ფეხბურთი

16:35 | 15.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლადო დვალიშვილი: “ცრუმორწმუნე არ ვარ”

 

ლადო დვალიშვილმა, რომელმაც დანიურ “ოდენსესთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კლუბის ვებგვერდთან საუბარში აღნიშნა, რომ ცრუმორწმუნე არაა და 13-ნომრიან მაისურს მისთვის წარმატება მოაქვს. ქართველს ჯერ დანიაში სამუშაო ვიზა არ მიუღია, ხოლო ხუთშაბათს კლუბის ბაზაზე მისულს არ უვარჯიშია და მხოლოდ ახალ თანაგუნდელებს მიესალმა.

ლადო დვალიშვილი: “პირველი შთაბეჭდილება ძალიან კარგია. აქ ყოფნით ბედნიერი და რაც ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს დავეხმარო. ახლა მოუთმენლად ველის სამუშაო ვიზის მიღებას, რომ სხვებთან ერთად ვივარჯიშო და ვითამაშო”.

მისი თქმით, კლუბის ფანების გადასაწყვეტია ვლადიმერს დაუძახებენ თუ ლადოს:

“ლადო საქართველოში ვლადიმერის შემოკლებული ფორმაა. სტადიონზე თავად ფანატებმა უნდა გადაწყვიტონ რა დამიძახონ. მე გოლების გატანაზე ვარ კონცენტრირებული და მათ თავად უნდა გაარკვიონ ჩემი სახელი როგორ გამოთქვან”.

ქართველმა ფორვარდმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის 13 “თარსი” რიცხვი არაა:

“ზოგიერთი ამბობს, რომ 13 წარუმატებელი რიცხვია. ცრუმორწმუნე არ ვარ და ეს ნომერი იმიტომ ავიღე, რომ თავისუფალი იყო. შესაძლოა, ზოგიერთისთვის ამ რიცხვს წარუმატებლობა მოაქვს, მაგრამ არა ჩემთვის. მე თავდამსხმელი ვარ და შეტევების დაგვირგვინება ვიცი. თუმცა, საკუთარ თავზე ბევრს ვერ ვისაუბრებ. ძალიან გამეხარდება, რომ სხვებმა შეაფასონ თუ რა შემიძლია”.

 დვალიშვილს “ოდენსეში” გადასვლამდე აზრი თავის მეგობარ გიორგი ფოფხაძესთვის უკითახავს, რომელსაც “ვიბორგში” უთამაშია:

“გიორგი ფოფხაძესთან, რომელიც “ვიბორგში” თამაშობდა ვმეგობრობ და როდესაც “ოდენსედან” დამიკავშირდნენ, მას რჩევა ვკითხე. მან მითხრა, რომ “ოდენსე” ჩემთვის კარგი კლუბი იქნებოდა. ასევე, კარგად ვიცნობ დავით დევდარიანს, რომელთან ერთად ბავშობაში მითამაშია. აქედან გამომდინარე, სკანდინავიურ მენტალიტეტსა და საფეხბურთო კულტურაზე ცოტა რამ ვიცი”. 

მან აღნიშნა, რომ ახალ გარემოსა და კულტურას ადვილად ეგუება:

“ჩემთვის ახალ გარემოსთან და კულტურასთან შეგუება ადვილია. ორწელიწადნახევარი პოლონეთში გავატარე, მანამდე ისრაელში ვთამაშობდი. ახლა მოუთმენლად ველოდები საკუთარი თავი დანიურ ფეხბურთში მოვსინჯო. მინდა გამოვცადო ის კარგი რამ, რაც დანიურ ფეხბურთსა და “ოდენსეს” შესახებ შევიტყვე. იმედი მაქვს, რომ მართლაც კარგი ატმოსფერო იქნება და გულშემატკივრები მხარს დამიჭერენ”. 

0.116415