ზედიზედ მეორე დღეა ქუთაისი კალათბურთით ცხოვრობს და სულდგმულობს. სუპერლიგის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი და ქვეყნის თასის მოქმედი მფლობელი “ქუთაისი” მშობლიურ ქალაქს ულამაზეს სანახაობას ჩუქნის. შესაბამისად, ზურაბ საკანდელიძის და ოთარ ქორქიას საკალათბურთო დარბაზში შეკრებილი ქომაგები გულწრფელად და გულმხურვალედ გულშემატკივრობენ საყვარელ გუნდს და ალამაზებენ ამ სანახაობას.
საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალის საპლეიოფო მატჩები “არმიასთან” უაღრესად დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობს. გამონაკლისი არ ყოფილა რიგით მეოთხე შეხვედრაც. სამშაბათს საოცრად დრამატულ პაექრობაში არმიელებმა ოვერტაიმში შეძლეს გადამწყვეტი უპირატესობის მიღწევა და სერიაში დაწინაურება. ქუთათურები რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებდნენ ანგარიშის გასათანაბრებლად ეს ყველასათვის ნათელი იყო, მაგრამ ჩნდებოდა კითხვა, რამდენად შეძლებდა “ქუთაისი” ძალების აღდგენას, თანაც ფსიქოლოგიურად მძიმე მატჩის წაგების შემდეგ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რიონისპირელთაგან რამდენიმე კალათბურთელს ფაქტობრივად დასვენება არ უწევს. რაც შეეხება არმიელებს, ყველასათვის ცნობილია, რომ მათ ეროვნული პირველობის გუნდთაგან, ყველაზე დიდი სკამი გააჩნიათ და ეს უპირატესობა ხშირად გადამწყვეტიც კი გახლავთ.
შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და ეს ყველაფერი გიორგი ჯგერენაიას დამსახურებაა, რომლის ანგარიშზე გახლდათ არმიელთა საწყისი 7 ქულა. ქუთაისელებმა მალევე შეძლეს მეტოქეზე წამოწევა. თავიდან მასპინძლები სამქულიანებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, თუმცა ეს საქმე მაინცდამაინც კარგად არ გამოდიოდათ და მალხაზ კოხრეიძემ საკუთარ გუნდი უფრო სწრაფად აათამაშა და აქცენტი სწრაფ გარღვევებზე გააკეთა. თავის მხრივ მოედანზე სწრაფი და მობილური შემადგენლობა ჰყავდა კოტე ტუღუშსაც, რომელთაგან პირველ ტაიმში ბექა წივწივაძე უნდა გამოვარჩიოთ. ბექამ რამდენიმე მომენტში ურთულესი ტყორცნა ზუსტად შეასრულა. ქუთათურები პირველად წინ 14:13 გავიდნენ, შემდეგ გაზარდეს კიდეც უპირატესობა, მაგრამ პერიოდი მაინც ფრედ 20:20 დასრულდა. ერთიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველ მეოთხედში ქუთაისელთა სასტარტო ხუთეულმა შეუცვლელად ითამაშა.
მეორე მეოთხედში უფრო აქტიურები სტუმრები იყვნენ, რომლებიც ერთი მომენტი 31:24 დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლები მალევე მოეგნენ გონს და მოწინააღმდეგეს გაქცევის საშუალება არ მისცეს. გიგი ბარბაქაძის და აკაკი დვალიშვილის თავგანწირული თამაშის წყალობით, “ქუთაისმა” ტაიმი 34:36 წააგო.
მეორე ტაიმი წინამორბედს ყველანაირი კუთხით აღემატებოდა. მესამე პერიოდი მასპინძელთა აღმაფრენით და დიდებული თამაშით აღინიშნა. მალხაზ კოხრეიძის შეგირდებმა ხუთწუთიან მონაკვეთში 22:6 გაქცევა მოუწყვეს მეტოქეს. ერთი მომენტი დასავლელთა უპირატესობამ 17 ქულასაც კი მიაღწია. მეოთხედი კი მასპინძლებმა 34:18 მოიგეს და გადამწყვეტ პერიოდს 14-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ – 68:54. საწუხაროდ, მესამე პერიოდი, რომელიც ალბათ მთელი პლეი ოფის მშვენება გახლავთ, ვერ აცდა არც თუ ისე სასიამოვნო შემთხვევას. ერთ მომენტში შელაპარაკება მოუვიდათ აკაკი დვალიშვილს და ბექა წივწივაძეს. მათ დავაში ლაშა ფარღალავაც ჩაერთო, თუმცა ორივე გუნდის წევრებმა მალვე განმუხტეს მდგომარეობა და კალათბურთელებს შორის არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ამ დროს რამდენიმე ადამიანმა(მათ გულშემატკივრებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ) დაიწყო სკანდირება უხამსი სიტყვებისა მოწინააღმდეგე გუნდის კალათბურთელების მიმართ, რაც მალევე ჩახშობილ იქნა “ქუთაისის” ფან-კლუბის ხელმძღვანელთა მხრიდან. ასევე მოედანზე ერთ-ერთმა ასეთმა “ქომაგმა” ბოთლიც ისროლა. საბედნიეროდ, ყველაფერი მალევე ჩაცხრა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ინციდენტმა აღმაფრენით მოთამაშე ქუთათურებზე უარყოფითად იმოქმედა. ნამდვილად საწყენი იყო ეს ყველაფერი, რადგანაც იმ საკალათბურთო ზეიმს, რაც კალათბურთელებმა და მრავალრიცხოვანმა ქომაგებმა შექმნეს, ეს ნამდვილად არ ეკადრებოდა.
დასკვნითი მეოთხედი უკვე სტუმართა უპირატესობით წარიმართა. დროის ამ მონაკვეთში ქუთაისელ კალათბურთელებს დაღლა აშკარად დაეტყოთ. ეს არც იყო გასაკვირი, მათგან პარკეტზე მხოლოდ შვიდი კალათბურთელი გამოვიდა. არმიელები ფარღალავას დიდებული და შედეგიანი თამაშის წყალობით წამოეწივნენ მეტოქეს. მას მხარი კარგად აუბეს ბერიშვილმა და შარაბიძემ. მაშინ როცა ანგარიში გახლდათ 73:67 ქუთაისელთა სასარგებლოდ, თბილისელებმა მეტოქეს 10:0 გაქცევა მოუწყვეს და 77:73 დაწინაურდნენ. აქ მასპინძლებმა მართლაც საკუთარ თავს აჯობეს და პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლეს. მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, ქუთათურებმა, საოცარი გულშემატკივრობის ფონზე, ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. მატჩის დაძაბულობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მასპინძელთაგან დიდიას, ხოლო სტუმართაგან ბოისას და შარაბიძეს მოუწიათ ხუთი პერსონალურის გამო მოედნის ნაადრევად დატოვება. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თბილისელთაგან ტრავმა მიიღო ბექა წივწივაძემ, რომელივ მთელი ძალით ვეღარ ეხმარებოდა გუნდს და მატჩის ბოლოს იგი იძულებული გახდა სათადარიგოთა სკამზე გადაენაცვლებინა. დასკვნით ნაწილში უნდა გამოიყოს ახალგაზრდა ლევან გრძელიძის დამაჯერებელი თამაში. მაშინ როცა ტაბლოზე ანგარიში 79:79 იყო, ახალგაზრდა მცველზე ფარღალავა დაჯარიმდა. გრძელიძემ ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა. თბილისელებმა გადამწყვეტი სროლის შესრულება ლაშა ფარღალავას მიანდეს, რომელმაც ცოტა იჩქარა და დაახლოებით 10 მეტრიდან ისროლა არაზუსტად. დედაქალაქელები მაშინვე ავთანდილ ლომინაშვილზე დაჯარიმდნენ, რომელმაც ორიდან ერთი სროლა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში 82:79 დააფიქსირა “ქუთაისის” სასარგებლოდ. დარჩენილი გახლდათ რამდენიმე წამი და ამჯერად ბერიშვილს მიეცა მატჩის ოვერტაიმში გადაყვანის საშუალება, მაგრამ სამქულიანი ვერც მან ჩააგდო. ასხლეტილ ბურთს კი დვალიშვილი დაეუფლა, რასაც საფინალო სირენა მოჰყვა.
ქუთათურთა გამარჯვებას გულშემატკივართა საოცარი ყიჟინა და სიხარულის გამოხატვა მოჰყვა. ქომაგები გუნდს მადლობას უხდიდნენ საოცარი თავდადებისათვის. თავის მხრივ, კალათბურთელებმაც მადლიერება გამოხატეს დარბაზში შეკრებილების მიმართ. მართლაც ამ მატჩის მოგებაში გულშემატკივართა როლი საკმაოდ დიდი იყო. საერთოდ კი მასპინძელთაგან ორმაგი დუბლი გიგი ბარბაქაძემ (20ქ, 10მ) და აკაკი დვალიშვილმა (18ქ,11მ) გაახერხეს. სტუმართაგან ყველაზე შედეგიანი ფარღალავა იყო 25 ქულით, ორმაგი დუბლი კი მხოლოდ შარაბიძის ანგარიშზეა. ამ გუნდების დასკვნითი, მეხუთე პაექრობა თბილისში 17 მაისს გაიმართება.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
www.superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები