მორიგი იმერული დერბი ფეხბურთის ქომაგებში გარკვეული ინტრიგის აღმძვრელი გახლდათ. ჯერ იყო და სატურნირო ცხრილში ერთიმეორის მეზობლად მყოფი გუნდების დაპირისპირება ყოველთვის დაძაბულად მიმდინარეობს. მეორე ის გახლავთ, რომ პირველ წრეში "სამტრედია" ფინანსურად უფრო ძლიერი მეტოქე "ეროსი მანჯგალაძეზე" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ახლა კი კრიზისს დაძლეულ "ტორპედოსთან" სამტრედიელები ამაღლებული და საბრძოლო განწყობით იყვნენ ჩამოსულნი. მათ, გასულ ტურში ბოლო წამებზე გამოგლიჯეს გამარჯება ცხინვალის "სპარტაკს", თანაც მათი მოტივაცია ისიც იყო, რომ დაემტკიცებინათ - პირველ წრეში ქუთათურებთან საშინაო გამარჯვება შემთხვევითობა არ გახლდათ. განწყობა, წესით, არც ტორპედოელებს უნდა ჰქონოდათ ურიგო. გია გიგატაძის ხელმძღვანელობით გუნდი წარმატებით თამაშობს, რისი დასტურიც გახლავთ რუსთავიდან წამოღებული ქულა და საშინაო გამარჯვება "ზესტაფონთან”.
ერთი სიტყვით, მიუხედავად ყველაფრისა"~ტორპედო" მაინც ფავორიტი იყო. ტრადიციულად, "ცენტრალურზე" მაყურებელთა საკმაო რაოდენობამ მოიყარა თავი. შეხვედრაც ძალიან კარგი საცქერი გამოდგა, მისი ერთადერთი ნაკლი ის გახლდათ, რომ მაყურებლებმა გოლი ვერ იხილეს.
შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო. ორივე გუნდი შეეცადა მოედნის შუაგულის დაპატრონებას. "ტორპედო" ფავორიტის სტატუსით თამაშობდა და ბუნებრივია, ქუთათურებს აქცენტი შეტევაზე ჰქონდათ გაკეთებული. რაც შეეხება სტუმრებს, მათ ე.წ. "მეორე ნომრად" თამაში გადაწყვიტეს. ისინი ხშირ შემთხვევაში პრესინგს მიმართავდნენ და მოწინააღმდეგეებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. საჭიროების შემთხვევაში კი სამტრედიელები სწრაფ და გააზრებულ კონტრშეტევებსაც გვთავაზობდნენ. მატჩის დებიუტშივე, სტუმრებს კაკალაძის მეთაურობით კარში დარტყმის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა, მიხეილს სამიზნემ უმტყუნა. ამის საპასუხოდ, ქუთათურებმაც დაარტყეს ძაგანიას კარის მიმართულებით, მაგრამ სიზუსტე ჩიკვილაძესაც დააკლდა.
მალე რიონისპირელთა კართან ჩომახიძის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ არეულობა შეიქმნა, რაც სამტრედიელებს შეეძლოთ გამოეყენებინათ, მაგრამ ვიდრე ისინი სიტუაციაში გაერკვეოდნენ "ტორპედოს" კიპერმა სიტუაცია განმუხტა. იქვე ნიკა კვასხვაძემ ითამაშა ფლანგზე კარგად, მისი ჩაწოდების ადრესატი ჩიკვილაძე გახლდათ, რომლის თავური დარტყმა მეტოქის კარს მცირე მანძილით ასცდა სამტრედიელთა კარს.
პირველი რეალური მომენტი ქუთაისელებმა მე-18 წუთზე შექმნეს, როდესაც მეტოქის საჯარიმოში დიღმელაშვილმა ჩააწოდა. ამ შემთხვევაში, ძაგანიამ ბურთი საიმედოდ ვერ მოიგერია, რასაც მის კართან არეულობაც მოჰყვა, დარტყმის საშუალება კი კემუხტაშვილს მიეცა. ახალგაზრდა ტორპედოელის დარტყმულს სამტრედიელთა კართან მხოლოდ კუთხური მოჰყვა. ხუთიოდ წუთში საბანაძეს ჰქონდა მეტოქის კარის დალაშქვრის მცდელობა, მაგრამ ფორვარდმა ზუსტად ვერ დაარტყა. თითქმის მაშინვე სტუმრებმა საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს, რაც ტყემალაძის გარღვევას მოჰყვა. სტანდარტული ტრადიციულად ჩომახიძემ შეასრულა, რომელმაც ჩინებულად კი დაარტყა, მაგრამ მიგინეიშვილმა ლამაზ ნახტომში ბურთი მოიგერია. სულ მალე კი სოსელიამ პირისპირ დატოვა ქუთაისელთა კარის დარაჯთან ჩომახიძე, თუმცა, ასისტენტმა თამაშგარე დააფიქსირა, რასაც სტუმართა ფეხბურთელებისა და ქომაგების პროტესტი მოჰყვა, თუმცა, რასაკვირველია უშედეგო.
ცოტა ხანში, უკვე მასპინძლები დაემუქრნენ საჯარიმო დარტყმით მეტოქის კარს, მაგრამ ნიკა კვასხვაძის უძლიერესი დარტყმა ძაგანიამ ნახტომში უკუაგდო. ნიკას ტაიმის ბოლოსაც ჰქონდა თავის გამოჩენის შანსი, თუმცა, მისი თავური კვლავ ლაშა ძაგანიას ნადავლი გახდა. აქვე იყო კიდევ ერთი დაძაბული მომენტი, როდესაც კვასხვაძის ჩაწოდების შემდეგ, საბანაძეს და ფოფხაძეს შეეძლოთ ეხეირათ, მაგრამ მათ მეტოქის მცველების დაბნეულობით ვერ ისარგებლეს.
მე-2 ტაიმში, წინას მსგავსად, გუნდები მაღალ ტემპში კი თამაშობდნენ, მაგრამ საგოლე მომენტების მხრივ დროის ეს მონაკვეთი მაინც მწირი გამოდგა.
თავდაპირველად, კვასხვაძის მიერ მოწოდებულ კუთხურზე დიღმელაშვილს მიეცა თავურით კარის აღების საშუალება, თუმცა, დათოს დარტყმასაც წინამორბედთა მსგავსად სიზუსტე აკლდა. იმავე წუთს მომენტი თითქმის განმეორდა. კვლავ კვასხვაძის ჩაწოდება და ამჯერად, ლომაშვილმა დაარტყა თავური. გოლი თითქმის გარდაუვალი იყო, მაგრამ ძაგანიას საოცარმა რეაქციამ სტუმრები გოლს გადაარჩინა. მე-60 წუთზე ფლანგზე კვლავ კვასხვაძემ იაქტიურა და ჩააწოდა სამტრედიელთა საჯარიმოში, მაგრამ გივი ჩხეტიანმა და ლომაშვილმა ერთურთს ხელი შეუშალეს და სიტუაციაც განიმუხტა.
რაც შეეხება "სამტრედიას" ფეხბურთელებს, მათ მე-2 ნახევარში მხოლოდ ერთხელ შეძლეს ხიფათის შექმნა, როდესაც ქუთათურთა საჯარიმოს მახვილი კუთხიდან ტყემალაძემ უძლიერესად დაარტყა. მიგინეიშვილმა ბურთი დიდი გაჭირვებით მოიგერია. ყველაზე რეალური შანსი მასპინძლებს მე-80 წუთზე მიეცათ. დიღმელაშვილის მიერ მოწოდებულ კუთხურზე ყველას ჩიკვილაძემ აჯობა, რომლის თავურმა სამტრედიელთა კარის ხარიხა შეაზანზარა. თამაშის ბოლო წუთებში მასპინძლებმა შტურმის მოწყობა სცადეს, მაგრამ საქმე რეალურ ხიფათამდე არ მისულა. "სამტრედია" თავს თავდადებულად და გააზრებულად იცავდა. შესაბამისად, სტუმრებმა პრინციპულ პაექრობაში, ქუთაისიდან მეტად საჭირო ქულა წაიღეს.
გელა სანაია ("სამტრედია"): "ველოდი, რომ ამ მატჩში უპირატესობა მეტოქის მხარეს იქნებოდა. ჩვენ დასახული მიზნის მიღწევა შევძელით, რისთვისაც ბიჭებს მადლობას ვუხდი".
გია გიგატაძე ("ტორპედო"): "დიდ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ფეხბურთში მთავარი გოლის გატანაა, რაც სამწუხაროდ ვერ შევძელით".
27 ოქტომბერი. ქუთაისი. "ცენტრალური". 8000 მაყურებელი
ტორპედო - სამტრედია 0:0
"ტორპედო": მიგინეიშვილი, ფოფხაძე, სევასტი თოდუა, ფარულავა, ჩიკვილაძე, ნიკოლოზ კვასხვაძე (როსტიაშვილი, 80), გიგაური (ლომაშვილი, 46), საბანაძე, კემუხტაშვილი (გივი ჩხეტიანი, 46), დიღმელაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე
"სამტრედია": ძაგანია, ხუმარაშვილი, გოგია, სოსელია, კუპრეიშვილი, ქებაძე, ტყემალაძე (ჩხიკვაძე, 69), პავლიაშვილი (ფურთუხია, 57), ჩომახიძე, დავით კირკიტაძე, კაკალაძე (კვერენჩხილაძე, 85).
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: კუპრეიშვილი (89).
არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი (თბილისი)
ზაზა ლეთოდიანი ქუთაისიდან
fctorpedo.ge-ს ფოტო









