”ფორდის” ფინელი იარი-მატი ლატვალას გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიოს ჩემპიონატის მე-8 ეტაპი - ფინეთის რალი. ლატვალამ მიმდინარე სეზონში მე-2, კარიერაში კი, მე-4 გამარჯვება მოიპოვა. ამასთან, რაც ფინეთის რალი მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარში შევიდა (1973 წელს), 25 წლის ლატვალა მისი ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულია.
საბოლოოდ, მე-2 ადგილი ”სიტროენის” ფრანგმა სებასტიან ოჟიემ დაიკავა, რომელიც გამარჯვებულს 10 წამით ჩამორჩა. თავის მხრივ, მან 16 წამით აჯობა თავის სახელოვან თანამემამულეს, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონსა და მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ლოებს.
”ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ფინეთში ფანტასტიკური ფანები გვყავს და ძალიან მიხარია, რომ მათ წინაშე მივაღწიე ამ გამარჯვებას. აქ რბოლა შესანიშნავ გარემოში ტარდება და ის ყოველთვის ძალიან საინტერესო და ძნელია. ჩვენი გუნდის ბიჭებმა კი შესანიშნავად იმუშავეს და ეს გამარჯვებაც მათი დამსახურებაა”, - ნარბოლევს განაცხადა ლატვალამ, ვინც ამ სეზონში პირველი გამარჯვება ახალ ზელანდიაში მოიპოვა.
მეორე, გადამწყვეტი დღის წინ, ლატვალას მხოლოდ 9,1 წამით ჩამორჩებოდა ნორვეგიელი პეტერ სოლბერგი, მაგრამ ამან ”სიტროენის” ეკიპაჟების მაღალ ტემპს ვერ გაუძლო და საბოლოოდ, მე-4 ადგილს დასჯერდა. არადა, პირველ დღეს, ”ფორდის” მიკო ჰირვონენის ავარიის შემდეგ, ცოტა ხანს ლიდერობდა კიდეც.
ლოები თავისი მე-3 ადგილით ძალიან კმაყოფილი დარჩა - პირველ დღეს, როგორც თავად ჩიოდა, მისი მანქანა მართვას ძნელად ექვემდებარებოდა, რის გამოც, ის მიწაყრილსაც კი დაეჯახა. საბოლოოდ, მან ლიდერთან ჩამორჩენა ოდნავ კი შეამცირა, მაგრამ წინ გასვლა ვეღარ მოახერხა.
”რა თქმა უნდა, მე-3 ადგილი ის შედეგი არაა, რომელსაც ვისურვებდი, მაგრამ აქ რომ მოვდიოდი, გამარჯვებაზე არც მიფიქრია - ეს ჩემთვის ძალიან ძნელი რალია. რაც მთავარია, ეს შედეგი მთავარი მიზნის მიღწევაში - ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ძალიან გამომადგება”, - განაცხადა ლოებმა, ვისაც ახლა უკვე 166 ქულა აქვს და ის 48 ქულას უგებს ოჟიეს. 105 ქულით, ლატვალა მესამეზეა.
რბოლა მე-8 ადგილზე დაასრულა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, 51 წლის ფინელმა იუჰა კანკუნენმა, ვინც ბოლო 8 წელიწადში, რალის მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპზე საასპარეზოდ პირველად გამოვიდა. სამაგიეროდ, კვლავ ხელი მოეცარა ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონს, ფინელ კიმი რაიკონენს, რომელსაც მეორე დღეს ინციდენტი შეემთხვა და გზა მხოლოდ იმის წყალობით განაგრძო, რომ მისი მანქანა გზაზე მაყურებლებმა გამოაგორეს. საბოლოოდ, ის 25-ე ადგილს დასჯერდა.
ფინეთის რალის შედეგები
| 1. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) | 2:31:29.600 |
| 2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) | +00:10.100 |
| 3. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) | 00:26.000 |
| 4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) | 00:30.700 |
| 5. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) | 01:45.000 |
| 6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) | 05:43.700 |
| 7. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სუბარუ) | 05:50.800 |
| 8. იუჰა კანკუნენი (ფინეთი, ფორდი) | 07:49.000 |
| 9. იუჰო ჰანინენი (ფინეთი, შკოდა) | 09:05.000 |
| 10. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, შკოდა) | 10:15.700 |
პილოტების კლასიფიკაცია
1. სებასტიან ლოები - 166 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე - 118; 3. იარი-მატი ლატვალა - 105; 4. პეტერ სოლბერგი - 90; 5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) - 86; 6. დანიელ სორდო - 77; 7. მეტიუ უილსონი - 48; 8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) - 26; 9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) - 25; 10. მადს ოსტბერგი - 16; 11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) - 15; 12. პერ-გუნარ ანდერსონი - 8...
კონსტრუქტორთა პირველობა
1. სიტროენ ტოტალ WRT - 265 ქულა; 2. BP-ფორდ აბუ-დაბი WRT - 210; 3. სიტროენ ჯუნიორ ტიმ - 145; 4. შტობარტ VK M-შპორტ ფორდ WRT -108; 5. მუნჩი'ს ფორდ WRT - 40
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/







