ფეხბურთი

19:29 | 6.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ჯაფარიძე: “შეკრებაზე პირველი თამაშის ჩატარება ყოველთვის მიძნელდება”

 

მოლდოვური “ტირასპოლის” ახალწვეულმა ლაშა ჯაფარიძემ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდში ადაპტაცია გაიარა და არსებული პირობებით ძალიან კმაყოფილია. ჯაფარიძე “ტირასპოლში” რუსთავის “მეტალურგიდან” გადავიდა და ამჟამად, გუნდთან ერთად თურქეთში ემზადება. 

- ქართულ გუნდებსა და “ტირასპოლს” ერთმანეთს როგორ შეადარებთ?

 - “ტირასპოლი” ძალიან კარგი დონის გუნდია, რომელიც კარგ ფეხბურთს აჩვენებს. რა თქმა უნდა, ჩემპიონატებს ჯერ ვერ შევადარებ, რადგან მოლდოვაში ჯერ არც ერთი ოფიციალური მატჩი ჩაგვიტარებია. შემიძლია დავამატო, რომ “ტირასპოლს” სავარჯიშოდ საუცხოო პირობები აქვს, როგორიც მგონი არსად მინახავს.

- ბიჭებთან ურთიერთობა უკვე ააწყვე?

- რა თქმა უნდა. აქ ყველა კარგი ადამიანია.

- როგორ მიიჩნევ, შენი ამპლუის ფეხბურთელს რა თვისებები უნდა ჰქონდეს?

- პირველ ყოვლისა, დაცვაში თამაში უნდა იცოდეს, ხოლო შემდეგ – შეტევაში ჩართვა. გარდა ამისა, განაპირა მცველს კარგი დამამთავრებელი პასის გაკეთებაც უნდა შეეძლოს. თუ ეს თვისებები ექნება, მოთამაშე თავს კარგად გამოავლენს.

 - მიმდინარე შეკრებაზე უკვე ორი მატჩი ჩაატარეთ და ორივე ერთნაირი ანგარიშით დასრულდა. რომელ მეტოქესთან უფრო გაგიჭირდათ და გამარჯვებისთვის რა დაგაკლდათ?

- ჩვეულებისამებრ, შეკრებაზე პირველი თამაშის ჩატარება ყოველთვის მიძნელდება. მეორე მხრივ, “გურნიკი” ძლიერი გუნდია, რომელსაც პოლონეთის ჩემპიონატში მე-2 ადგილი უკავია. ჩვენც კარგი გუნდი გვყავს, რომელმაც განვლილ მატჩში არცთუ ცუდად ითამაშა. ჩემი აზრით, მეორე მატჩი უფრო რთული და საინტერესო იყო. რა თქმა უნდა, უსიამოვნოა, როდესაც მატჩში ლიდერობ და შემდეგ გამარჯვებას ხელიდან უშვებ. შესაძლოა, კონცენტრაცია არ გვეყო. ის ფაქტიც, რომ გუნდს ახალი მოთამაშეები ჰყავს და მოედანზე ურთიერთგაგება გვჭირდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვართ და ყველაფერი ისე მიდის როგორც საჭიროა.

0.11103