იტალიის სერია A-ში მონაწილე 3 ფეხბურთელი გარიგებული მატჩების ორგანიზებისთვის მკაცრად დაისაჯა. პაულო ვიტორ ბარეტო, ჯოვანი მარკეზე და დავიდე ლანძაფამე 2009-2010 წლების სეზონში “ბარიში” ასპარეზობდნენ და სერია B-ს რამდენიმე მატჩის ჩაწყობაში მიიღეს მონაწილეობა.
ბარეტო, რომელიც დღეს “ტორინოს” საკუთრებაა, 3 თვე და 10 დღე ვერ შეძლებს საფეხბურთო მოედანზე გასვლას. გარდა ამისა, 10 ათასი ევროს გადახდაც მოუწევს. ანალოგიურად დაისაჯა “ჯენოას” მცველი მარკეზეც. რაც შეეხება ლანძაფამეს, მისი სასჯელი ყველაზე მძიმეა – იტალიელი მოედანს 16 თვით დაემშვიდობა და ჯარიმის სახით, 40 ათას ევროსაც გადაიხდის.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში, “ბარის” ყოფილი მეკარე ჟან-ფრანსუა ჟიიეც დაისჯება. სასამართლო მის საქმეს რამდენიმე კვირაში განიხილავს.