ვეტერანი ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში არსებულ კონკურენციას არ უფრთხის და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე სათამაშოდ ყველა ღონეს ხმარობს.
“სულელი არ ვარ და ვხვდები, რომ ნაკრებში ჩემს პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. ახალგაზრდები ჩემს შესაცვლელად მზად არიან. მნიშვნელობა არ აქვს, რა ასაკში ხარ, მთავარია, კარგი თამაში აჩვენო. სხვების შემყურე, ფორმიდან უფრო ამოვარდები. მთავარი მწვრთნელი ყოველთვის ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ფეხბურთელი 17 წლისაა თუ 35 წლის. ამის მოსმენა ძალზე სასიამოვნოა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. ამ გამოწვევის მისაღებად მზად ვარ.
ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 103 მატჩი ბრაზილიაში თამაშის გარანტიას არ იძლევა. ასე რომ ვფიქრობდე, მუნდიალის დროს რომელიმე პლიაჟზე ვიქნებოდი წამოწოლილი”, - განუცხადა ლამპარდმა ბრიტანელ ჟურნალისტებს.