სტატიები

11:00 | 12.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლატვია და საქართველო - საინტერესო ციფრები

დღეს, ევრო-2012-ის შესარჩევის F ჯგუფში მე-4 ტურის მატჩებია. რიგაში ბევრი რამ გაირკვევა საქართველოს ნაკრებისთვის. უპირველესად, როგორი იმედებით შევხვდებით 2011 წელს, როცა უკვე გადამწყვეტ ფაზაში შევა შესარჩევი ციკლი.
თემურ ქეცბაიას ხუთქულიანი ნაკრები, ალექსანდრ სტარკოვის სამქულიან გუნდს სტუმრობს. ცხრილიდან გამომდინარე, ლატვიელებს უსიკვდილო მოგება ესაჭიროებათ, თუმცა იგივე მიზანი აქვს საქართველოსაც – ვეჭვობთ, რომ “ჯვაროსნები” ფრეს შემთხვევაში სიხარულით მეცხრე ცას ეწიონ. ქეცბაიას გუნდს ამ შესარჩევში წაგება არ უნახავს და როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოდის – შემოდგომაზე თუ მორიგი სამი ქულა “დაიწურება”, ამას რა აჯობებს.
საქართველოსთვის ეს მე-9 შესარჩევი ეტაპია (მუნდიალის და ევროჩემპიონატის ერთად აღებული), ლატვიისთვის კი – მე-10. საბჭოეთის დაშლის შემდეგ, ბალტიისპირელებმა ფიფა-ში შესვლა “დაგვასწრეს” და მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის შესარჩევში ითამაშეს.
აქ, ორივე ნაკრების შესარჩევ ეტაპებზე ნაჩვენებ შედეგებზე და სტატისტიკაზე გვექნება საუბარი. არავითარი ამხანაგური მატჩები – მხოლოდ შესარჩევი.

ლატვია
შინ:
48 მატჩი - 16 მოგება, 11 ფრე, 21 წაგება, ბურთები 51:55, ქულა 59.
სტუმრად: 49 მატჩი - 16 მოგება, 6 ფრე, 27 წაგება, ბურთები 60:90, ქულა 54.
სულ: 97 მატჩი - 32 მოგება, 17 ფრე, 48 წაგება, ბურთები 111:145, ქულა 113.

საქართველო
შინ:
41 მატჩი – 14 მოგება, 12 ფრე, 15 წაგება, ბურთები 49:48, ქულა 54.
სტუმრად: 40 მატჩი – 6 მოგება, 3 ფრე, 31 წაგება, ბურთები 40:82, ქულა 21.
სულ: 81 მატჩი – 20 მოგება, 15 ფრე, 46 წაგება, ბურთები 89:130, ქულა 75.

აქედანაც ჩანს, რომ ლატვიის ნაკრები გამოკვეთილად “სახლის გუნდი” სულაც არაა. გასვლაზეც თითქმის იგივე შედეგი აქვს, როგორიც შინ. საქართველოზე იგივეს ვერ ვიტყვით, 16 წლის განმავლობაში 6 მოგება ძალიან ცოტაა.
საქართველომ სტუმრად ბოლოს 2006 წლის 16 აგვისტოს მოიგო (ფარერებთან 6:0), მას შემდეგ, ზედიზედ 10 მატჩი წააგო და მხოლოდ ამ შესარჩევის “გარიჟრაჟზე” შეწყვიტა უქულო სერია – საბერძნეთთან 1:1.
სტუმრად 6 მოგებიდან, საქართვე¬ლომ 5 გოლგაუშვებლად ჩაატარა, ხოლო აქედან ორ მატჩში, დიდი ანგარიშით იმარჯვა – ფარერებზე ვთქვით და სულ პირველად, ეს იყო ბალტიისპირეთში, 1999 წელს ლიტვასთან 4:0, სადაც ორი გოლი თემურ ქეცბაიამ შეაგდო.
“ჯვაროსნებს” სტუმრად 7-ჯერ წაუგიათ დიდი ანგარიშით, მათ შორის, 4-ჯერ 1:4.
სტუმრად ჩატარებულ 40 შეხვედრაში, საქართველომ მხოლოდ 5 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად. 14 მატჩი კი ისე დამთავრდა, რომ გოლი ვერ გავიტანეთ.
გასვლაზე გატანილი 40 გოლიდან, 10 შოთა არველაძემ მიითვალა. დღეს ნაკრებში მყოფი ფეხბურთელებიდან კი, სტუმრად ყველაზე ბევრი გოლი ალექსანდრე იაშვილს გაუტანია – 5. ლევან კობიაშვილს 4 ბურთი აქვს აქტივში. კიდევ, ლადო დვალიშვილსა (2-ჯერ) და მალხაზ ასათიანს (1) მოუხერხებიათ მეტოქეთა დამწუხრება.
საქართველოს ნაკრებს, ერთ შესარჩევ ციკლში ორი გასვლითი ფრე, არასოდეს ჰქონია.
საერთოდაც, ერთი გამონაკლისის გარდა, საქართველოს სტუმრად ზედიზედ ორი წაუგებელი მატჩი არ ჩაუტარებია. ის გამონაკლისი კი პირველ შესარჩევ ეტაპზე იყო (ალბანეთთან და უელსთან 1:0 მოგებები).  
საქართველოსთვის სტუმრად ყველაზე პოპულარული ანგარიშია 0:2 წაგება – ასეთი 7 შემთხვევა იყო.
ლატვიას შინ 4-ჯერ მოუგია დიდი ანგარიშით და 3-ჯერ წაუგია. როგორც საქართველოს ნაკრები სტუმრად, ლატვიისთვისაც შინ ყველაზე პოპულარული ანგარიშია 0:2 წაგება – ასევე 7 შემთხვევა.
ლატვიას შინ 6-ჯერ აქვს ნათამაშევი 0:0. საინტერესოა, რომ ლატვიას არცერთ მატჩში არ გაუტანია 5 და მეტი გოლი, როცა საქართველოს მსგავსი მიღწევა 2-ჯერ ჰქონია (უელსთან 5:0 და ფარერებზე უკვე იცით).
შინ ჩატარებულ შეხვედრებში, ლატიშებმა 17-ჯერ მშრალად შეინახეს კარი. თავად კი 20 მატჩში დარჩნენ გოლის გარეშე.
საშინაო შეხვედრებში, ლატვიელთაგან ყველაზე მეტი გოლი მარის ვერპაკოვსკისს გაუტანია  - 11. თუმცა დღეს, ვერპაკოვსკისი ორი ყვითელი ბარათის გამო ტოვებს შეხვედრას.
აქვე, საინტერესოა რომელ ადგილებზე გადიოდნენ ლატვია და საქართველო შესარჩევი ეტაპის ჯგუფებში. ლატვიელებს უკეთესი შედეგი აქვთ, სხვა თუ არაფერი, 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უთამაშიათ, როცა შესარჩევში მეორეზე გავიდნენ და ფლეი ოფში თურქებს აჯობეს – 1:0, 2:2.  

საქართველო
1996-ის შესარჩევი
– მე-3 ადგილი (6 გუნდში), 1998 – მე-4 (5 გუნდში), 2000 – მე-6 (6 გუნდში), 2002 – მე-3 (5 გუნდში), 2004 – მე-5 (5 გუნდში), 2006 – მე-6 (7 გუნდში), 2008 – მე-6 (7 გუნდში), 2010 – მე-6 (6 გუნდში).
საშუალოდ – 4,8 ადგილი.

ლატვია
1994-ის შესარჩევი
– მე-6 ადგილი (7 გუნდში), 1996 – მე-5 (6 გუნდში), 1998 – მე-4 (6 გუნდში), 2000 – მე-4 (6 გუნდში), 2002 – მე-4 (5 გუნდში), 2004 – მე-2 (5 გუნდში), 2006 – მე-4 (7 გუნდში), 2008 – მე-5 (7 გუნდში), 2010 – მე-3 (6 გუნდში).
საშუალოდ – 4,1 ადგილი.

როგორც ხედავთ, ლატვია ჯგუფში ბოლოზე არასოდეს გასულა, საქა-რთველომ კი ასეთი სირცხვილი 3-ჯერ ჭამა – მათ შორის, ბოლო შესარჩევ ციკლში.  
და ბოლოს, რამდენად იღბლიანი დღეა 12 ოქტომბერი ორივე გუნდისთვის. საქართველოს ამ დღეს ორჯერ უთამაშია, ორივე სტუმრად და ორივე წაუგია. ლატვიასაც სულ ორჯერ აქვს ნათამაშევი 12 ოქტომბერს – ერთი მარცხი, ერთი გამარჯვება.
12. 10. 1994.
ბულგარეთი – საქართველო 2:0.
12. 10. 2005.
საბერძნეთი – საქართველო 1:0.
12. 10. 2002.
პოლონეთი – ლატვია 0:1.
12. 10. 2005.
პორტუგალია – ლატვია 3:0.  

 

ილია ნანობაშვილი

0.140544