად გაისროლა სამქულიანი, შემდეგ სანანტონიოელმა კავაი ლეონარდმა მხოლოდ ერთი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა და დასკვნითი მეოთხედის ბოლო წამებზე ტეხასელები წინ 3 ქულით იყვნენ. ანგარიშის გათანაბრება ლებრონმა კიდევ ერთი სამქულიანით სცადა. ამჯერად მისი მცდელობა უშედეგო გამოდგა, თუმცა, ბურთი კრის ბოშმა მოხსნა, რეი ალენს მიაწოდა, რომელმაც ოდნავ უკან დაიხია და ზუსტადაც გაისროლა - 95:95. ეს მეოთხე პერიოდის დასრულებამდე 5 წამით ადრე მოხდა.

„სან ანტონიო“ დამატებით დროშიც წინ იყო - 100:97, მაგრამ ოვერტაიმის დაკვნით ორნახევარწუთში საკუთარ აქტივს ქულა ვერ დაამატა. საფინალო სირენამდე 2 წამი რომ რჩებოდა, როდესაც 38 წლის ვეტერანმა რეი ალენმა (მისი სახელის წარმომავლობა ლათინურ, ინგლისურ და ინდოურ ენებზე ”მეფეს” უკავშირდება) 103:100 დააწინაურა ”მაიამი”.

„სან ანტონიოს“ თავკაცმა გრეგ პოპოვიჩმა წუთშესვენაბ აიღო. გადამწყვეტი ტყორცნის შესრულება დენი გრინს დაეკისრა. შეგახსენებთ, მან მიმდინარე ფინალური სერიის პირველ 5 მატჩში 26 სამქულიანი ჩააგდო და ამ მაჩვენებლით ნბა-ს სუპერფინალების რეკორდსმენიც გახდა, მაგრამ ამჯერად დენის მცდელობა უშედეგო გამოდგა.

”ეს საუკეთესო შეხვედრა იყო, რომელშიც მიმიღია მონაწილეობა. ბედნიერი ვარ ისეთი მატჩის მოგებით, რომლის მსვლელობისას თითქოს წარმატების მიღწევის შანსი გადაწურული ჩანდა”, - განაცხადა ნამატჩევს ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც სუპერსერიის მეექვსე აექრობა სამმაგი დუბლით დაასრულა.

 მაიამი – სან ანტონიო 103:100 დ.დ. (27:25, 17:25, 21:25, 30:20, 8:5) 

მაიამი: ჯეიმსი (32ქ, 11პ, 10მ, 3ჩ), ჩელმერზი (20ქ), უეიდი (14ქ, 4პ, 2დ), ბოში (10ქ, 11მ, 3ჩ, 2დ), ალენი (9ქ), ბატიე (9ქ), მილერი (8ქ, 7მ), ანდერსენი (1ქ, 3ჩ).

სან ანტონიო: დანკანი (30ქ, 17მ), ლეონარდი (22ქ, 11მ, 3ჩ), პარკერი (19ქ, 8პ), ჯინობილი (9ქ, 3პ), დიაო (7ქ), ნილი (5ქ), სპლიტერი (5ქ), გრინი (3ქ, 2დ), ბონერი. 

სერიის ანგარიში 3:3

0.126901