დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა და სამინისტროს სხვა პასუხისმგებელმა პირებმა დუშეთში მდებარე ოლიმპიური მზადების ცენტრის ტერიტორია დაათვალიერეს.
მინისტრთან ერთად დუშეთში იმყოფებოდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, პარლამენტის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, ოლიმპური ჩემპიონი გიორგი ასანიძე და ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში კახი კახიაშვილი.
ოლიმპიური მზადების ცენტრში დღეს გაიხსნა ახლადგარემონტებული ძალოსნობის დარბაზი, რომელსაც გიორგი ასანიძის სახელი ეწოდა. დარბაზი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით, რაც საშუალებას მისცემს ქართველ სპორტსმენებს მზადების პროცესში მაქსიმალურად დაიტვირთონ.
გიორგი ასანიძე ძალიან გახარებული იყო ამ ფაქტით, მან მადლობა გადაუხადა სპორტის სამინისტროს და ოლიმპიურ კომიტეტს გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ მისთვის პიროვნულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოლიმპიური მზადების ცენტრში ძალოსნობის დარბაზი მის სახელს ატარებს.
ამ დარბაზის გახსნა სიმბოლურად დაამთხვიეს ქართველი ძალოსნების გაცილებას მსოფლიოს ჩემპიონატზე. შეგახსენებთ, რომ ქართველი ძალოსნები მსოფლიოს ჩემპიონატზე 21 სექტემბერს გაემგზავრებიან, ტურნირი სალიცენზიოა და ქართველი სპორტსმენები ლონდონის ოლიმპიადის საგზურებისთვის იბრძოლებენ. გიორგი ასანიძის განცხადებით, ჯერჯერობით მას წინასწარ პროგნოზებზე საუბარი უჭირს, ვინაიდან საქარველოს ძალოსანთა ნაკრები ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ მან ხაზი გაუსვა სპორტსმენების შემართებას და იმედი გამოთქვა, რომ ქართველები წარმატებულად დაბრუნდებიან სამშობლოში.
ლადო ვარძელაშვილმა ასევე დაათვალიერა დუშეთის სპორტკომპლექსის მთელი მიმდებარე ტერიტორია, იგი დაესწრო იმ ახალი სასტუმროს საძირკველის ჩაყრას, რომელიც ოლიმპიური დატვირთვის იქნება და ერქმევა “ოლიმპიური სახლი”. სასტუმრო 150 კაცზეა გათვლილი და მოემსახურება სპორტსმენებს, ოლიმპიელებს და ოლიმპიურ დელეგაციებს, ანუ ყველას, ვინც მოისურვებს დუშეთის სპორტკომპლექსში მომზადებას.
რაც შეეხება უშუალოდ სპორტკომპლექსს, მისი მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს და საბოლოოდ დასრულებულ სახეს ორი წლის შემდეგ მიიღებს. როგორც სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, დაგეგმილია, ლონდონის ოლიმპიადაზე ქართული ოლიმპიური დელეგაცია დუშეთის სპორტკომპლექსიდან გააცილონ.
დუშეთის სპორტკომპლექსში ასევე აშენდება ტირი, იქნება ორი საფეხბურთო მოედანი - ერთი ხელოვნურსაფარიანი, მეორე ბუნებრივი, რომელსაც ექნება მძლეოსნობის ბილიკები. აუცილებლად გაკეთდება სტენდები მშვილდოსნებისთვის და საცურაო აუზი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სხვადასხვა დარბაზებს, რომლებიც არსებობენ, მაგრამ საჭიროებენ კაპიტალურ რემონტს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სამუშაოები დაგეგმილ ტემპში მიმდინარეობს და იმედოვნებს, რომ ეს სპორტკომპლექსი გათვლილ ვადებში ჩაბარდება.
ეკა ელოშვილი







