ბოლნისის “სიონის” გენერალური დირექტორის ლადო ბურდულის თქმით (მთავარი მწვრთნელის ფუნქციასაც ითავსებს), მის გუნდს გარიგებული თამაში არასოდეს ჩაუტარებია. მან ისიც აღნიშნა, რომ უეფას რეპორტის შესახებ ჯერ კიდევ შარშან იცოდა. მისი განცხადებით, რაც კლუბში მუშაობს, იმ პერიოდის განმავლობაში რეპორტში გასულ წელს “სიონსა” და ბათუმის “დინამოს” შორის ჩატარებული მატჩია შესული. თუმცა, ბურდული ამას აბსურდულად მიიჩნევს, რადგან მაშინ “სიონი” ლიგაში დასარჩენად იბრძოდა და შესაბამისად, “დინამოსთვის” თამაშის “მიცემა” არავითარ გონივრულ კონტექსტში არ ჯდება.
“ყველას კარგად მოეხსენება, რომ “სიონში” გენერალურ დირექტორად 2013 წლის ივნისიდან დავინიშნე. ჩემი მუშაობის პერიოდიდან უეფას რეპორტში ერთი თამაში მოხვდა. დანარჩენი მატჩები წინა წლებისაა. თუმცა, რადგან წინა ხელმძღვანელობის მემკვიდრეები ვართ, ფული უნდა გადავიხადოთ. სამწუხარო ისაა, რომ ზუსტი დამადასტურებელი არგუმენტები არ მოუყვანიათ. ვიღაცამ რაღაც ფსონი დადო აზიის ტოტალიზატორში, ამის გამო, მთელი გუნდი რატომ უნდა დაისაჯოს. ხელს ვერც წინამორბედებისკენ გავიშვერ. ნახონ ვინ სად გადარიცხა ფული, რა ფსონი დაიდო, მერე საქართველოში საიდან გადმოირიცხა. კლუბში ჩემი მისვლის დღიდან არავისთან გავრიგებულვართ. ბოლო პერიოდში საუბრობდნენ, რომ “ჩიხურასთან” თასზე “გაცვლითი” თამაში ჩავატარეთ და საჩხერლებს ვალი ჩემპიონატში უნდა დაებრუნებინათ. ასევე, ამბობდნენ, რომ “დინამომ” ზედა ექვსეულში შეგვიყვანა და ჩვენ მერე 6 ქულა უნდა მიგვეცა. თუმცა, ორი დღის წინ დავამტკიცეთ ამ საუბრის უსაფუძვლობა. რაც შეეხება ბათუმის “დინამოსთან” მატჩს, ისე გამოდის, რომ ჩვენ ბათუმელებს თამაში “მივეცით”, რომ თავად გავარდნილიყავით. მოვითხოვთ, რომ ყოველგვარი აპელაციის გარეშე სამართალდამცავებმა დაიწყონ კონკრეტული ფაქტების გამოძიება და უეფას რეპორტიც დაიხმარონ” – განაცხადა ბურდულმა.
აქვე გეტყვით, რომ სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარის ჯიმშერ ტყებუჩავას განცხადებით, უეფას რეპორტში მოხვედრილ მატჩებში ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი, წუთების მიხედვით, მაგრამ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. შეგახსენებთ, რომ უეფას მიერ შედგენილი თაღლითური ფსონების ამოცნობის ანგარიშში 2010-2013 წლებში “სიონი” 5-ჯერ მოხვდა და ამის გამო, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 25000 ლარით დააჯარიმა.