საქართველოს საკალათბურთო პლეი ოფის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა რომ დგინდებოდეს, საკუთარ ხმას დაუფიქრებლად ლაშა ფარღალავას მივცემდი. ჩემი არგუმენტის დასაცავად სტატისტიკას მოვიშველიებ. ნახევარფინალურ სერიასა და მესამე ადგილისთვის გამართულ 6 მატჩში “არმიის” უკანახაზელმა 6 შეხვედრაში 134 ქულა (!) გააკეთა და “ბათუმთან” დაპირისპირებისას მუხლის ტრავმა რომ არ მიეღო, რის გამოც ლაშამ ძირითადი დროის დასკვნითი წუთები და ორივე ოვერტაიმი გამოტოვა, ფარღალავას საქულე მონაგარი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდებოდა. ლაშას მესამე ადგილისთვის ჩატარებული მატჩის შემდეგ შევხვდი, ბრინჯაოს მედლის მოპოვება მივულოცე და რამდენიმე კითხვა დავუსვი.
- დასასრულს მიუახლოვდა 23-ე ეროვნული ჩემპიონატი. რა შეფასებას მისცემთ წლევანდელ პირველობას?
- ცუდია, შარშანდელთან შედარებით ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა რომ შემცირდა. ამის გამო ახალგაზრდა კალათბურთელების ნაწილი უგუნდოდ დარჩა. ამასთან გასულ წელს მეტი რაოდენობის ლეგიონერიც იყო. წლეულს კი 6-7 გუნდი დაახლოებით თანაბარი ძალისანი, თანაბრად დაკომპლექტებული იყო, რის გამოც დაძაბულობამ იმატა. ყველაზე ძლიერი შემადგენლობა “დინამოს” ჰყავს და შედეგიც სახეზეა – ხოშტარიას გუნდს ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
- საკუთარი გუნდის თამაშით და შედეგით კმაყოფილი ხართ?
- ჩემი აზრით, “არმია” ფინალში თამაშს იმსახურებდა. პლეი ოფის ნახევარფინალში დაშვებული შეცდომები “ქუთაისმა” არ გვაპატია. ქუთაისელები კოლექტიური თამაშით გამოირჩევიან, ჩვენ წინააღმდეგ დიდი მონდომებით იასპარეზეს და მათი ფინალში გასვლა გუნდური ასპარეზობის დამსახურებაა.
- საკუთარ თამაშზე არაფერი გითქვამთ...
- ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. ჩემთვის არ არსებობს მეორეხარისხოვანი მატჩები. წვრთნისას, ორმხრივი თამაშის დროსაც ენერგიას ბოლომდე ვხარჯავ და ვცდილობ შესაძლებლობები სრულად გამოვავლინო. მოჭარბებული ენერგია ბუნებრივად მაქვს, ამასთან ვარჯიში მიყვარს და ვცდილობ, საკალათბურთო ელემენტების შესრულება დავხვეწო. ამის მაგალითი შორეული ტყორცნებია, რომელთა სიზუსტე წვრთნის შედეგია.
- კალათბურთის მოყვარულებს თავი უპირველესად “სოხუმის” შემადგენლობაში გამოსვლით დაამახსოვრეთ. როგორ გაიხსენებდით ამ კოლექტივში გამოსვლის პერიოდს?
- უპირველესად იმას მოგახსენებთ, რომ “სოხუმის” კალათბურთელებს გმირებად ვთვლი. კლუბის ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა ვაჟკაცურად იბრძოლა და 3 ტურნირის ფინალში გავიდა, ერთი კი მოიგო. სოხუმელთა რიგებში ჩემ გამოსვლას რაც შეეხება, იმ პერიოდს ჩემი საკალათბურთო კარიერის მარგალიტად მოვიხსენიებდი. ადრეული ასაკიდან ამ კლუბში ვთამაშობდი, რამდენიმე მოთამაშესთან ერთად ბავშვობიდან ერთად მოვდიოდი. ამერიკის კოლეჯიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ევროპულ კალათბურთზე “გადართვაში” ვაჟა კვარაცხელია ძალიან დამეხმარა. საინტერესო იყო “სოხუმის” ბალტიისპირელ მწვრთნელებთან, ლატვიელ აინარს ბაგატსკისსა და ლიტველ რიმვიდას სამულენასთან მუშაობაც. ლატვიელთა ეროვნული გუნდის ამჟამინდელი დამრიგებელი ბაგატსკისი მეუბნებოდა, ასაკის მომატებასთან ერთად გამოცდილებასაც შეივსებ და უკეთ ითამაშებო.
- ქართულ სუპერლიგას რეგულარული პირველობის მეორე წრის მსვლელობისას, ირანიდან დაუბრუნდით. რას გვეტყვით სპარსელთა საკალათბურთო ჩემპიონატსა და იქ თქვენ გამოსვლაზე?
- სეზონის წინ “ოლიმპის” შემადგენლობაში ვემზადებოდი. გუნდის მწვრთნელი, ჩემი მეგობარი დავით თორთლაძე თამაშის აწყობას ჩემზე და რიჩარდ მათიაშვილზე აპირებდა. ამ დროს ირანიდან მოწვევა მივიღე და თორთლაძემ აზიისკენ გზა დამილოცა. ამისთვის მას მადლობას ვუხდი. ირანში საკალათბურთო აგენტ აიდინ დიანატის მეშვეობით მოვხვდი. ეს პიროვნება ნიკა ცქიტიშვილის აგენტიცაა. “სკიტა” “მაჰრამში” თამაშობდა და გუნდთან ერთად დასავლეთ აზიის ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა. ჩემი კლუბი კუნძულ კეშმის “ესტეღლალი” იყო. გუნდი ახალი შექმნილია (მწვრთნელად სერბი სპეციალისტი ივან კოლევიჩი გვყავდა) და მიუხედავად იმისა, მერვე ადგილზე რომ გავედით, პლეი ოფში გამოსვლის უფლება არ გვქონია. ირანში ინდივიდუალური კალათბურთი მოსწონთ. აქცენტს ლეგიონერებზე, ძირითადად ამერიკელებზე აკეთებენ. იქ ჩასვლისას პროფაილი არ მქონდა, პრაქტიკულად არავინ მიცნობდა. ასეთ დროს ერთი მატჩის სუსტად ჩატარებაც კი შესაძლოა გუნდის დატოვების ფასად დაგიჯდეს. გუნდში “პირველი ჩამგდები” ვიყავი. ერთ შეხვედრაში 42 ქულა დავაგროვე, ჩემმა საშუალო შედეგიანობამ კი 20 შეადგინა. საბოლოოდ ირანის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად დამასახელეს. ამჯერადაც რამდენიმე ირანული კლუბი მეპატიჟება და სავარაუდოდ კარიერას იქ გავაგრძელებ. პირადად მე არჩევანი ევროპასა და აზიას შორის რომ მქონდეს, აღმოსავლეთში თამაშს მივანიჭებ უპირატესობას.
- სანაკრებო თემას გვერდს ვერ ავუვლით. ჩემი აზრით, ეროვნულ გუნდში თამაშს იმსახურებთ...
- 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო საკითხზე ჟურნალისტები არ დამლაპარაკებიან. მაშინ თავის გამოჩენის კარგი შანსი მომეცა, რაც სათანადოდ ვერ გამოვიყენე. მობილიზება დამაკლდა, ერთხელ ფორმა დამრჩა სასტუმროში, მეორედ ბოტასები. შეცდომები რომ არ დამეშვა, ნაკრების შემადგენლობიდან არ გამომიყვანდნენ. თუკი სანაკრებო შანსი კიდევ ერთხელ მომეცემა, მეტი პასუხისმგებლობით მივუდგები საქმეს. ნაკრების ახალგაზრდა კანდიდატებს კი მეტი შრომისკენ მსურს მოვუწოდო.
- თქვენი აზრით, ჩვენი ეროვნული ჩემპიონატიდან რომელი კალათბურთელები იმსახურებენ ნაკრებში თამაშს?
- ლევან ცეკვავა, ბექა წივწივაძე, ლევან ფაცაცია ეროვნულ გუნდში დაძახებას იმსახურებენ. წლეულს თავი სხვებმაც გამოიჩინეს და ისინიც იმსახურებენ მწვრთნელთა ყურადღებას. ჩემი აზრით, გიორგი ცინცაძესთან ერთად, გამთამაშებლის პოზიციაზე ნაკრებისთვის სათანადო სამსახურის გაწევა კიდევ კარგა ხნის განმავლობაში შეეძლება ლაშა გამყრელიძეს. “დინამოს” გამთამაშებელი აუცილებლად უნდა დააბრუნონ ეროვნულ გუნდში. ნიკა ცქიტიშვილს რაც შეეხება, მას ქართული კალათბურთის ისტორიაში ადგილი დამკვიდრებული აქვს, დანარჩენი მწვრთნელების გადასაწყვეტია.
- ევროპის მომავალი ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების შანსზე რას გვეტყვით?
- ჩეხეთი, უნგრეთი და პორტუგალია ხელწამოსაკრავი გუნდები არ არიან, მაგრამ თუკი ჩვენებმა ევრო2015-ის საგზური ვერ მოიპოვეს, ნაკრების წევრებს კალათბურთის თამაში უნდა ავუკრძალოთ. ამ ნახევრადხუმრობით გაკეთებული კატეგორიული განცხადებისკენ ქართველი კალათბურთელების სათამაშო დონე, გამოცდილება და კლასი მიბიძგებს. პირადად მე ყოველთვის მეამაყებოდა მათ გვერდიგვერდ თამაში.