ავტოსპორტი

1:32 | 11.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლატვალა ლიდერობს, ლოები თოვლის გროვას შეეჯახა

შვედეთში სტარტი აიღო რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპმა, რომლის პირველი დღის შემდეგაც, რბოლას სათავეში ფინელი იარი-მატი ლატვალა მოექცა. დათოვლილ გზებზე სკანდინავიელი პილოტები ყველაზე სწრაფები არიან - ჯერჯერობით, პირველი ოთხეული სწორედ მათ ხელშია. ლატვალა 16.8 წამს უგებს თავის ყოფილ თანაგუნდელს, ფინელ მიკო ჰირვონენს, მესამეზე კი ნორვეგიელი პეტერ სოლბერგია.

ლიდერს ორ წუთზე მეტით ჩამორჩება მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები, რომელიც მეშვიდე სპეცმონაკვეთზე თოვლის გროვას შეეჯახა და დრო დაკარგა. უფრო ადრე, ის ათი წამით დააჯარიმეს, რადგან სტარტზე გასვლა დაუგვიანდა.

აღსანიშნავია, რომ რბოლის წინ, რალის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, საკვალიფიკაციო ვარჯიში ჩატარდა, რომელზეც ყველაზე სწრაფი ლატვალა იყო. რბოლის პირველ დღეს კი, მან და სოლბერგმა ორ-ორი სპეცმონაკვეთი მოიგეს. აღსანიშნავია, რომ პირველ ექვსეულში, „ფორდ ფიესტათი“ მოასპარეზე ხუთ ეკიპაჟს უკავია ადგილი.

რაც შეეხება კვალიფიკაციას, ის პილოტებს მათთვის სასურველი სასტარტო პოზიციის არჩევის საშუალებას აძლევს. როგორც გამარჯვებულმა, ლატვალამ რბოლის მოგვიანებით დაწყება ამჯობინა, რათა დისტანციაზე მის წინ გამოსულებს, დათოვლილი გზა დაეტკეპნათ და მისი მანქანის საბურავებს გზასთან უკეთესი ჩაჭიდება ჰქონოდა.

„ხვალ მაღალ ტემპში რბოლას ვაპირებ და საჭიროა, რომ ყურადღებით ვიყო, რადგან რბილ გზაზე სიჩქარის დაკარგვა და შეცდომის დაშვება ადვილია“, - განაცხადა ლატვალამ, რომელიც სამი სპეცმონაკვეთის შემდეგ ლიდერი იყო, მაგრამ შემდეგ ჰირვონენი დაწინაურდა. და მაინც, „ფორდის“ პილოტმა შეძლო ლიდერობის დაბრუნება.

რბოლას გამოეთიშა ესპანელი დანი სორდო, რომლის „მინისაც“ ძრავი დაუზიანდა.

 

შვედეთის რალი. პირველი დღე

1. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი)                  1:23:50.800

2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი)                     +00:16.800

3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)                     00:18.600

4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი)                        00:32.300

5. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი)                        01:12.100

6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)                    01:48.500

7. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი)          02:08.900

8. პატრიკ სანდელი (შვედეთი, მინი)                           02:18.800

9. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                          02:26.900

10. ეივინდ ბრიუნილდსენი (ნორვეგია, ფორდი)      02:59.800

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://autopanoramaf1.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171366