3 ივლისს 21:00 საათზე ბოლნისის "სიონი" "მიხეილ მესხზე" ალბანური ვლიორის "ფლამურტარის" უმასპინძლებს. როგორც იცით, ეს ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის I მატჩია, საპასუხო კი 10 ივლისს გაიმართება.
დღეს "სიონისა" და "ფლამურტარის" მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს:
ერნესტ ჯიოკა ("ფლამურტარის" თავკაცი): - საქართველოში პირველად ვართ. შთაბეჭდილებები მხოლოდ დადებითია, ლამაზი ქალაქია. "ფლამურტარი" ჯერ შესწავლის პროცესშია, ევროტურნირებზე გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის. გეგმებს ვაწყობთ, ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ, დანარჩენი კი ხვალ საღამოს გამოჩნდება.
- სატრანსფერო ბაზარზე რამდენად იაქტიურა კლუბმა და რა იმედებით ხვდება გუნდი მატჩს?
- ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზე გავედით და თასი ავიღეთ. კლუბს ახალი, თურქი მფლობელი ჰყავს, რომელსაც ამბიციური გეგმები აქვს. ვეცდებით, ევროტურნირებზე კარგად გამოვიდეთ.
ლადო ბურდული ("სიონის" გენერალური დირექტორი და მთავარი მწვრთნელი): - მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ. ახლა წუწუნის დრო არაა და ვეცდებით, პირველივე თამაშში ჰანდიკაპი მოვიპოვოთ. ვისურვებდი, რომ სტადიონზე გულშემატკივრები მრავლად მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ. მეტოქეს რაც შეეხება, წილისყრისას 5 სავარაუდო მეტოქიდან ყველაზე სასურველი სწორედ "ფლამურტარი" ჩანდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკვე გასულები ვართ. სრული კონცენტრაცია გვმართებს. 2003 წელს თბილისის 'დინამოში" თამაშისას, შინ 3:0 მოვუგეთ ალბანურ "ტირანას", იქ კი 0:3 წავაგეთ და პენალტებში გავვარდით. საკმაოდ კარგი "დინამო" იყო. იმის თქმა მსურს, რომ ალბანეთში თამაში ჯოჯოხეთურად რთულია.
- მეტოქის მატჩის ვიდეოფირს ნახავდით.
- ვნახეთ თასის ფინალი, რომელიც "ფლამურტარიმ" 1:0 მოიგო. ხისტი, მებრძოლი გუნდია. ჩემმა კოლეგამ არ თქვა, მაგრამ ვიცი, რომ ბრაზილიელი მცველი (დუგლასი) და ჰოლანდიელი ფორვარდი (ნასირ მააჩი) დაიმატეს. ვეცდებით, ჩვენი თამაში მოვახვიოთ მეტოქეს.
- "სიონში" ბევრი ფეხბურთელია, რომლებსაც ევროტურნირებზე თამაშის საკმაო გამოცდილება აქვთ. ეს რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება?
- ასეთ მატჩებში გამოცდილება ბევრს ნიშნავს. გვყავს 30-ს გადაცილებული ფეხბურთელები, რომლებსაც დასაკარგი არაფერი აქვთ, ლაღად თამაშობენ და იმედია, ახალგაზრდებიც კარგად აუბამენ მხარს.
- ტრავმას ხომ არ უჩივის რომელიმე ფეხბურთელი?
- ალეკო გოგობერიშვილს აწუხებს ტრავმა და 90 პროცენტით, ვერ ითამაშებს. თუ ოდნავი შანსი მაინც ექნება, გოგობერიშვილი ისეთი მებრძოლი ფეხბურთელია, რომ მინდორზე გავა.
- ალბანეთში იქნება?
- დიახ. ალბანეთში მატჩამდე აუცილებლად მომჯობინდება.
- გასულ სეზონში "სიონს" თავდამსხმელის პრობლემა ჰქონდა. ამჯერად?
- ვაპირებდით გიორგი ქვილითაიასა და ბაჩანა არაბულის გადმოყვანას, მაგრამ ვერ მოხერხდა. დავიმატეთ ვილი ისიანი, უფრო სწორედ, დავიბრუნეთ. ისიანმა ბოლოს "გურიაში" ითამაშა და კარგად წარმოაჩინა თავი. დიდი იმედი გვაქვს ჯაბა უგულავასი და ასევე, გიორგი ადამიასი. ასე რომ, ვერ ვიტყვი, რომ ამჯერად განსაკუთრებით გვიჭირს თავდასხმაში.
- "სიონის" ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა?
- ყველა ხედავს, ევროტურნირების წინ ვინ როგორ დაგვეხმარა... საბედნიეროდ, ავიაკომპანია "აირზენამ" დიდი საქმე გაგვიკეთა: ალბანეთში ჩარტერით გვამგზავრებს. ეს შვებაა თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ სტამბულში უნდა გადავფრენილიყავით და მერე ტირანაში, საიდანაც ქალაქ ვლიორამდე 150 კილომეტრია. დიდი მადლობა "აირზენას" პრეზიდენტ თამაზ გაიაშვილს. კარგია, რომ ასეთი ადამიანები ინტერესდებიან ქართული ფეხბურთით. ვეცდებით, ღირსეული თამაშით დავამტკიცოთ, რომ წასაშლელი გუნდი არ ვართ. შესაძლებლობების 80 პროცენტს თუ ვაჩვენებთ, მჯერა, "ფლამურტარი" ვერ შეგვაჩერებს და გავალთ შემდეგ ეტაპზე.
პრესკონფერენციას "სიონის" მარჯვენა მცველი დაჩი ფოფხაძეც ესწრებოდა:
"მეტოქის თამაშს ვუყურეთ და საკმაოდ ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. მე ვიტყოდი, რასაც ველოდით, იმაზე კარგი გუნდია. ყველანაირად ვეცდებით, რომ დადებითი შედეგი ვაჩვენოთ და ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს. კარგად შეკრული გუნდი ვართ და პასუხისმგებლობა გათავისებული გვაქვს".
"სიონი" 8-წლიანი შესვენების შემდეგ გავიდა ევროტურნირებზე: 8 წლის წინ ბოლნისელებმა ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანული "ბაკის" ბარიერი გადალახეს (2:0, 0;1), შემდეგ კი ბულგარულ "ლევსკისთან" გავარდნენ (0:2, 0:2).
შეგახსენებთ, თუ "სიონი" "ფლამურტარის" გამოთიშავს, II ეტაპზე მისი მეტოქე რუმინული "პეტროლული" იქნება.