ჭიდაობა

23:45 | 7.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლამაზი ბრძოლების და მოსალოდნელი ფინალების დღე

 ბოლო წლებში ტრადიციად იქცა, საქართველოს თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატი, ნაკრების ლიდერების გარეშე ან საგრძნობი დანაკლისით ტარდება. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობები თითქმის ყოველთვის ითხოვდნენ, შიდა კონკურენციაში წონის ლიდერების ჩართვას, მაგრამ სათანადო ცნობით დასაბუთებული თუ სიტყვად თქმული ტრავმების გამო, ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება ვერაფრით ხერხდებოდა. ბევრი გამოცდილი სპორტსმენი შიდა კონკურენციას გვერდიდან ადევნებდა თვალს და ნაკრებში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლას საერთაშორისო ტურნირებით იწყებდა.

გამონაკლისი არც 2012 წლის ჩემპიონატი იყო, რომელმაც ფედერაციის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, რამდენიმე ვარსკვლავი მოისაკლისა. გაგრძელება კი აშკარად სხვაგვარი მოჰყვა – სწორედ საქართველოს პირველობის შედეგებით დაკომპლექტდა ორივე საჭიდაო სტილის ნაკრები, რომლებიც წლევანდელ ევროპირველობაზე გამოვიდნენ, ხოლო ისინი, ვინც შეჯიბრებაზე არ გამოვიდა, შესაბამისად, შემადგენლობის მიღმა დარჩნენ. გამონაკლისი მხოლოდ დავით მარსაგიშვილისთვის დაუშვეს, თუმცა ეს წინასწარვე იყო ცნობილი.

საქართველოს ჩემპიონატის გამოტოვება უკვე ავტომატურად ნიშნავს ევროგანაცხადისკენ მიმავალი გზის მოჭრას და ალბათ ამიტომაც იყო, სპორტკომპლექს “არენაში” დღეს დაწყებულ საქართველოს 2013 წლის ჩემპიონატში შიდა კონკურენციის თითქმის ყველა უმთავრესი კანდიდატი რომ ჩაერთო, მძიმეწონოსან გიორგი საკანდელიძის გარდა. ეს უკანასკნელი მხრის ტრავმის გამო ჯერ სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს.

დღის მთავარი ბრძოლა მოლოდინისამებრ, სწორედ მძიმე წონის ფინალი გამოდგა, რომელშიც ერთმანეთს ევროპის და მსოფლიოს პრიზიორი გენო პეტრიაშვილი და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი დავით მოძმანაშვილი დაუპირისპირდნენ.

დღის დამაგვირგვინებელი ფინალური ბრძოლა საოცრად დაძაბული გამოვიდა – პირველი პერიოდი მეტოქის გაფრთხილებით აღებული ქულის წყალობით პეტრიაშვილმა მოიგო. გადამწყვეტი კი მეორე სამწუთეულის მიწურულს შესრულებული ორი ილეთი აღმოჩნდა, რომელთაც ხანგრძლივი ვიდეოგარჩევები და კამათი მოჰყვა – საფინალო სირენამდე ხუთიოდ წამით ადრე, მოძმანაშვილმა ორქულიანი ილეთი შეასრულა და 2:1 დაწინაურდა, თუმცა იქვე, მეტოქემ კონტრ ილეთზე გამოიჭირა, რომელიც ხალიჩის გარეთ გაყვანით დასრულდა. 2:2 კი ხელს დავით მოძმანაშვილს აძლევდა, თუმცა ვიდრე ბოლო 5 წამი ჩაჭიდავდებოდა, დარბაზში შეკრებილ მაყურებელს მსაჯების საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე დაახლოებით 15 წუთი ლოდინი დასჭირდა. ბევრისთვის გასაკვირად, ფინალის დასრულების შემდეგ გარჩევა და ხმაური არ გაგრძელებულა.

გადამწყვეტ ბრძოლამდე მოძმანაშვილმა გიორგი მეშვილდიშვილი და ლევან გოგრიჭიანი სუფთად დაამარცხა, ხოლო თორნიკე ხიდაშელს 6:0 სძლია. პეტრიაშვილმა კი რომეო ანთია და ტარიელ ლაბაძე ლამის ცალი ხელით ჩამოიშორა.

66 კილოგრამი წონითი კატეგორიაც ნაკრების ორი უმთავრესი კანდიდატის დაჭიდებით დაგვირგვინდა. კონსტანტინე ხაბალაშვილმა ლევან ქელეხსაშვილთან პირველი პერიოდი გაფრთხილების გამო 0:1 წააგო, მაგრამ მცირე შესვენების შემდეგ საგრძნობლად გააქტიურდა და დაძაბულ ბრძოლაში საერთო ანგარიშით 4:3 იმარჯვა. ფინალის გზაზე ხაბალაშვილმა გიორგი გოგრიჭიანი (9:1), მალხაზ ქურდიანი (10:2), შოთა ფანცულაია (7:0) და ომარ გურჯიძე (11:3) დაამარცხა.

55 და 84 კილოგრამებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ნაკრების ლიდერები და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ავიდნენ. თან ისე, რომ მცირე წინაღობასაც კი არც ერთი მეტოქისგან არ წაწყდომიან. უმსუბუქეს წონაში გიორგი ედიშერაშვილმა ნაირ ჰარუთინიანს, ლაშა ტალახაძესა და ბექა ბუჯიაშვილს ერთნაირი ანგარიშით – 7:0 აჯობა.

დავით მარსაგიშვილმაც (84 კგ) ისე მოიგო ტიტული, მოწინააღმდეგეებისთვის არათუ პერიოდი, ერთი ქულაც არ დაუთმია. ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთო და რევაზ ივანიშვილს 8:0-ით გასცდა, მარად ზოიძეს 7:0 აკმარა. ნახევარფინალში გოჩა ლომთათიძეს ზუსტად ერთ წუთში მოუმთავრა საქმე (8:0). გადამწყვეტ ბრძოლაში კი ჭაბუკებს შორის ევროპის პრიზიორ ლევან გოგრიჭიანს 48 წამში აუგროვა 8 ქულა.

ფინალური ბლოკის შეხვედრების დაწყებამდე სპორტკომპლექს “არენაში” საქართველოს ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართა, რომელიც ანსამბლმა “ერისიონმა” გაალამაზა. საკმაოდ ლამაზი და სასიამოვნო სანახავი იყო ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ დაწესებული ჯილდოების გადაცემის ცერემონიაც. სპეციალური პრიზებით ტიტულოვანი ვეტერანი სპორტსმენები მიხეილ სალაძე, ზარიბეგ ბერიაშვილი, გურამ საღარაძე, ვახტანგ ბალავაძე, ლევან თედიაშვილი, ომარ ბლიაძე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები დავით დავითაია, ბიჭიკო შელია, მიხეილ თავართქილაძე და ფოტოკორესპონდენტი ალექსანდრე კოტორაშვილი დააჯილდოვეს.

საქართველოს ჩემპიონატს გერმანიისა და ირანის ჭიდაობის ფედერაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ და მათი რეაქციიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრი იყო, რომ პირველ დღეს ნანახი ჭიდაობით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.

ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დარჩენილ სამ წონაში: 60, 74 და 96 კილოგრამებში გამოვლინდებიან.

 

თავისუფალი ჭიდაობა

საქართველოს ჩემპიონატი

თბილისი

7 დეკემბერი

 

55 კგ

1 გიორგი ედიშერაშვილი (აჭარა)

2 ბექა ბუჯიაშვილი (გორი)

3 ლაშა ტალახაძე (ხაშური)

3 ოთარ გოგავა (ხონი)

 

66 კგ

1 კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)

2 ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური)

3 ზურაბ იაკობაშვილი (ყვარელი)

3 მალხაზ ქურდიანი (ბოლნისი)

 

84 კგ

1 დავით მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა)

2 ლევან გოგრიჭიანი (თბილისი)

3 გოჩა ლომთათიძე (თბილისი)

3 ნოდარ ეგაძე (გორი)

 

120 კგ

1 დავით მოძმანაშვილი (გურჯაანი)

2 გენო პეტრიაშვილი (გორი)

3 ტარიელ ლაბაძე (რუსთავი)

3 გიორგი მეშვილდიშვილი (ონი)

 


 


 


0.19056