ფეხბურთი

15:22 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლადო დვალიშვილი: "საუკეთესო ბომბარდირი არასოდეს გავმხდარვარ და ეგებ, ახლა..."

"საქართველოს ნაკრების მწვრთნელს სურდა, რომ დუბლინში მეთამაშა ირლანდიის წინააღმდეგ, თუმცა ამავე დღეს ჩემპიონატის ბოლო ტური გველის და ვარშავაში დარჩენა მომიწია. ნაკრებს დანიაში შევუერთდები" - უთხრა "ლეგიას" საიტს ლადო დვალიშვილმა, რომელიც ორშაბათს ნაკრებთან ერთად იქნება. 

დღეს პოლონეთის ექსტრაკლასას ბოლო ტური გაიმართება, რომელშიც  "ლეგია" "შლიონსკის" უმასპინძლებს. შეხსენებისთვის, დვალიშვილის გუნდმა დუბლი შეასრულა და ქართველს სრული ტრიუმფისთვის ბომბარდირობა სჭირდება. 

დვალიშვილსა და მის თანაგუნდელ დანიელ ლიუბოიას 12-12 გოლი აქვთ აქტივში, ხოლო "პოდბესკიზეს" სლოვენიელ ფორვარდ დემიანს 13 გაუტანია. 

დვალიშვილი: "ბოლო მატჩში უმოტივაციოდ არ ვარ. საუკეთესო ბომბარდირობა მსურს და ყველაფერს გავაკეთებ, რათა მიზანს მივაღწიო. ბომბარდირი არასოდეს გავმხდარვარ და მინდა, ახლა შევძლო. გუნდში კარგი ატმოსფეროა და გულშემატკივრებიც მხურვალედ გვიდგანან მხარში. დარწმუნებული ვარ, ტრიბუნები გაივსება და ჩვენც ყველანაირად ვეცდებით, რომ ბოლო შეხვედრაში 3 ქულა ავიღოთ".

ლადომ განმარტა, თუ რატომ ვერ იყო ბოლო მატჩისას ოპტიმალურ ფორმაში.

"რამდენიმე დღე ინფექცია მქონდა და ანტიბიოტიკებს ვიყენებდი, რაც, სამწუხაროდ, აისახა ჩემს მზადყოფნაზე. ვიცი, რომ მეტი შემიძლია".

 

 

 

0.118301