საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთათვის მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატი დასრულებულია. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედლები რამდენიმე საათში უნდა გათამაშდეს, მაგრამ ქართველის გარეშე. ბეგი დარჩიას შვიდეულის ყველაზე ტიტულოვანი წევრი მანუჩარ კვირკველია სეზონის უმთავრეს ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშა.
მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი სეზონის უმთავრეს ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო და ფინელ ჰენრი ესკო ვალიმაკის მოუგო, მაგრამ მერვედფინალში ხორვატ ნევენ ზუგაჟთან ვეღარას გახდა. ფინალში გასვლა ვერც ზუგაჟმა შეძლო და შესაბამისად, კვირკველიამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა.
შეგახსენებთ, მანუჩარ კვირკველია მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატსაც მეორე შეხვედრიდან დაემშვიდობა და მისთვის დაუძლეველი ბარიერი მაშინაც ხორვატი ნევენ ზუგაჟი აღმოჩნდა.
ოთარ მაღლაკელიძე







