”ფორდის” ფინელი პილოტის, იარი-მატი ლატვალას გამარჯვებით დასრულდა ახალი ზელანდიის რალი. ლატვალას გამარჯვებაში ხელი ფრანგმა სებასტიან ოჟიემ შეუწყო, ვინც ბოლო სპეცმონაკვეთის წინ, ფინელს 6.20 წამს უგებდა. ოჟიემ, ფინიშამდე 3 მოსახვევით ადრე, შეცდომა დაუშვა და დატრიალდა, რაზეც ”საკმარისი” დრო დაკარგა იმისათვის, რომ ლატვალა დაწინაურებულიყო.
”ეს დაუჯერებელია. თავიდან ზედმეტ რისკს ვერიდებოდი, რათა შეცდომები არ დამეშვა. ბოლო მონაკვეთზე კი გავიგე, რომ 2.7 წამით უკან ვიყავი და ტემპი გავზარდე. და მაინც, ფინიშზე რომ მითხრეს, გაიმარჯვეო, ამის დაჯერება გამიჭირდა”, - განაცხადა ლატვალამ, ვისთვისაც ეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული მე-3 გამარჯვებაა.
ამგვარად, ლატვალა თითქმის ერთ წელიწადში პირველი გამარჯვება მოიპოვა. შარშან ამ დროს, მან იტალიის რალი მოიგო. ახალ ზელანდიაში გამარჯვებით, ლატვალამ პილოტთა კლასიფიკაციაში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა და უკან მოიტოვა თანაგუნდელი მიკო ჰირვონენი და პეტერ სოლბერგი, რომელმაც რბოლის მიწურულს თავის ”სიტროენზე” კონტროლი დაკარგა და ელექტრობოძს დაეჯახა. საბედნიეროდ, მას და მის შტურმან ფილ მაილსს ტრავმა არ მიუღიათ.
მხოლოდ მე-3 ადგილს დასჯერდა მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები, ვინც ორი დღის შემდეგ მე-2 ადგილზე იყო. მან მე-3 დღის პირველივე სპეცმონაკვეთი მოიგო და ლიდერობაც ხელთ იგდო. მაგრამ მომდევნო სპეცზე ბუჩქს დაეჯახა და ლიდერობაც ოჟიეს გადააბარა.
”უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ მაქვს. შესანიშნავი რბოლა იყო, შესანიშნავი სპეცმონაკვეთებით. მაგრამ ბოლო სექტორში მიწაყრილზე გადავიარე და მანქანაზე კონტროლი დავკარგე. სამწუხაროდ, ძრავი ჩამიქვრა, რამაც ბევრი დრო დამაკარგვინა. მაგრამ შედეგით უკმაყოფილო მაინც არ ვარ”, - განაცხადა ოჟიემ, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატებზე თავისი საუკეთესო შედეგი გაიმეორა.
ახალი ზელანდიის რალის საბოლოო შედეგები
| 1. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) | 4:04:09.800 |
| 2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) | +00:02.400 |
| 3. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) | 00:15.200 |
| 4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) | 00:21.300 |
| 5. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) | 00:25.800 |
| 6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) | 03:26.000 |
| 7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) | 06:15.300 |
| 8. იარი კეტომაა (ფინეთი, ფორდი) | 10:19.300 |
| 9. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) | 10:49.800 |
| 10. ქსავიერ პონსი (ესპანეთი, ფორდი) | 11:13.400 |
პილოტთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ლოები - 108 ქულა; 2. იარი-მატი ლატვალა - 72; 3. მიკო ჰირვონენი - 64; 4. სებასტიან ოჟიე - 63; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) - 53; 6. დანიელ სორდო - 34; 7. მეტიუ უილსონი - 30; 8. ჰენინგ სოლბერგი - 24; 9. ფედერიკო ვილაგრა - 22; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) - 14...
კონსტრუქტორთა პირველობა
1. სიტროენ ტოტალ WRT - 156 ქულა; 2. BP-ფორდ აბუ-დაბიWRT - 151; 3. სიტროენ ჯუნიორ ტიმ - 75; 4. შტობარტ VK M-სპორტ ფორდ WRT - 74; 5. მუნჩი’ს ფორდ WRT - 32
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/







