სხვა

10:08 | 4.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლადო ვარძელაშვილმა მინისტრის კაბინეტი ჩაიბარა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მუშაობას შეუდგა. სამ ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილ შენობას ესტუმრა და ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი ლადო ვარძელაშვილი მომავალ თანამშრომლებს წარუდგინა.
ოფიციალური შეხვედრა ხუთიოდ წუთში დასრულდა, შემდეგ კი, ვარძელაშვილმა დაიკავა კაბინეტი, რომელიც აქამდე დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დავით ნამგალაურს ეკუთვნოდა. უკვე გადაწყვეტილია, რომ ნამგალაური მინისტრის მოადგილე იქნება, უშუალოდ სპორტის განხრით, სულხან სიბაშვილი კი ახალგაზრდობის სფეროს ჩაიბარებს.
“ნამგალაური და სიბაშვილი ჩემი მოადგილეები იქნებიან. საკადრო ცვლილებები უმნიშვნელო იქნება და მხოლოდ მმართველ ფრთას შეეხება. სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად ადრეც მიმუშავია და მათ მიმართ სასაყვედურო არასოდეს მქონია. მათ უმძიმეს პერიოდში ყველაფერი გააკეთეს ქართული სპორტის წინსვლისთვის, სწორად იმუშავეს და შესაბამისად, სტრუქტურის გადახალისება არ იქნებოდა სწორი ნაბიჯი. დეპარტამენტში აქამდე 30 ადამიანი მუშაობდა. ახლა ეს რაოდენობა გაორმაგდება და კიდევ დაემატება საქვეუწყებო დეპარტამენტის 30-მდე თანამშრომელი”, – განაცხადა ვარძელაშვილმა “მსოფლიო სპორტისთვის” გაკეთებულ კომენტარში.
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს პრიორიტეტებზე ერთხელაც ვკითხეთ.
“საკომიტეტო სხდომებზე უკვე ვისაუბრე პრიორიტეტებზე. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა იქნება. გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა საბავშვო სპორტს. სპორტსმენად ჩამოყალიბებას ბავშვი სკოლის ასაკიდან იწყებს. უნივერსიტეტებში ჩამოყალიბდება სპორტული კლუბები. შესაქმნელია საინფორმაციო ბაზა საქართველოსა და საზღვარგარეთ მყოფ ყველა ქართველ სპორტსმენზე. აქვე, ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხიც მ- მომზადდება კანონი სპორტის შესახებ, რომელსაც პარლამენტში აუცილებლად წარვადგენთ”, – დასძინა ვარძელაშვილმა.
დავით ნამგალაურმა კი შემდეგი კომენტარი გააკეთა: “სპორტი იმხელა სფეროა, რომ ცალკე სამინისტრო სჭირდებოდა. ეს სფერო მეტ ყურადღებასა და ფინანსებს საჭიროებს. დარწმუნებული ვარ, მომავალი წლები ქართული სპორტისთვის ძალიან წარმატებული იქნება”.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089821