“ნიუ იორკ ნიქსის” ფორვარდი კარმელო ენტონი და “ჰიუსტონ როკიტსის” მცველი ჯეიმს ჰარდენი გასული კვირის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს.
ენტონის მეთაურობით ნიუ იორკელებმა ოთხიდან სამი მატჩი მოიგეს, კარმელო კი საშუალოდ 29.0 ქულას, 5.3 მოხსნას, 4.8 პასს და 2.75 ჩაჭრას აგროვებდა. ჰარდენის წინამძღოლობით, ჰიუსტონელებმა ოთხივე შეხვედრაში იმარჯვეს, მათ შორის, “მაიამისთან”, “ინდიანასთან” და “პორტლენდთან”. ამასთან, ჯეიმსის საშუალო მონაგარი 30.3 ქულა, 6.8 პასი და 2.5 ჩაჭრა იყო.
კვირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას ჯო ჯონსონი (“ბრუკლინი”), ელ ჯეფერსონი (“შარლოტი”), ტაი ლოუსონი (“დენვერი”), დევიდ ლი (“გოლდენ სტეიტი”), მეტ ბარნსი (“კლიპერსი”), ჯოდი მიკსი (“ლეიკერსი”), ლებრონ ჯეიმსი (“მაიამი”), ენტონი დევისი (“ნიუ ორლეანი”), ჯერალდ გრინი (“ფინიქსი”), კაილ ლოური (“ტორონტო”) და ტრევორ არიზა (“ვაშინგტონი”) აცხადებდნენ.