ფეხბურთი

21:28 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლაურენტიუ რეგეკამპფი: "თუ დააკვირდებით, ჩვენ გასვლაზეც მოსაგებად ვთამაშობთ"

ბუქარესტის "სტიაუამ" "დინამო არენაზე" ვარჯიში 20:00 საათზე დაიწყო, მანამდე 15 წუთით ადრე კი გუნდის მწვრთნელმა ლაურენტიუ რეგეკამპფმა პრესკონფერენცია გამართა.

ლაურენტიუ რეგეკამპფი: ყოველნაირად მზად ვართ თბილისის "დინამოსთან" სათამაშოდ. II საკვალიფიკაციო ეტაპზე მაკედონიის "ვარდარი" გამოვთიშეთ, თუმცა ვიცი, რომ ახლა უფრო ძლიერ გუნდთან მოგვიწევს დაპირისპირება. მიზანი ნათელია: ეს ეტაპიც უნდა გადავლახოთ და შესაბამისად, პირველი მატჩის შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

- როგორ დაახასიათებდით თბილისის "დინამოს"?

- კარგი გუნდია, შეტევაშიც ძლიერები არიან და კონტრშეტევებზეც კარგად გადადიან. თამაში გვაჩვენებს.

- უჰრინს ჰკითხეს და თქვენც გკითხავთ: თბილისში თუნდაც ნულოვანი ფრე თქვენთვის მისაღები იქნება?

- თუ გავითვალისწინებთ, რომ სტუმრად ვთამაშობთ, ფრე ურიგო შედეგი არ იქნება, მაგრამ კარგად თუ დავაკვირდებით, "სტიაუა" შინ და გასვლაზეც მოსაგებად თამაშობს.

- გადაწყდა, სად გაიმართება 6 აგვისტოს მატჩი?

- "ნაციონალ არენაზე".

 

...რეგეკამპფს ეჩქარებოდა, ვარჯიში იწყებოდა. წვრთნა ჟურნალისტებისთვის მხოლოდ 15 წუთით იყო ღია და ამიტომაც, მხოლოდ ფიზმომზადების პროცესს ვუყურეთ. "სტიაუას" ყველა ფეხბურთელს მუხლებზე სპეციალური რეზინები ჰქონდა შემოჭერილი და ასე აკეთებდნენ მოძრაობებს, შემდეგ კი მოიხსნეს და მოკლე მანძილზე სირბილში წაივარჯიშეს.

კიდევ ერთხელ გაცნობებთ "სტიაუას" სავარაუდო თერთმეტეულს: ტატარაშანუ - გეორგიევსკი, შუკალა, კირიკეში, ლატოვლევიჩი - ბურჩიანუ, პინტილი - პოპა, სტანკუ, ტანასე - ნიკოლიჩი.

"სტიაუას" 15-მდე ფანიც მოვიდა, სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ სტადიონზე. შეხსენებისთვის, "დინამო"_"სტიაუა" სამშაბათს 20:00 საათზე დაიწყება.  


0.228467