საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) ბელგიის ქალაქ ლომელში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მიხეილ ჩოხელმა (73 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შავდათუაშვილმა ექვსი შეხვედრა მოიგო. საჩემპიონო გზას უნგრელი მარტინ ვეგვარის წმინდად ძლევით შეუყვა. ჩეხ იაკუბ იეჩმინეკს ვაზარით გასცდა, ჰოლანდიელ ხუნიორ დეგენს წუთნახევარში ყველანაირი ილეთი შეუსრულა, სერბ ილია ციგანოვიჩს ორი იუკო აკმარა, ებრაელ ტარ ფლიკერს ერთ წუთში მოუმთავრა საქმე. ფინალში კი სლოვენიელ ანდრაზ ჟერებს წყვილი იუკოთი აჯობა.
მიხეილ ჩოხელი ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან გამოეთიშა, უკრაინის სახელით მოჭიდავე რუფატ მაგომედოვთან ვაზარით წაგებით. იქამდე სამი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა: თურქი ილკერ გულდურენი იპონით, სერბი იოვან ნისკანოვიჩი ორი იოკოთი, ხოლო ებრაელი საგი მუკი ვაზარით. რეპეშაჟის ფინალში კიდევ ერთ ებრაელს, ტოვერ ზაკეიმს დაეჭიდა და ვაზარ-იუკოთი გაუსწორდა.
სწორედ ზაკეიმმა დატოვა სამეულს მიღმა 73 კილოგრამში მოჭიდავე მეორე ქართველი ფრიდონ გიგანი, რეპეშაჟის ნახევარფინალში ძლევით. არადა ეს შეხვედრა რომ საპირისპირო შედეგით დასრულებულიყო, “ბრინჯაოს ფინალში” ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები დაუპირისპირდებოდნენ. ძირითად ბადეში გიგანმა სამი შეხვედრის ჩატარება მოასწრო. პორტუგალიელ ნუნო სარაივას და იტალიელ მასიმილიანო კაროლოს დამარცხების შემდეგ, მეოთხედფინალში რუს ვლადიმირ ზოლოევთან წააგო.
ოთარ არჩუაძე (66 კგ) ევროტატამზე ერთადერთხელ გავიდა – ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და უკრაინელ ანტონ ჩეტვარიკთან წმინდად დამარცხდა. 81 კილოგრამში მოჭიდავე ქართველებმა – ბექა რატიანმა და შალვა ნინიძემ მეოთხედფინალს ვერ უწიეს და დამამშვიდებელ ეტაპზე გადართვის შანსიც არ მიეცათ.
რატიანმა უკრაინელი სერგეი გონჩუკისა და ბოსნიაჰერციგოვინელი ელდინ ომეროვიჩის ძლევის მერე, მერვედფინალში პორტუგალიელ სელიო დიასს ვერაფერი მოუხერხა. ნინიძემ კი დანიელ ბენჟამინ კიელდსენს ვაზარით აჯობა და გერმანელ დომინიკ რესელთან ორი გაფრთხილებით დამარცხდა.
დღესვე მედლები გოგონათა სამ წონით კატეგორიაში: 57, 63 და 70 კილოგრამებში გათამაშდა. საქართველოს დროშის ქვეშ სოფიო ბერიძემ (57 კგ) და თეა სუხიტაშვილმა (70 კგ) იჭიდავეს, მაგრამ მხოლოდ თითოჯერ. ბერიძე ხორვატ ანა კოზეკასთან დაიჩაგრა, სუხიტაშვილი – მომავალ ჩემპიონთან, ავსტრიელ ბერნადეტ გრაფთან.
ჩემპიონატის დასკვნით დღეს – 18 სექტემბერს ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა 90, 100 და +100 და გოგონათა 78 და +78 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით ტატამზე გავლენ: გიორგი მერმანიშვილი, გიორგი ქავთარაძე (90 კგ), ელგუჯა ბიბილაშვილი, გიორგი ცნობილაძე (100 კგ), უშანგი კოკაური, ლევან მატიაშვილი (+100 კგ) და ელენე ქებაძე (+78 კგ).
ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
ახალგაზრდები
ლომელი, ბელგია
ვაჟები
66 კგ
1 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
2 ანდრაზ სერეჟი (სლოვენია)
3 ანტონ ჩეტვერიკი (უკრაინა)
3 ენრიკო პარლატი (იტალია)
73 კგ
1 რუფატ მაგომედოვი (უკრაინა)
2 მაქს სტიუარტი (ბრიტანეთი)
3 მიხეილ ჩოხელი (საქართველო)
3 საგი მუკი (ისრაელი)
81 კგ
1 ჰასან ხანმურზაევი (რუსეთი)
2 მაქს მუენსტერბერგი (გერმანია)
3 ალბერტ კოსტოევი (რუსეთი)
3 კრიშტიან ტოთი (უნგრეთი)
გოგონები
57 კგ
1 ტუგბა ზეჰირი (თურქეთი)
2 სანე ვერჰაგენი (ჰოლანდია)
3 ემა ბარკელინგი (შვედეთი)
3 ფაბიან კოჩერი (შვეიცარია)
63 კგ
1 მარგო პინო (საფრანგეთი)
2 ლეონორა ჯემე ლი (ჰოლანდია)
3 ბუსრა კატიპოღლუ (თურქეთი)
3 ჰამილა მოჰამედ-სეგირი (პოლონეთი)
70 კგ
1 ბერნადეტ გრაფი (ავსტრია)
2 ნიკოლინ ალბერტსი (ჰოლანდია)
3 ლოლა მანსური (ბელგია)
3 ბარბარა მატიჩი (ხორვატია)
ოთარ მაღლაკელიძე







