განმეორებითი სათასო შეხვედრა ქუთაისში ადგილობრივ კლუბსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კალათბურთელთა კოლექტივს შორის მეტად სანახაობრივი და შედეგიანი გამოდგა. ამ პაექრობისათვის რიონისპირელების მისია იყო, მინიმუმ ოთხი ქულით მაინც დაემარცხებინათ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი. მატჩი გარკვეულ ეტაპამდე გარდამავალი უპირატესობით, მთლიანობაში კი მასპინძელთა დომინირებით მიმდინარეობდა. კალათბურთელთა უმრავლესობამ გვაჩვენა, რომ ჩემპიონატის განახლებისათვის მზად არიან.
მატჩი სტუმართა ამერიკელი ლეგიონერის პერიშ ბრაუნის ორი ზუსტი სროლით დაიწყო და დედაქალაქელები 4:0 დაწინაურდნენ, რასაც მოჰყვა დავით ბარბაქაძის ზუსტი გასროლა სამქულიანიდან და აკაკი დვალიშვილის საშუალო მანძილიდან გააზრებული თამაში. ამის შემდეგ ბოქოლიშვილმა დააწინაურა თბილისელები 6:5, რასაც მეორე მეოთხედის მე-6 წუთამდე ქუთაისელთა უპირატესობა მოჰყვა. პაექრობის პირველი მეოთხედის გმირი იმერთაგან დავით ბარბაქაძე გამოდგა, რომელმაც დროის ამ მონაკვეთში 14 ქულა დააგროვა, აქედან სამჯერ სამქულიანიდან. მას კარგად უბამდა მხარს გიორგი ცეკვავა და აკაკი დვალიშვილი. ტრადიციულად საიმედოდ და მაღალ დონეზე ირჯებოდა ქუთაისელთა აზერბაიჯანელი ლეგიონერი ზაურ ფაშაევი, რომელიც უნარიანად და აზრიანად უძღვებოდა საკუთარი გუნდის შეტევებს, ამასთანავე იგი მაღალი პროცენტით ისროდა საშუალო და შორი მანძილიდანაც. სტუმართაგან პირველი ტაიმის განმავლობაში ყველაზე გამორჩეულები ბრაუნი და ლომოური იყვნენ. ამ უკანასკნელმა სამჯერ ისროლა პირველ ნახევარში სამქულიანიდან ზუსტად. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 28:20 მოიგეს, მეორე პერიოდში კი მათი უპირატესობა 11 ქულას აღწევდა, მაგრამ დედაქალაქელებმა მოწინააღმდეგეს 11:0 გაქცევა მოუწყვეს და 38:36-ზე დაწინაურება მოახერხეს. თბილისელთა კარგ თამაშს მასპინძლებმა ადეკვატური ქმედებით უპასუხეს და მეტოქეს მეოთხედის ბოლომდე 13:0 აჯობეს, საბოლოოდ კი ტაიმი 49:41 მოიგეს.
მესამე მეოთხედი ისევ მასპინძელთა უპირატესობით ჩატარდა. ცეკვავას, გიგი ბარბაქაძის და ფაშაევის ზუსტი და სწრაფი თამაშის წინააღმდეგ სტუმრები ვერაფერს აწყობდნენ. ერთადერთი კალათბურთელი დროის ამ მონაკვეთში, რომელიც მტკიცედ ებრძოდა აღმაფრენით მოთამაშე ქუთათურებს ილია ლონდარიძე იყო. თბილისელთა წინახაზელმა 15 ქულას და 18 მოხსნას მოუყარა თავი და აშკარად თავისი გუნდის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ მასზე მეტი ქულის გაკეთება ჩიკვილაძემაც და ბრაუნმაც მოახერხეს. სტუმართაგან ძალზე სუსტად გამოიყურებოდა სერბი ცენტრალური თავდამსხმელი მილე ილიჩი, რომელმაც მხოლოდ ორი ქულის გაკეთება შეძლო, არადა წესით მისგან ძალიან ბევრს ელოდნენ თბილისური გუნდის მესვეურები. მესამე მეოთხედის შემდეგ კი ტაბლოზე 73:57 ეწერა მასპინძელთა სასარგებლოდ.
შეხვედრის დასკვნით მეოთხედს ინტრიგა ბექა ჩიკვილაძის თამაშმა შესძინა, რომელმაც ზედიზედ სამჯერ გაისროლა სამქულიანის პერიმეტრიდან ზუსტად და ანგარიშში სხვაობა ცხრა ქულამდე დაიყვანა 81:72, მაგრამ მის ამ ჩუბინობას ცეკვავამ უპასუხა ზუსტი სროლებით. თამაშის ეპილოგში რიონისპირელები 10-12 ქულიან უპირატესობას ინარჩუნებდნენ. ერთხელ დედაქალაქელებმა რვა ქულამდეც შეამცირეს სხვაობა და მცირე შანსიც გაიჩინეს, მაგრამ ამ დროს შეხვედრის არბიტრ ზაზა მაჩალაძისაგან “შსს”-ს მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა ტექნიკური ჯარიმა დაიმსახურა და ფაქტობრივად მატჩში ინტრიგა აქ საბოლოოდ “მოკვდა”. მიზეზი ამ ჯარიმისა ის გახლდათ, რომ ბურთისათვის ბრაუნი და ცეკვავა იბრძოდნენ, ბურთთან ახლოს ამერიკელი გახლდათ. მათ ბრძოლაში ბურთმა მოედანი დატოვა და არბიტრმა ბურთი მასპინძლებს დაუტოვა, სტუმართა თავკაცმა კი აღშფოთება ემოციურად გამოხატა, რის გამოც გუნდი დაისაჯა. დარჩენილ დროში თბილისელებს ცდა და ენერგია არ დაუკლიათ, მაგრამ ქუთათურები ზედმიწევნით ზუსტად და შედეგიანად თამაშობდნენ და გამარჯვებაც ალალად დაიმსახურეს.
superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები